მამაკაცების თვალით დანახული 9 ტიპის ქალი ანუ რომელი ტიპი ხარ შენ?

41

ალბათ თითოეულ თქვენგანს ბევრჯერ უჭორავია მამაკაცებზე. მე ძალიან (ზედმეტადაც კი) ხშირად ვხვდები ქალურ “კონსილიუმებზე”, სადაც მთავარი თემა მამაკაცია, მამაკაცთა მოდგმის რომელიმე კონკრეტული წარმომადგენელი, ან ზოგადად, კაცები. თუმცა რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე, გამერკვია კაცებიც თუ საუბრობენ ქალების შესახებ და საერთოდ, როგორ ახასიათებენ თავიანთ ნაცნობ/მეგობარ/საყვარელ ქალბატონებს.
გამოვკითხე ჩემი საკმაოდ მრავალრიცხოვანი მამრი ნაცნობ-მეგობრები და აღმოვაჩინე, რომ თურმე მათი განხილვის მთავარი თემაც ქალია (სპორტის შემდეგ). მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ ჩემი “რესპოდენტების” დიდი ნაწილი ბოლომდე არ იხსნებოდა (ერთ-ერთი თავზეხელაღებული მექალთანე გამომიტყდა კიდეც, რომ ამ თემაზე ჩემთან ჩვეული კაცური “ტერმინოლოგიით” საუბარი ეუხერხულებოდა), თემა ოდნავ შევცვალე და ქალების რამდენიმე კატეგორია ჩამოვაყალიბე, შემდეგ კი მამაკაცებს ვთხოვე საკუთარ ნაცნობებში ასეთი ქალები მოეძებნათ და დაეხასიათებინათ. მაშ ასე, ქალების ტიპები მამაკაცთა თვალთახედვით:

1. კაცთმოძულე ფემინისტი
წარმატებული ქალი, რომელიც რაღაც მიზეზის გამო “დაბოღმილია მთლიანად მამაკაცთა მოდგმაზე”, ფიქრობს, რომ მამაკაცები უაღრესად პრიმიტიული არსებები არიან და ამას არც მალავს მათთან საუბრისას.

“ჩემი ყოფილი მენეჯერი იყო ასეთი. რომ მახსენდება, ახლაც ჟრუანტელი მივლის. 32 წლის იყო და ალბათ ჯერ კიდევ ქალიშვილი. არასდროს კაცთან ერთად არ დამინახავს.”
“განქორწინების შემდეგ შექმნა ორგანიზაცია, რომელიც ქალთა უფლებებს “იცავს”, სინამდვილეში კი მამაკაცებს ებრძვის. მგონი, ფიქრობს, რომ ყველა კაცი თავის ყოფილ ქმარს ჰგავს და მთელ მამრობით სქესზე უნდა შურისძიება.”
“ვიცნობ ასეთს, თუმცა მასთან ურთიერთობის სურვილი არასდროს მქონია, მირჩევნია თავი მისგან შორს დავიჭირო. ზედმეტად მოსაწყენია ჩემთვის ასეთი ქალი.”

2. სასოწარკვეთილი დიასახლისი
ქალი, რომელიც ყველაფერზე წავა, ოღონდ კაცი “გამოიჭიროს”. ასეთი ქალები ძირითადად შუახნის ასაკში არიან და პანიკურად ეშინიათ მარტოობის.

“ჩემს ძმას ჰყავდა ერთი წლის წინ ასეთი ქალი. მასზე 10 წლით უფროსი იყო და გამოცდილებით “დააბა”. როცა დაშორება მოინდომა, იმანაც მაშინ გამოაჩინა ბრჭყალები. ძლივს მოიშორა, ბოლოს უკვე ჩარევაზე ვფიქრობდი, მაგრამ გადამაფიქრებინა.”

3. სექსპლოატატორი
ამ ტიპის ქალებისთვის სულერთია შენი გრძნობები, მისი ერთადერთი მიზანია შენგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. გირეკავს მხოლოდ მაშინ, როცა თვითონ უნდა. როგორც კი სერიოზულ თემაზე დაიწყებ ლაპარაკს, მაშინვე სახლიდან გაგდებს. არ მალავს, რომ შენგან მხოლოდ სექსი სჭირდება, მეტი არაფერი.

“სიმართლე გითხრა, ასეთი ქალი არასდროს მყოლია. ერთი შეხედვით, წინააღმდეგი არ ვიქნებოდი :)”
“არ მქონია ასეთ ქალთან ურთიერთობის ბედნიერება :)”
“არ ვარ დაინტერესებული. არასდროს მექნებოდა ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ სექსით შემოიფარგლება.”

4. მატერიალური გოგონა
მათთვის მამაკაცის მთავარი ღირსება ფულია. არ გაქვს? ვინმე სხვა იპოვე. მათი ვაგინა მილიონ დოლარად არის შეფასებული და თუ ძვირადღირებული საჩუქრებით არ გაანებვრე, ნურაფრის იმედი ნუ გექნება. მათი საყვარელი საქმიანობა სარკეში საკუთარი თავის თვალიერებაა.

“ასეთ ქალს შევხვედრივარ. ზოგადად, ძალიან ხელგაშლილი ვარ და მიყვარს, როცა შემიძლია ადამიანს ვასიამოვნო. თუმცა იმ გოგოსთან ყველაფერი სხვანაირად იყო. როცა მოისურვებდა საყიდლებზე უნდა წამეყვანა, სახლიდან არ გამოდიოდა, თუ ჩემგან არაფერს ელოდა. ბოლოს ჩემი თანდასწრებით თავის დაქალს უთხრა: ხედავ, რა მძღოლი მყავსო?! მას შემდეგ აღარ მინახავს. არა, ლამაზი კი იყო, მაგრამ არც ამდენად.”
“ასეთები ბევრნი არიან. ასეთ ქალებს ძლიერი მამაკაცების საზოგადოებაში იპოვი, განსაკუთრებით პოლიტიკოსების და ბიზნესმენების გვერდით. მათ შორის უზარმაზარი კონკურენციაა. ისინი იცვამენ გამომწვევად (ხშირად უგემოვნოდ), არ გააჩნიათ ინტელექტი, ახასიათებთ გამაღიზიანებელი სიცილი და საუბრის ტონი.”
“- ოო.. 🙂 კი, ვიღაც გამახსენდა!
– მერე? რა მოხდა? ვრცლად, ვრცლად!
– “გავფეილდი”:) მისი ვაგინისკენ დავადექი გზას გულზე გავლით, მაგრამ უსახსრობის გამო ჩავიჭერი. ისიც ვიცი, ვინც იქამდე მივიდა, ახლა მისი ქმარია.”

5. უმანკო მამიკოს გოგო
ასეთი ტიპის გოგონები ყველაზე ხშირი ყოფილა. გოგონა, რომელიც პრინცესას კოშკშია გაზრდილი და მამაკაცს არასდროს შეხებია. გგონიათ იტყუება? სულაც არა, უბრალოდ თავის პრინცს ელოდება.

“ჩემი ყოფილი შეყვარებული – კარგი გოგოა, მაგრამ ადვილად შეამჩნევ, რომ მამაკაცთან არასდროს ჰქონია ურთიერთობა. 5 წლით უფროსი რომ ვყოფილიყავი, ალბათ ცოლად მოვიყვანდი, მაგრამ 5 წლის შემდეგ ალბათ შეიცვლება. რა ვიცი, ისეთი ტიპია, აი, შვილებს რომ გაგიჩენს და საღამოს დაგელოდება, ზედმეტს არაფერს გეტყვის და არაფერში შეგზღუდავს. ვიცი, შენი აზრი ამაზე, ამიტომ აღარ გავაგრძელებ, იქნებ 5 წელიწადში მეც შევიცვალო და ასეთი გოგო აღარ მომეწონოს.”
“ასეთ ქალებზე ალერგია მაქვს, რამდენიმე მეტრის რადიუსში ცემინება მეწყება.”

6. მის სექსუალურობა
ასეთ ქალს მამაკაცები ყოველთვის ამჩნევენ, მისი თითქმის ყველა გოგოს შურს. ის გახსნილია, არ მალავს რა უნდა შენგან და აუცილებლად აღწევს საწადელს. ის არ არის სულელი გოგო, რომელსაც ერთი ჭიქა ღვინით “შეაბამ”, მაგრამ არც განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩევა.

“ასეთ ქალთან მთელი მუღამი შებმაშია. ეს თამაშს ჰგავს. პრობლემა ისაა, რომ როცა თამაშს მორჩები, ყველაფრის ინტერესი გეკარგება.”
“ვიცნობ ასეთს, მაგრამ ურთიერთობა ნამდვილად არ მიცდია. მეზარება, მუღამი არ აქვს, არ ღირს ამდენი ენერგიის და ნერვების ხარჯვად.”

7. საუკეთესო მეგობარი
ასეთი ტიპის ქალებს ძალიან ადვილად ესმით მამაკაცების, კარგად ესმით ურთიერთობები და შეგიძლია ყველა იმ თემაზე ესაუბრო, რაზეც სხვა მამაკაცთან ვერ ილაპარაკებდი.

“- საუკეთესო მეგობარი? პირველი, ვინც მომაფიქრდა, შენ ხარ! 🙂
– ეს შენთვის!
– შეიძლება, მაგრამ მე ასეთს გხედავ. საკუთარ თავს შენ უკეთ იცნობ, მე რაღა უნდა გითხრა, მაგრამ ერთს გეტყვი: თუ ასეთ ქალთან მხოლოდ მეგობრება არ გაკმაყოფილებს და მეტი გინდა, აუცილებლად ურთიერთობის დასაწყისშივე უნდა იზრუნო ამაზე, თორემ მერე უკვე ისე გაყვარებს თავს, რომ ვეღარ გაბედავ მასთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმას. შეიძლება საბოლოოდ დაკარგო.”
“ასეთი ტიპის ქალები ძირითადად არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცებთან მეგობრობენ, რადგან ამ ურთიერთობაში თავიდანვე გამორიცხულია სექსუალური დაძაბულობა.”

8. მის დამოუკიდებლობა
ასეთ ქალს ბევრი საქმე აქვს და ცოტა დრო. თუ მან საკუთარ დატვირთულ ცხოვრებაში შენთვის ადგილი იპოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენში რაღაც განსაკუთრებული დაინახა და რაც შეგიძლია უნდა გააკეთო, რომ ყველაფერი არ გააფუჭო. ასეთი ქალები ფინანსურადაც დამოუკიდებლები არიან. თუ ასეთი ქალი შეგიყვარდა, მოემზადე იმისთვის, რომ მან შესაძლოა ურთიერთობაში დომინანტობა მოისურვოს.

“- ვიცნობ ასეთს, ვიცნობდი. მაშინ 19 წლის ვიყავი, ის კი 27 წლის ძალიან მიმზიდველი, წარმატებული, დამოუკიდებელი ქალი იყო. მისით აღფრთოვანებული ვიყავი. როცა ერთად ვიყავით, ყველაფერი მავიწყდებოდა. მაშინ მეგონა, რომ მიყვარდა, მაგრამ შეიძლება ფიზიკური მიზიდულობა და კომფორტი იყო, მეტი არაფერი.
– ასაკის გამო ფიქრობ ასე?
– არ ვიცი, არა ალბათ, ასაკი არაფერ შუაშია, არც ფული. ასეთი ქალები არსებობენ. ძირითადად კარიერისტები არიან, შეიძლება ძალიან ახალგაზრდა იყოს, მაგრამ ისე აზროვნებდეს, ხომ ხვდები, რაღაც შეცდომას რომ დაუშვებ და არ გეჩხუბება, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის, საკუთარი საქციელის თავადაც შეგრცხვება.
– დედასავით?
– დედას ვერ შევადარებ:) მაგრამ დაახლოებით. მგონი ეგ ჩემი ტიპია, ეგეთ ქალს ახლა რომ შევხვდე, ძალიან ბედნიერს გავხდი, მაშინდელივით არ მოვიქცევი.”
“ვიცნობ ასეთ ქალს. მასთან თანაბარუფლებიანად ვგრძნობ თავს და საკუთარი თავის კონტროლიც შეუძლიათ. მართალია სხვისი კონტროლიც უყვართ, მაგრამ ვფიქრობ, ასეთი ქალები სიამოვნებით ენდობიან ძლიერ მამაკაცს.”

9. მის პოზიტივი
ის ყველას იცნობს, კარგი კომუნიკატორია, ადვილად იჩენს მეგობრებს. არასდროს შეგრცხვება ასეთი ქალი მეგობრებს გააცნო. ყოველთვის მხიარული და პოზიტიურია.

“მყავს ასეთი თანამშრომელი, თუმცა მასთან ურთიერთობის გაბმაზე არც მიფიქრია. შეყვარებული ჰყავს და ძალიან ხშირად აკითხავს. ჩვენც ვიცნობთ იმ ბიჭს. მოკლედ კარგი გოგოა, შეიძლება ზედმეტად ენერგიული, მაგრამ ვინ თქვა, რომ ცუდია ეს?!”
“ვიცნობ ამ ტიპის ქალებს, თუმცა ურთიერთობა არასდროს მქონია. მგონი, უფრო დაბალი ინტელექტის მქონე მამაკაცებთან ურჩევნიათ ურთიერთობა.”
“ამ ტიპის გოგონებთან ძირითადად მეგობრულ ურთიერთობას ვაყალიბებ.”
“აღფრთოვანებული ვარ მისით! მაგარი ტიპია, კარგი ადამიანია და ცოტა ნაკლებად კონსერვატორი რომ იყოს, შეიძლება უფრო სერიოზულ ურთიერთობაზეც დავფიქრებულიყავი და რაღაც გარეგნულ დეტალებზე თვალი დამეხუჭა.”
აი, ასე გოგონებო! ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა ის იყო, რომ ჩემი რესპოდენტების უმრავლესობამ ჩემს ყველაზე გამოკვეთილ ტიპად “საუკეთესო მეგობარი” დაასახელა. ვაღიარებ, შეიძლება ასეცაა, მაგრამ მე საკუთარ თავს სხვა კატეგორიებში უფრო ვხედავ. ასე რომ, სანამ დასკვნას გააკეთებ, თუ როგორ გაფასებენ მამაკაცები, თურმე ჯერ მათ უნდა დაეკითხო.

და ბოლოს, კითხვაზე რომელი ტიპის ქალს მოიყვანდნენ ცოლად, შედეგები ასე გადანაწილდა:[/b]

უმანკო მამიკოს გოგო – 8%
საუკეთესო მეგობარი – 15%
მის დამოუკიდებლობა – 23%
მის სექსუალურობა – 23%
მის პოზიტივი – 31%

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს