5 რამ სამზარეულოში, რომლის სოდით გაწმენდა არ შეიძლება – რჩევები დიასახლისებისთვის

552

ვის არ ასწავლა საზრიანმა ბებიამ მარტივი, ცნობილი პროდუქტების გამოყენება სახლის დასალაგებლად? სოდა, მდოგვის ფხვნილი, სარეცხი საპონი – ამ სამი პროდუქტით მარტივად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მაღაზიაში ნაყიდი ყველაზე ძლიერი ფხვნილის და გელის უმეტესობა. ზოგიერთი ზედაპირი ამ პროდუქტების გამოყენებისას შეიძლება დაზიანდეს. ეს განსაკუთრებით ეხება სოდას, რადგან ზოგიერთი ნივთის გაწმენდა სოდით არავითარ შემთხვევაში შეიძლება.

ჩემმა მეგობარმა სამზარეულო გაარემონტა და ძველი საბჭოური ქურა კერამიკული ქურით ჩაანაცვლა. ჩვეულებისამებრ ქურა სოდით გაწმინდა და ახლახან კრიალა ქურის პანელზე დაინახა თეთრი ნადები, რომელიც ვერაფრით მოაშორა. როცა აცრემლებულმა დამირეკა ვუთხარი, რომ მისი ახალი ქურისთვის სოდა შეუფერებელია. თქვენც მსგავს უსიამოვნებაში რომ არ მოხვდეთ, გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას.

რისი გაწმენდა არ შეიძლება სოდით?

სოდა იყო ერთ-ერთი მთავარი სარეცხი და საწმენდი საშუალება ჩვენი ბებიებისა და დედებისთვის. და არა უმიზეზოდ, რადგან უმკლავდება ჩამჯდარ ლაქებსაც ჭურჭელზე და ქსოვილზე. მაგრამ მაღალი აბრაზიულობის გამო საკვები სოდა დამღუპველი შეიძლება იყოს ზოგიერთი ზედაპირისთვის. მათი გაწმენდა სოდით არ შეიძლება.

კერამიკული ქურა

სოდამ კერამიკის დელიკატურ ზედაპირზე შეიძლება დატოვოს თეთრი ნადები, როგორც ეს ჩემი მეგობრის შემთხვევაში მოხდა. მის მოსაშორებლად ქურა ჩვეულებრივი ძმრით გაწმინდეთ. ნადების გარდა სოდამ ზედაპირზე შეიძლება დატოვოს ნაკაწრები, რომელსაც უკვე ვერაფერი მოაგვარებს. თანდათანობით ჭუჭყი ამ ნაკაწრებში ჩაჯდება, რაც ქურის გარეგნობას გააუარესებს.

ალუმინის ჭურჭელი

სოდას ძალიან ხშირად იყენებენ ლითონების საწმენდად, რადგან ძველ და ძალიან ჯიუტ ლაქებს უმკლავდება. თუმცა თუ ალუმინზე ვსაუბრობთ, სხვა საშუალების გამოყენებას გირჩევთ. სოდის და ალუმინის ურთიერთქმედება ლითონის დაჟანგვას იწვევს. შედეგად, ალუმინის ჭურჭელი მყისიერად მუქდება.

თუ სხვა საშუალება არ გაქვთ, რომლითაც ტაფის ან ქვაბის გაწმენდას შეძლებთ, სოდა შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით. გამოიყენეთ მხოლოდ ჭუჭყიან ადგილებში და მაშინვე წყლით ჩამორეცხეთ.

მარმარილოს ზედაპირი

მარმარილოს ზედაპირი ნებისმიერ სამზარეულოს ალამაზებს. აი, მისი გაფუჭება არასწორი მოვლით უფრო ადვილია, ვიდრე ფიქრობთ. საკმარისია სოდით გაწმინდოთ, როგორც ამას თემაში გაურკვეველი ადამიანები გირჩევენ.

სოდამ შეიძლება დააზიანოს მარმარილოს ზედაპირის გარე ფენა, რომელიც ქვის დაცვას უზრუნველყოფს. სოდით გაწმენდისას სწრაფად დაინახავთ მარმარილოს ზედაპირზე ნაკაწრებს, რაც შემდგომ ქვის დაზიანებას იწვევს.

გახსოვდეთ, რომ მარმარილოს სამუშაო ზედაპირი ადვილად იწმინდება ჩვეულებრივი რბილი ჩვრით და თბილი საპნიანი წყლით. ასე ზედაპირი გაცილებით დიდხანს გაძლებს.

ხის ავეჯი და იატაკი

ხემ პირვანდელი გარეგნობა უფრო დიდხანს რომ შეინარჩუნოს, მის წარმოებაში ჰერმეტიკს იყენებენ. თუ ასეთ ზედაპირს სოდით გაწმენდთ, ჰერმეტიკს მოაშორებთ. ეს გამოიწვევს თავად ხის ზედაპირის დაზიანებას. გარდა ამისა, სოდა, რომელიც ცნობილია თავისი გამაღიავებელი თვისებებით, ხეს აუფერულებს.

ვერცხლის და მოოქრული ნივთები

დიასახლისებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ ვერცხლის გაწმენდა სოდით შეიძლება. ნაწილობრივ მართალია. ჩვეულებრივ, ვერცხლის ჭურჭელი სოდით შეგიძლიათ გაწმინდოთ. იმავეს ვერ ვიტყვით ვერცხლის ანტიკვარულ ნივთებზე. ხარისხის და ასაკის მიხედვით ვერცხლის ნივთის სოდასთან კონტაქტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მის გარეგნობაზე. ანტიკვარული ვერცხლი ხშირად კარგავს ბზინვარებას და გარეგნულად ნაკლებად მიმზიდველი ხდება.

თუ ცდილობთ, სოდით გაწმინდოთ მოოქრული ჭურჭელი, ოქროს ფერის დაზიანების რისკი არსებობს. იგივე ეხება ჭურჭელს, რომელიც სუფთა ვერცხლისგან დამზადებული არ არის, არამედ მხოლოდ ვერცხლით დაფარულია.

საკვები სოდა ჩვენთვის ნაცნობი პროდუქტია, მაგრამ მისი გამოყენებისას სიფრთხილე გვმართებს. არ დაგავიწყდეთ, ბებიების ყველა რჩევა ერთნაირად სასარგებლო არ არის.