სახის კანის მოვლა არის პროცესი, რომელიც მოითხოვს დროს და ფულს. ამავდროულად, თითოეული შესაძლო პრობლემისთვის მოვლის სხვადასხვა პროდუქტი უნდა აირჩიოთ. ეს კი დამატებითი ხარჯია. ამიტომაც, ძალიან მოთხოვნადია უნივერსალური დამხმარე საშუალებები კანის სილამაზისთვის ბრძოლაში. ბოლო წლებში წარმოუდგენლად პოპულარული გახდა ბუნებრივი ქვისგან დამზადებული სახის მასაჟორი როლერი.
სახის მასაჟორი როლერი შედარებით ახალი მოწყობილობაა, მაგრამ უკვე ბევრს შეაყვარა თავი. ბევრი სილამაზის ბლოგერი გვირჩევს მის გამოყენებას, ნათლად გვაჩვენებენ მისი გამოყენების შედეგებს. ამ მასაჟორს კოსმეტოლოგებიც რეკომენდაციებს უწევენ. რა არის მისი პოპულარობის მიზეზი? „პაპარაცი“ ამის გარკვევას ეცდება.
სახის მასაჟორი როლერი
თუ ექსპერტების არგუმენტებს დავუჯერებთ, სახის მასაჟორს შეუძლია ახალგაზრდობის გახანგრძლივება და ძვირადღირებული სალონური პროცედურების ჩანაცვლებაც. გარდა ამისა, მასაჟორს ერთხელ ყიდულობთ, მაგრამ მრავალჯერ შეგიძლიათ გამოიყენოთ. მექანიკური სახის მასაჟორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარიანტია.
მექანიკური სახის მასაჟორი დამზადებულია ორი სხვადასხვა ზომის როლერისგან, რომლებიც ერთმანეთს სახელურით უკავშირდება. ხშირად მზადდება პლასტმასისგან, მინისგან, ხისგან ან ქვისგან. ქვის როლერი ყველაზე მეტად პოპულარულია. ასეთი როლერით მასაჟის ეფექტი რამდენჯერმე მაღალია, ვიდრე სხვა მასალის მასაჟორისგან. ყველაფერი იმიტომ, რომ ბუნებრივი ქვის ძალა მასაჟის ეფექტს აძლიერებს.
როლერის შედეგი უმჯობესდება, თუ გამოიყენებთ ნებისმიერ შრატთან, ემულსიასთან ან სახის ზეთთან ერთად.
მასაჟორ როლერს აქვს რამდენიმე უპირატესობა:
- კანის უჯრედებს ჟანგბადით ავსებს, სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს;
- სახის ფერს აუმჯობესებს;
- კანის ტონუსს ზრდის;
- შეშუპებას ამცირებს;
- წვრილ ნაოჭებს აქრობს;
- ღრმა ნაოჭების გაჩენას აფერხებს;
- ფორებს წმენდს;
- კანის აღდგენის პროცესს აჩქარებს;
- კანს დაღლილობის კვალს აშორებს;
- სახის კონტურს უფრო გამოკვეთილს ხდის;
- ანთებას და აკნეს ამცირებს;
ყველაზე ხშირად სახის მასაჟორი როლერი არის კვარცის ან ნეფრიტის. მასაჟორის არჩევისას რომ არ დაიბნეთ, მათ მოქმედებებს შორის განსხვავებები უნდა იცოდეთ.
კვარცის როლერი
კვარცის როლერი ვარდისფერი კვარცისგან მზადდება. ასეთ როლერს აქვს ანტისეპტიკური თვისებები. აკნესთან და სხვა ანთებით პროცესებთან ბრძოლაში გვეხმარება.
ვარდისფერი კვარცის როლერი დადებითად მოქმედებს კანზე, რომელიც წვრილი ნაოჭებით დაფარულია. ასეთი მასაჟორი კანის დაბერების პროცესს მნიშვნელოვნად ამცირებს. გარდა ამისა, ვარდისფერი კვარცი ბუნებით ნეფრიტზე უფრო ცივია, რის გამოც შეშუპებას ეფექტურად ხსნის. გარდა ამისა, უფრო დიდხანს რჩება გრილი.
კვარცის როლერი აუმჯობესებს სახის ფერს და მას უფრო ჯანსაღს ხდის. თუ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სახის დაძაბულობას გრძნობთ, კვარცის როლერი გამოიყენეთ. ის მიმიკას მოადუნებს და ახალი ნაოჭების გაჩენას შეანელებს.
ვარდისფერი კვარცისგან მექანიკური როლერის გარდა სხვა სახის მასაჟორსაც ამზადებენ. ეს არის გუაშა, რომელიც დიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ. მასაჟორის ფორმა კანზე უფრო ძლიერ ზემოქმედებას ახდენს. მაღალი ეფექტურობის გარდა გუაშამ კანი შეიძლება დააზიანოს არასწორი გამოყენების შემთხვევაში.
ნეფრიტის როლერი
ნეფრიტის მასაჟორი როლერი მწვანე ნეფრიტისგან მზადდება. ნეფრიტი გამოირჩევა მეტი სირბილით და გაზრდილი თბოგამტარობით. სხვა სიტყვებით, კანთან შეხებისას თითქმის მაშინვე თბება.
ნეფრიტის როლერის გამოყენება ხელს უწყობს კანში ლიმფური ნაკადის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ნეფრიტი გვეხმარება კანიდან ტოქსიკური ნივთიერებების უკეთ მოშორებაში. ეს ქვა ცნობილია გამწმენდი თვისებებით, ამიტომ ასეთი როლერი კარგად ავიწროებს ფორებს და ებრძვის შავ წერტილებს.
ნეფრიტი ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, ანუ გვეხმარება ასაკობრივ ნაოჭებთან ბრძოლაში და აუმჯობესებს კანის ფერს. კანი უფრო სწრაფად აღდგება დაზიანებისა და სტრესისგან.
ნეფრიტის და კვარცის მექანიკური როლერით სახის მასაჟის წესები
როლერით სახის მასაჟი ეფექტური და უსაფრთხო რომ იყოს, ზოგადი წესები უნდა დაიცვათ:
1. მასაჟის დაწყებამდე გაიწმინდეთ სახე ჩვეული პროდუქტებით. სახე უმჯობესია გაიმშრალოთ ქაღალდის პირსახოცით ან ხელსახოცით.
2. კანზე დამატენიანებელი საშუალება წაისვით, რომ როლერმა ადვილად და შეუფერხებლად იმოძრაოს და სასურველი ეფექტი მოგცეთ. ეს შეიძლება იყოს თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი ზეთი. ამ მიზნით საუკეთესოა ჟოჟობას, შიის, არგანის და ავოკადოს ზეთი. ზეთი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ემულსიით ან შრატით.
3. ამის შემდეგ როლერი გადაიტარეთ სახეზე მასაჟის ხაზების გასწვრივ. დაიწყეთ სახის ცენტრიდან და გადადით პერიფერიისკენ და დახატეთ ერთგვარი სხივები როლერით. კანს როლერით მსუბუქად დააწექით. არ გადააჭარბოთ, რადგან ზეწოლა შესამჩნევი უნდა იყოს.
4. თვალების გარშემო კანი დაიმუშავეთ პატარა როლერით, ამასთან ზეწოლას თავი აარიდეთ. გახსოვდეთ, რომ ამ არეში კანი ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა და ადვილად ზიანდება.
5. მასაჟის დასრულების შემდეგ კანზე დამატენიანებელი კრემი წაისვით.
6. სახის მასაჟორი თქვენი მიზნების და სურვილების მიხედვით შეგიძლიათ გამოიყენოთ. კანის პრობლემების პრევენციისთვის მასაჟი კვირაში 2-ჯერ შეგიძლიათ გაიკეთოთ. უკვე არსებულ პრობლემებთან საბრძოლველად ქვის როლერი ყოველდღე გამოიყენეთ.
7. ყოველი გამოყენების შემდეგ როლერი გაწმინდეთ კოსმეტიკური პროდუქტებისგან. ამისთვის მიკროფიბრის ხელსახოცი გამოიყენეთ. თუ მასაჟის დროს ზეთს იყენებთ, როლერი თბილ საპნიან წყალში გარეცხეთ.
გახსოვდეთ, რომ უმჯობესია კანის პრობლემების პრევენცია, ვიდრე მასთან ბრძოლა. სახის მასაჟორი ალოე გელთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს ჯადოსნური საშუალება მასაჟს უფრო ეფექტურს გახდის. გამოცდილია!