თითოეული ჩვენგანი დროდადრო გრძნობს მუხლებში ჭრაჭუნს მოძრაობისას. ზოგს მოსწონს ძვლების ან კისრის კარგად გატკაცუნება, რომ მცირე შვება იგრძნოს. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეს ხმა სახიფათო ნიშანი შეიძლება იყოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მუხლებს ეხება. ყოველდღე ამ სახსრებზე მოდის უზარმაზარი დატვირთვა. გიამბობთ, რატომ ჭრაჭუნობს მუხლები და უქმნის თუ არა საფრთხეს ჩვენს სხეულს.
მუხლების ჭრაჭუნის მიზეზები და როგორ გავუმკლავდეთ
ზოგადად, მუხლების და სხვა სახსრების ჭრაჭუნი ნორმალური მოვლენაა. იმ ადგილის გარშემო, სადაც ორი ძვალი ერთმანეთს ხვდება, სითხეა. მასში დროდადრო გაზის ბუშტები იქმნება. კიდურების მოხრისას გაზის ბუშტები სკდება. აქედან მოდის განსაკუთრებული ხმა, რომელსაც ტკაცუნს ვუწოდებთ. ზოგადად, ტკაცუნი ჩვენი ორგანიზმისთვის სახიფათო არაა. თუმცა, როცა ეს ხდება ჩვეულებრივი სიარულისას და ახლავს უსიამოვნო შეგრძნებები და ტკივილი, სახსრების მდგომარეობას ყურადღება უნდა მიაქციოთ.
„პაპარაცი“ გიზიარებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, რატომ ჭრაჭუნობს მუხლები და კიდევ რომელი სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს პრობლემებზე. უდავოდ, ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან მუხლის სახსარი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოძრაობაში. ამ არეში არსებული დაავადებები მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს. პრობლემის დროული აღმოჩენით სერიოზული შედეგების თავიდან აცილებას შეძლებთ.
რატომ ჭრაჭუნობს მუხლები: ართროზი
მუხლის სახსრის პრობლემების ყველაზე გავრცელებული მიზეზია ართროზი. ამ დაავადების დროს ცვდება ხრტილოვანი ქსოვილები, რომელიც გარს ახვევია ძვლებს შეერთების ადგილზე. ამის გამო ანთება იწყება. ართროზს ახლავს არა მხოლოდ ჭრაჭუნის ხმა, არამედ ტკივილი, მუხლის შეშუპება და ტემპერატურის მატება.
საწყის ეტაპზე ართროზი გამოხატული არაა. უმეტეს შემთხვევაში უსიამოვნო სიმპტომები იგრძნობა ამინდის ცვლილებების ან სახსარზე უჩვეულო ფიზიკური დატვირთვის დროს. პრობლემის უგულებელყოფამ და დაავადების თვითნებაზე მიშვებამ საოპერაციო მაგიდამდე შეიძლება მიგიყვანოთ, როცა უკვე სახსრის ჩანაცვლება გახდება საჭირო. რამდენიმე მიზეზი არსებობს, რატომ შეიძლება განვითარდეს ართროზი ნებისმიერ ასაკში:
- გაზრდილი ფიზიკური დატვირთვა მუხლებზე. ეს დაავადება მორბენალებს ან მძლეოსნებს ტყუილად არ აწუხებთ.
- მუხლი ძალიან დიდხანს და ხშირად არის მოხრილ პოზაში. მჯდომარე პოზაში მუშაობისას დრო იპოვეთ, რომ ადგეთ და კუნთები და სახსრები გაჭიმოთ. დიდხანს ერთ პოზაში არ გაჩერდეთ.
- არანამკურნალები დაზიანებები. მუხლის მცირე დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი პრობლემები, თუ სათანადოდ არ იმკურნალებთ.
- სიმსუქნე. სხეულის წონის მატება დამატებით ტვირთავს სახსრებს. ამის გამო ხრტილოვანი ქსოვილები უფრო სწრაფად ცვდება.
- ასაკი. რაც არ უნდა ვთქვათ, წლების მატებასთან ერთად სახსრების მდგომარეობა უარესდება. ეს ბუნებრივი პროცესია. მოხუცებმა ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.
თუ თვლით, რომ ართროზის განვითარების რისკზონაში ხართ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია
გარდა იმისა, რომ ექიმი სპეციალურ თერაპიას დაგინიშნავთ, თავადაც შეგიძლიათ დაიწყოთ სახსრების ფუნქციონირების აღდგენაზე მუშაობა.
- ტანვარჯიში. არსებობს მთელი რიგი ვარჯიშები, რომლებიც მუხლის დაძაბულობას და უსიამოვნო ჭრაჭუნს მოგაშორებთ.
- ცურვა. დამტკიცებულია, რომ სახსრების ბევრი დაავადების დროს სპორტის ეს სახეობა სასარგებლოა. აუცილებელი არ არის, რომ ცურვაში რეკორდსმენი იყოთ. დარეგისტრირდით აუზზე საკუთარი სიამოვნებისთვის.
- წონის დაკლება. თუ ჭარბწონიანი ხართ, სასურველია, რამდენიმე კილოგრამი დაიკლოთ. თავად ნახავთ, მუხლები შვებას იგრძნობს.
როგორც ხედავთ, მუხლების ჭრაჭუნის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს. რა თქმა უნდა, აუცილებელია, ყველა სახსარზე იზრუნოთ და მუდმივად აკონტროლოთ მათი მდგომარეობა. ასევე შეგიძლიათ შეასრულოთ სპეციალური ვარჯიშები პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ჯანმრთელობას გისურვებთ!