ისინი მინდორში სეირნობდნენ. მზე თითქმის ზენიტში იყო, მაგრამ მსუბუქი ნიავი სეირნობას თითქმის სრულყოფილს ხდიდა.
-ეს ის ადგილია, სადაც დავიბადე და გავიზარდე, – შეაჯამა დიმიტრიმ თავისი ამბავი. – მოგწონს?
-როგორ გითხრა, მთლიანობაში მომწონს, – თავი დაუქნია ელენემ. – თუმცა შენ იცი, რომ მე უფრო ქალაქელი გოგო ვარ.
-არაფერია. ბუნება ასეთია – ჩვენ ყოველ ზაფხულს ჩამოვალთ აქ, სამ წელიწადში კი შენ თვითონ მოგინდება მოსვლა!
ელენე არ შეკამათებია. მას ნამდვილად არ მოუნდება აქ ჩამოსვლა. იმიტომ რომ ეს სოფელია, ნამდვილი სოფელი, სადაც ალბათ მხოლოდ უქმეების გასატარებლად უნდა ჩამოხვიდე. და მორჩა. მაგრამ თუ სოფელი სახლიდან სამას კილომეტრში მდებარეობს, საჭიროა კი აქ ჩამოსვლა?
უფრო ახლოსაც არის ბევრად უკეთესი ადგილები.
ოთხი წლის შემდეგ
-ელენე, რატომ ხარ უხასიათოდ? წამოდი ჩემთან ერთად! ზაფხული, სახლი, სოფელი, სუფთა ჰაერი, საკუთარი ხილი და კენკრა.
-დიმა, სამი თვის ბავშვი გვყავს. რა სოფელი? ქალაქშიც მიჭირს.
-იქ უფრო ადვილი იქნება!
-არ იქნება. არსად არ წამოვალ. შენ თვითონ წადი.
ქმარმა ამოიოხრა. ამ სიურპრიზს დიდ ხანს ამზადებდა! მაგრამ ცოლის სიჯიუტის გამო მოგვიანებით მოუწევს ამ ყველაფრის თქმა. ეჰ!
მეორე დღეს ელენემ ხელში აყვანილ შვილთან ერთად გააცილა ქმარი სოფელში, თავის მშობლებთან.
მან ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ რით დასრულდებოდა ეს მოგზაურობა!
8 დღის შემდეგ
ძილში ელენემ კარის გაღების ხმა გაიგო, მაგრამ საწოლიდან ადგომა არც უფიქრია.
ბავშვი მთელი ღამე ტიროდა და დედამ მხოლოდ დილით მოახერხა დაძინება.
ქმარი დიდხანს ხმაურობდა აბაზანასა და სამზარეულოში და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა საძინებელში.
-ელენე, არ გძინავს?
-დიმა, მძინავს. ბავშვი რომ გაიღვიძებს, აჭამე და მერე სასეირნოდ წაიყვანე.
-შენთვის სიურპრიზი მაქვს!
-მოდი, მერე იყოს, კარგი? საერთოდ არ ვარ ფორმაში.
მხოლოდ საღამოს, როცა ელენე გონს მოვიდა და ბავშვი სიდედრმა წაიყვანა, დიმამ შეძლო, რომ სიურპრიზის შესახებ ესაუბრა.
-მოკლედ, სახლი უნდა ავაშენოთ. სოფელში საკუთარი ბუდე გვექნება! ასე რომ, სუფთა ჰაერით უზრუნველყოფილი ვიქნებით.
-რა სახლი? ხიდან გადმოვარდი? სად?
-ჩვეულებრივი სახლი. დიდი. ჩემს სოფელში. ადრე მინდოდა მეთქვა, მაგრამ არ გამომივიდა.
-დიმა, შენ ჩემთვის რჩევაც არ გიკითხავს და უკვე ყველაფერი გააკეთე? ეს რას ნიშნავს? სახლზე აქამდე არაფერი გითქვამს!
-რა უნდა მეკითხა? სოფლის იპოთეკა ჩემს მშობლებზეა გაცემული. ფულიც მათ შეიტანეს, ჩვენ მხოლოდ სესხს გადავიხდით.
-ჩვენ? არა, ჩვენ არ გადავიხდით – დაღლილობა გაუქრა ელენეს და ახლა უკვე ძალიან გაბრაზდა. -არავითარი სახლი! არავითარი სოფლის სახლის იპოთეკა!
-ეს შენი გადასაწყვეტი არ არის, – დიმიტრიმ პირდაპირ შეხედა ცოლს თვალებში. – ფული ჩემია.
-ფული ჩვენია, დიმა. სოფელში ყოფნისას ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩვენ ისევ ცოლ-ქმარი ვართ?
-მაგრამ ჯერ-ჯერობით ფულს მხოლოდ მე გამოვიმუშავებ.
ელენეს უცებ თვალი შეუთამაშდა, მაგრამ მან სწრაფად ჩაახშო სურვილი, რომელიც მას გაუჩნდა.
ნელა და რაც შეიძლება მშვიდად წარმოსთქვა:
-დიმა, გონს მოდი! ჩვენ არ შეგვიძლია ამ ბინის და სახლის იპოთეკის ერთდროულად გადახდა! უნდა ვიცხოვროთ კიდეც და ბავშვიც გვყავს გასაზრდელი!
-ძალიან კარგად შევძლებთ ყველაფერს – მუშაობას დაიწყებ და ეგ იქნება.
-მინიმუმ ერთ წელიწადში! მანამდე კი სახლის გამო ბავშვი შიმშილით უნდა მოვკლათ?
-არა. ყველაფერი კარგად იქნება!
-დიმა, მართლა არ გესმის, რაში ებმები? სახლი ბინიდან 300 კმ-ში! და შენ 50 წლის არ ხარ, რომ სოფელში გადახვიდე საცხოვრებლად.
-ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ ყველაფერი, – გაიმეორა ქმარმა კიდევ ერთხელ.
-მე არაფერი გადამიწყვეტია.
-ჩვენ უკვე ყველაფერი გადავწყვიტეთ, ელენე! შეწყვიტე ამ თემაზე ლაპარაკი! – ქმარი გაღიზიანებული იყო იმით, რომ ელენემ სიურპრიზი არ მოუწონა.
-კარგად დაფიქრდი, დიმა? – ჰკითხა ცოლმა ზეწოლით.
-ძალიან კარგად.
ელენემ მხრები აიჩეჩა:
-მაშინ ამის შემდეგ საერთო ბიუჯეტი აღარ გვქნება.
-რა? ხუმრობ?
-ესე იგი, შენ იხდი ბინის იპოთეკის ნახევარს და სრულად უზრუნველყოფ ბავშვს. იპოთეკის ნახევარს ვიხდი მე და ვარჩენ საკუთარ თავს. სახლის გადახდები, რა თქმა უნდა, შენია.
-ჯერ ერთი, არავითარი ცალკე ბიუჯეტი არ იქნება! მეორეც, მე რატომ უნდა ვარჩინო ბავშვი?
-კანონის მიხედვით. ან ალიმენტი ხომ არ მოვითხოვო? სამსახურში გაოცდებიან, რომ დიმამ თავის ამჟამინდელ მეუღლეს ალიმენტი უნდა გადაუხადოს.
-მაშანტაჟებ? მე ამას არ წამოვეგები!
-მაშინ განქორწინება, დიმა. იმიტომ, რომ მე არ მომიცია ჩვენი ბიუჯეტიდან სოფლის სახლის იპოთეკის გადახდაზე თანხმობა! ამ შემთხვევაში ნამდვილად მოგიწევს ალიმენტის გადახდა. და მე ამ სახლში დავრჩები საცხოვრებლად.
-კი, რა თქმა უნდა! კიდევ რა გინდა! ეს ჩვენი ბინაა!
-დაფიქრდი! აქ ცხოვრების უფლებას თუ არ მომცემ, მაშინ სასამართლო, გარდა ალიმენტისა, ქირის ფულსაც დაგაკისრებს ჩემთვის და ბავშვისთვის. ამასთან, ბინის იპოთეკაც გექნება გადასახდელი და სოფლის სახლის იპოთეკაც.
დიმიტრი ცოლს უყურებდა, როგორც ყველაზე საშინელ მტერს. ამასობაში ელენემ განაგრძო:
-დანაზოგიც შუაზე უნდა გავიყოთ. ასე რომ, დაფიქრდი: გჭირდება სახლი მშობლიურ სოფელში ამ ყველაფრის ფასად?
-ამით ვერ შემაშინებ!
-მე არც ვაპირებდი. რა გადაწყვიტე?
-სახლს ავაშენებ! – დიმიტრიმ ხელი ჰაერში გაიქნია. – და შენ ამას ვერ გადამაფიქრებინებ!
ელენემ ამოისუნთქა:
-კარგი, რადგან გადავწყვიტე, ასე იყოს.
ექვსი თვის შემდეგ
ელენე დედას დაემშვიდობა, ბინის კარი მიხურა, სწრაფად დაწერა შეტყობინება და ისევ შვილს შეხედა.
უკვე დიდია.
მამამისი კი პირიქითაა – ვერაფრით ვერ გაიზარდა.
დიმამ გვიან საღამოს დარეკა.
-ელენე, გაგიჟდი?
-რატომ? – ქალი უკვე სამზარეულოში იყო და ლაპარაკი შეეძლო. – მე დაგეხმარები. ხომ გინდა, რომ დაასრულო შენი სახლის მშენებლობა.
-შენ საკუთარ თავზე ფიქრობ!
-მე ჩვენს შვილზე ვფიქრობ.
-ბანკი არასოდეს დაგიმტკიცებს ამხელა თანხას.
-ეს შენი პრობლემა არ არის. შენ მითხარი – კი თუ არა. დანარჩენს კი მე თვითონ გადავწყვეტ.
წუთიანი დუმილის შემდეგ ტელეფონში ხმა გაისმა:
-კარგი, მაგრამ ყველაფერი სწრაფად უნდა გაკეთდეს.
-შევთანხმდით.
ელენემ მაშინვე დაურეკა დედას:
-დარეკა? – მაშინვე უპასუხა დედამ.
-დიახ! თანახმაა!
-ელენე, – ამოისუნთქა დედამ. – დარწმუნებული ხარ იმაში, რასაც აკეთებ?
-დიახ. დედა. მე ასე მინდა და ასე იქნება.
სამი თვის შემდეგ ბინა და მასზე არსებული დავალიანება მთლიანად გადაეცა ელენეს.
მან მაშინვე გადაიხადა ვალის ნაწილი სამშობიარო კაპიტალით.
ბინაში დიმიტრის წილის ღირებულება – ალიმენტის ვალდებულებებში ჩაითვალა.
ახლა ელენე კვირაში 6 დღე სამსახურშია, ხოლო მისი მშობლები შვილს უვლიან.
ვერ ვიტყვით, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, ელენე თავს ბედნიერად თვლიდა, მაგრამ ცხადია, რომ მისთვის ცხოვრება უფრო გაადვილდა.
ის არასოდეს დაინტერესებულა, თუ როგორ მიდიოდა სახლის მშენებლობა მისი ყოფილი ქმრის მშობლიურ სოფელში. ახლა მას აქვს ბინა, შვილი და იპოთეკა. მერე რა იქნება, ამას დრო უჩვენებს…