მზა კერძის გემო დამოკიდებულია არა მხოლოდ პროდუქტებზე, არამედ იმ ჭურჭელზე, რომელშიც მოამზადეს. ამის შესახებ ყველა დიასახლისმა იცის. სწორედ ამიტომაც, მრავალი წელია მინანქრის ჭურჭელი მოთხოვნადია დიასახლისებს შორის. თუმცა ასეთ ჭურჭელზე საკვები ხშირად იწვის. თუ ერთხელ მაინც გიკითხავთ, როგორ გაწმინდოთ მინანქრის ქვაბი ნამწვისგან, “პაპარაცის” დღევანდელი სტატია დაგაინტერესებთ.
უკვე ვაპირებდი საყვარელი ქვაბის გადაგდებას, როცა მასში ტოლმა ჩამეწვა, მაგრამ მეგობარმა მასწავლა პრობლემის მოგვარება მარტივი საშუალების გამოყენებით. შედეგმა გამაოცა. ახლა ჩემი ქვაბები ახალივით ბრწყინავს. სცადეთ და თქვენც განაახლეთ ჭურჭელი.
როგორ გავწმინდოთ მინანქრის ქვაბი შიგნიდან ხალხური საშუალებების გამოყენებით
ხალხური საშუალებები გამოგადგებათ არა მხოლოდ ძლიერი, ასევე ზომიერი ჭუჭყის შემთხვევაში. ამავდროულად, მაღაზიაში ნაყიდ ქიმიკატებთან შედარებით უფრო უსაფრთხოა.
საკვები სოდა
სოდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხალხური საშუალებაა ჭურჭლის სარეცხად. ასევე ნამწვთან ბრძოლაში. ქვაბში ბევრი სოდა ჩაყარეთ და ჭუჭყიანი ადგილები გახეხეთ. შემდეგ ცოტა წყალი დაუმატეთ, რომ სოდა დასველდეს და პასტად გადაიქცეს. ასეთი ფაფა ქვაბში რამდენიმე საათი ან მთელი ღამე გააჩერეთ.
თუ ჭუჭყი მთლიანად არ მოშორდა, პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ. ამჯერად დაუმატეთ ნაკლები წყალი, მაგრამ მეტი სოდა.
ლიმონმჟავა
თუ მინანქრის ქვაბში ყვითელი ნადები გაჩნდა, ლიმონმჟავა დაგეხმარებათ. საწმენდი ხსნარის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი ლიმონმჟავა და 1 ლიტრი წყალი აურიეთ. ხსნარი გასარეცხ ქვაბში ჩაასხით და 15 წუთი ადუღეთ. ძალიან ძლიერი ჭუჭყის შემთხვევაში ცოტა უფრო დიდხანს ადუღეთ.
თუ პროცედურის დასრულების შემდეგ ქვაბში მცირე ნადები დარჩა, მის მოშორებას ჩვეულებრივი საპნით და წყლით მარტივად შეძლებთ.
მარილი
თუ ქვაბში ჭვარტლის ან ნამწვის სახით ძლიერი ჭუჭყი წარმოიქმნა, მარილი დაგეხმარებათ. მარილი მინანქარს მაქსიმალურად ნაზად ასუფთავებს, არ აზიანებს.
1 ჩაის კოვზი წვრილად დაფქული სუფრის მარილი ქვაბში ჩაყარეთ. ქვაბის ძირსა და გვერდებზე შეაზილეთ ისე, რომ მარილის კრისტალები გაიხსნას. ამისთვის გამოიყენეთ რბილი ღრუბელი.
თუ ჭუჭყი მთლიანად არ მოშორდა, მარილის ხსნარი გამოიყენეთ. 5 სუფრის კოვზი მარილი და 1 ლიტრი მდუღარე წყალი აურიეთ. ხსნარი ქვაბში ჩაასხით და სუსტ ცეცხლზე 30 წუთი გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ წყალი გადაწურეთ და ქვაბი გარეცხეთ. იდეალური სითეთრის მისაღწევად დამატებით სოდით გახეხეთ.
მდოგვი
მდოგვის ფხვნილი სრულიად ნატურალური პროდუქტია, ამიტომ მინანქრის ქვაბში ნადებს დიდებულად უმკლავდება. მდოგვი ძალიან ნაზად მოქმედებს, ამიტომ მინანქრის ზედაპირის დაზიანების რისკი მინიმალურია.
მდოგვი პასტის მიღებამდე წყალში გახსენით და ჭუჭყიან ადგილებს წაუსვით. საშუალოდ ერთ ქვაბზე 3-4 სუფრის კოვზი ფხვნილი საკმარისია. საშუალება რამდენიმე საათით გააჩერეთ, შემდეგ ღრუბლით გახეხეთ და გარეცხეთ.
ძალიან ჩამჯდარი ჭუჭყის შემთხვევაში მდოგვი ქვაბში აადუღეთ. საკმარისია, წყალი ჩაასხათ ისე, რომ ყველა მიმწვარი ადგილი დაიფაროს და დაუმატეთ 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი. ასეთი მდოგვის ხსნარი 1-2 საათი ადუღეთ ჭუჭყის დაშლამდე.
არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა დამოკიდებულია ჭურჭლის სისუფთავეზე, რომელშიც საკვებს ამზადებთ. გახსოვდეთ, რომ ქვაბი ნამწვით არ უნდა გამოიყენოთ.