კლასიკური ორცხობილა “ყურები” შეგიძლიათ სახლშიც მარტივად მოამზადოთ. ლილია ცვიტმა მოიფიქრა, როგორ გაეხადა ეს ნამცხვარი კიდევ უფრო მიმზიდველი და გემოთიც საინტერესო. რეცეპტი მარტივია, მაგრამ ძალიან წარმატებული. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – სწორედ ამ რეცეპტს გიზიარებთ!
ორცხობილა “ყურები”
როგორც წესი, ამ ორცხობილას მოსამზადებლად საჭიროა კარაქი, კვერცხი და ფქვილი. თუმცა, შესაძლებელია ამ ნამცხვრის მოდერნიზება, რაც ოსტატურად მოახერხა ლილია ცვიტმა. უკრაინელმა ბლოგერმა გააზიარა ორცხობილას რეცეპტი, რომელიც ხაჭოს გამოყენებით მზადდება. გამოდის კიდევ უფრო ჰაეროვანი დელიკატესი, რომელიც ფაქტიურად დნება პირში. აუცილებლად მოგეწონებათ!
ინგრედიენტები
- 300 გრამი ხაჭო;
- 150 გრ კარაქი;
- 200-250 გრ ხორბლის ფქვილი;
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი;
- 4 ს.კ. შაქარი;
- 1 ჩ.კ ვანილის შაქარი.
მომზადების წესი
1. უმჯობესია გამოიყენოთ შინაურული ხაჭო. შეგიძლიათ იგი ბაზარში შეიძინოთ. მოათავსეთ პროდუქტი ღრმა თასში და კოვზით აზილეთ.
2. შემდეგ ხაჭოს გამდნარი კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მნიშვნელოვანია, რომ ხაჭო იყოს ოთახის ტემპერატურის, კარაქი კი – არ იყოს ცხელი. შედეგად, ერთგვაროვანი ხაჭო-კარაქის მასა უნდა მიიღოთ.
3. თასში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ ელასტიური რბილი ცომი. ცომი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე – 10-15 წუთის განმავლობაში.
4. შემდეგ, სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ და ცომი მასზე გადმოიტანეთ. გააბრტყელეთ მართკუთხა ფენად, რომლის სისქე დაახლოებით 0,5 სმ იქნება. შემდეგ ცომს მოაყარეთ ორი სახის შაქარი, რომელიც წინასწარ უნდა შეურიოთ ერთმანეთს. შაქრის რაოდენობა შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენი სურვილისამებრ, რადგან თავად ცომში შაქარი საერთოდ არ არის.
5. შემდეგ ცომი ორივე მხრიდან რულეტებად დაახვიეთ და მართკუთხედის შუა ნაწილში შეაერთეთ. მიღებული ორმაგი რულეტი დაახლოებით 1 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად დაჭერით. სწორედ ეს იქნება ორცხობილების ფორმა.
6. საცხობ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი ჩაფინეთ და ორცხობილები ერთმანეთისგან საკმარის მანძილზე დაალაგეთ. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე. “ყურები“ სათანადოდ უნდა დაიბრაწოს!
ორცხობილა “ყურები”: რჩევა რედაქციისგან
გამოცხობის შემდეგ ორცხობილას აცადეთ, რომ ცოტა გაცივდეს. სუფრასთან ცხელ მდგომარეობაში ნუ მიიტანთ! გირჩევთ, რომ შაქრის ნარევს ცოტაოდენი დარიჩინი დაამატოთ. ასე, “ყურები” უფრო არომატული გამოვა.
ექსპერიმენტისთვის, შეგიძლიათ ორცხობილებს ქოქოსის ფანტელები ან დაჭრილი თხილი მოაყაროთ. გამოდგება ასევე შოკოლადიც. ამით ორცხობილას გემო მხოლოდ გაუმჯობესდება! გემრიელად მიირთვით!