კედები, უგები, ბალეტკები – რა შედეგი მოაქვთ მათ სისტემატურ ტარებას

223

კედები, უგები, ბალეტკები ნებისმიერი ახალგაზრდის გარდერობშია. არადა, ამ მოხდენილი დიზაინის ფეხსაცმელს ბევრი პრობლემის მოტანა შეუძლია მოზარდი ორგანიზმისთვის. ამ ერთი შეხედვით მოხერხებულმა ფეხსაცმელმა შეიძლება, მოზარდის ტერფის დეფორმაცია, მომავალში ძვლების ჩამოყალიბების დარღვევა გამოიწვიოს – ასე აფრთხილებს ბრიტანეთის ორთოპედთა ასოციაცია მოსახლეობას. მათ დერმატოლოგები და პედიატრებიც მხარს უჭერენ. მათი მოსაზრებით, ეს ფეხსაცმელები არა მარტო ტერფის დეფორმაციას, წვივის არეში სისხლძარღვების შევიწროვებას და კანის დაავადებებსაც იწვევს.

“თანამედრივე ახალგაზრდებს პრაქტიკულად გაუხდელად აცვიათ ფეხსაცმელი, რომელსაც სინამდვილეში მათი ტერფის დაცვა არ შეუძლია. შედეგად ვიღებთ თაობას, რომელსაც მრავალგვარი დაავადება აწუხებს, – აცხადებს ლონდონის ორთოპედიული კლინიკის ექიმი ემა საპლი, – ყველაზე მეტად გოგონები ზარალდებიან, რადგან ამ მოდური ფეხსაცმლის ძირითადი მომხმარებლები სწორედ ისინი არიან. დღევანდელ გოგონებს ძალიან თხელძირიანი ფეხსაცმელი აცვიათ, რომელიც ტერფს მყარად ვერ იჭერს. ან ძალიან მაღალ ქუსლზე დგანან, რაც ასევე ტერფის არასწორ მდებარეობას განაპირობებს.

კედები
პრაქტიკულად ეს არის თხელ რეზინის ძირზე აგებული ქსოვილის ფაჩუჩი. მათი მთავარი ნაკლი ქუსლის არქონაა. მეტიც, მათ საერთოდ არ გააჩნიათ ძირზე რაიმე სახის რელიეფი. ბრტყელი ძირი ვერ უზრუნველყოფს მიწაზე დარტყმისას ტერფის ამორტიზებას. ეს იმას ნიშნავს, რომ სიარულისას გადადგმული ყოველი ნაბიჯი ხერხემლისთვის მიკროტრავმაა.
არამყარი ზედაპირის გამო ტერფის კუნთები სათანადოდ გამაგრებული არ არის და ამიტომ მუდმივი ზეწოლის ქვეშაა. ეს კი სხვადასხვა დარღვევას იწვევს. შესაბამისად, მთელი სხეულის სიმძიმე ტერფებზე არასწორადაა განაწილებული, რასაც ტკივილი და დეფორმაცია მოჰყვება.
უარეს შემთხვევაში ტერფები შიგნით შედის და ე.წ. ბატიფეხური სიარული იწყება. დროთა განმავლობაში დარღვეული სიარულის მანერა მთელ ორგანიზმზე ახდენს გავლენას. იხრება მუხლები და მენჯის სახსრები. შემდეგ ხერხემლის პრობლემებიც იწყება.

უგები
მისი პრობლემაც სწორი, უქუსლო ძირი და მისგან გამოწვეული რისკებია. ამას ემატება რბილი კალაპოტიც, რომელიც სწრაფად დეფორმირდება ტერფის კონტურის მიხედვით, ქუსლი კი იოლად ტკეპნის ძირს და ნელ-ნელა დაბლა
ეშვება. ამას ბრტყელტერფიანობა და ფეხების ტკივილი მოსდევს.
გარდა ამისა, იმდენად მსუბუქადაა ფეხზე, რომ სიარულისას ფეხის დაძაბვაა საჭირო, რომ ფეხიდან არ გაძვრეს. ამით კვლავ და კვლავ მიკროტრავმებთან მივყავართ.

ბალეტკები
ორთოპედები მას საშიშ ფეხსაცმელთა რეიტინგში პირველ ადგილს ანიჭებენ. მას ყველა ზემოჩამოთვლილი ნაკლიც აქვს და კიდევ ერთი ემატება – არც თასმა აქვს, არც სამაგრი რეზინა და პრაქტიკულად, ფეხით კი არა, პატრონს თითებით “უჭირავს”. ამის გამო
ფეხის თითები მუდმივად დაჭიმულია. შედეგი – თითებისა და სახსრების დეფორმაცია, თითის კოჟრები და მუხლების ტკივილი. დროთა განმავლობაში ასეთი პრობლემატური ფეხის თითების პატრონს ნორმალური ფეხსაცმლის მორგებაც უჭირს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს