
მათ, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უმარხულია, იცის, რა რთულია საკვებიდან საჭირო ვიტამინების და მიკროელემენტების მიღება. ცილებთან დაკავშირებით განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა, რადგან ვეგეტარიანულ პროდუქტებში მისი პოვნა რთულია. ამ შემთხვევაში პარკოსანი პროდუქტები დაგეხმარებათ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ლობიო. რაციონში ამ პროდუქტის დამატებისას პრობლემას ვაწყდებით: როგორ მოვხარშოთ ლობიო ისე, რბილი რომ იყოს.
ლობიო სულ ახლახან გამოჩნდა ჩემს რაციონში. ადრე მისი ხანგრლივი ხარშვის პროცესი მაიძულებდა სხვა პროდუქტების არჩევას. მაგრამ დეიდაჩემმა, რომელიც მარხულობს, ლობიოს მოხარშვის რამდენიმე საიდუმლო გამიმხილა. ახლა ეს პროდუქტი ჩემს მენიუში მუდმივად არის.
როგორ მოვხარშოთ ლობიო: სირბილის საიდუმლო
ლობიოს სარგებელი ჩვენი ორგანიზმისთვის ძნელია გადაჭარბებულად შევაფასოთ. ის შეიცავს 20% მცენარეული წარმოშობის ცილას, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი 80%-ით ითვისებს. ამიტომაც ლობიო აუცილებელი პროდუქტია მათთვის, ვინც ვარჯიშობს.
ლობიო შეიცავს დიდი რაოდენობით სპილენძს, კალიუმს, ბორს, კალციუმს, ასევე B, C, E, K ვიტამინებს და მრავალ სხვას. ეს ეხმარება ლობიოს დადებითად იმოქმედოს ჩვენი ორგანიზმის მთელ სისტემაზე:
- არეგულირებს მარილის ცვლას
- აძლიერებს კუჭის წვენის გამომუშავებას
- გამოდევნის ზედმეტ სითხეს
- გამოდევნის წიდებს
- აუმჯობესებს პოტენციას
- აწესრიგებს ნერვული სისტემის მდგომარეობას
- ქმნის შარდმდენ ეფექტს
- ამცირებს სისხლში შაქრის დონეს
- ზრდის იმუნიტეტს
ამრიგად, სწორად მომზადებული ლობიო შეუცვლელი პროდუქტია რაციონში. მთავარია, მოხარშოთ სწორად. ამისთვის რამდენიმე ხრიკი უნდა იცოდეთ.
საიდუმლო 1: ლობიოს მომზადება
ლობიომ რომ გაგახაროთ არა მხოლოდ სარგებლიანობით, არამედ გემოთი, სწორად უნდა მოამზადოთ. პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ ლობიო შედარებით ახალია. თუ პროდუქტი 1 წელი ან მეტი ხნით ინახებოდა, მაგარი და მშრალი იქნება მოხარშვის შემდეგაც.
ამის შემდეგ ლობიო აუცილებლად გადაარჩიეთ, დანაოჭებული და გაშავებული მარცვლები მოაშორეთ. ლობიო გამდინარე წყალში გარეცხეთ.
გამოცდილი დიასახლისების თქმით, შემდეგი ნაბიჯი წყალში ჩალბობა უნდა იყოს. ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ მისი გამოტოვება არ ღირს რამდენიმე მიზეზით:
- ლობიო ჩალბობის შემდეგ უფრო სწრაფად იხარშება.
- წყალში ჩალბობისას პარკოსნიდან ნაწილობრივ გამოდის ოლიგოსაქარიდები. სწორედ ისინი იწვევენ ისეთ უსიამოვნო პროცესს, როგორიცაა გაზის წარმოქმნა ნაწლავებში.
- ჩალბობა ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისებას. ლობიო შეიცავს ფიტინის მჟავას, რომელიც ხელს უშლის საკვებიდან თუთიის, მაგნიუმის, კალციუმის და სხვა სასარგებლო კომპონენტების ათვისებას. ჩალბობისას ანტინუტრიენტები, როგორიც არის მჟავა, ლობიოდან გამოდის.
ლობიოს ჩალბობის ორი მეთოდი არსებობს. კლასიკური მეთოდის მიხედვით, ლობიო ცივ წყალში მთელი ღამე უნდა გააჩეროთ. თუ დრო გაქვთ, ლობიო მთელი ერთი დღე წყალში ჩაალბეთ. დიდ ქვაბში 1 ნაწილი ლობიო და 5 ნაწილი ცივი წყალი მოათავსეთ. თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ. დანიშნული დროის გასვლას დაელოდეთ.
ჩალბობის უფრო სწრაფი მეთოდიც არსებობს. ლობიოს დაასხით წყალი იმავე პროპორციით, როგორც წინა შემთხვევაში. ქვაბი ცეცხლზე მოათავსეთ და ადუღებას დაელოდეთ. ლობიო 3 წუთი მოხარშეთ, შემდეგ ქურა გამორთეთ და ლობიო 60 წუთი გააჩერეთ, რომ მარცვლები გასივდეს. ამის შემდეგ ლობიო ჩვეული მეთოდით მოამზადეთ.
საიდუმლო 2: შესაფერისი ქვაბი
ლობიოს მომზადების კიდევ ერთი საიდუმლო ჭურჭლის სწორად შერჩევაა. ქვაბს უნდა ჰქონდეს სქელი გვერდები და ძირი. ასე შეძლებთ მოხარშოთ ლობიო სუსტ ცეცხლზე და თავიდან აიცილოთ აქტიური დუღილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სწრაფი დუღილი პროდუქტს შიგნიდან მოხარშვაში ხელს შეუშლის და მხოლოდ გარედან დაარბილებს. სუსტ ცეცხლზე ხარშვა დაარბილებს ისეთ ლობიოსაც, რომელიც წინასწარ ჩალბობილი არ იყო.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ წყალი ქვაბში უნდა იყოს იმდენი, რომ ლობიო კარგად დაიფაროს, მაგრამ არც ძალიან ბევრი. ბევრი წყალი ძლიერ დუღილს გამოიწვევს.
საიდუმლო 3: ტემპერატურის ცვლილება
ეს საიდუმლო გამოგადგებათ, თუ ლობიოს ჩასალბობად დრო არ გაქვთ. ლობიო ქვაბში ჩაყარეთ, წყალი დაასხით და ადუღებას დაელოდეთ. შემდეგ მდუღარე წყალი გადაწურეთ. ლობიოს ისევ ცივი წყალი დაასხით, ქურაზე მოათავსეთ და ადუღებას დაელოდეთ. იგივე სქემა რამდენჯერმე გაიმეორეთ.
ასე გამოიწვევთ ტემპერატურის ცვლილებას, რომელიც ლობიოს დარბილებას ხელს შეუწყობს. ზოგიერთი დიასახლისი ამტკიცებს, რომ ხარშვის ეს მეთოდი პროდუქტს უფრო გემრიელს ხდის, ვიდრე კლასიკური მომზადების მეთოდი.