დღემდე ფიქრობთ, რომ ცხიმები მავნებელია? ეს მხოლოდ მავნე მარკეტოლოგების ხრიკია. სინამდვილეში, ჩვენი ორგანიზმი სათანადოდ ვერ იმუშავებს სასარგებლო ცხიმების გარეშე. რაციონში სასარგებლო ცხიმების შემცველი პროდუქტების ჩართვა აუცილებელია. ზოგიერთი ექიმი გირჩევთ, დილით უზმოზე ზეთი მიიღოთ.
დიდხანს თავადაც ვერ ვხვდებოდი, რა საჭირო იყო სუფთა მცენარეული ზეთის დალევა უზმოზე. ამასთან, დიდხანს არ ვიგებდი, რა იყო ჩემი თმის და კანის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი. ამ ჯადოსნური საშუალების გამოცდა გადავწყვიტე. ვცადე და არ ვნანობ!
ზეთი უზმოზე – ძლიერი ჯანმრთელობის საიდუმლო
ისინი, ვისთვისაც დილით უზმოზე ზეთის მიღება ჩვეულებრივი ამბავია, ირწმუნებიან, რომ საშუალება მთელი ორგანიზმის წმენდას და გაჯანსაღებას ხელს უწყობს. როგორც ცნობილია, ჩვენი ორგანიზმი სასარგებლო დანამატებს დილით უკეთ იღებს. ამიტომაც, ვიტამინების და საკვები დანამატების უმეტესობის მიღება დილით არის რეკომენდებული. ეს ეხება მცენარეულ ზეთსაც.
მცენარეული ზეთის მიღება ცარიელ კუჭზე ხელს უწყობს ღვიძლის მუშაობის გააქტიურებას გაღვიძების შემდეგ. ასევე ზეთი ააქტიურებს ნაღვლის ბუშტის მუშაობას, რაც თავის მხრივ ნაღვლის გამომუშავებას ხელს უწყობს. ეს დაგეხმარებათ აითვისოთ მაქსიმალური რაოდენობის სასარგებლო ნივთიერებები თქვენი საუზმიდან.
ზეთის კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ კუჭის კედლებს გარს ეხვევა. ასე ორგანიზმს დიდხანს არ აწუხებს შიმშილი. უმჯობესდება საჭმლის მონელება, რაც წონის კომფორტულ კლებას ხელს უწყობს.
ზეთის სასარგებლო თვისებები
ზეითუნის ზეთს იღებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისთვის. ზეთი დიდებულად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე, რაც ორგანიზმს გაჯანსაღებაში და ტოქსინებისგან გათავისუფლებაში ეხმარება. ზეითუნის ზეთი კუჭის მჟავიანობას ამცირებს, გასტრიტთან წარმატებით ბრძოლაში გვეხმარება.
სელის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვან მჟავებს. ცხიმოვანი მჟავები კანს არბილებს და ატენიანებს, თმას აძლიერებს და ბზინვარეს ხდის. სელის ზეთი ესტროგენის ანალოგს შეიცავს, ამიტომ მისი მიღება სასარგებლოა მენოპაუზის პერიოდში, ასევე ქალის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ზეთი ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს და გვეხმარება ყაბზობის დროს.
ყურძნის კურკის ზეთი ქალის ზეთად ითვლება. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელიც აჯანსაღებს კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობას. გარდა ამისა, ზეთი აწესრიგებს ჰორმონალურ ფონს. შედეგად, კლიმაქსის და წინა მენსტრუაციული სინდრომის სიმპტომები მსუბუქდება. ზეთი ორგანიზმს წიდებისგან წმენდს და „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
ქოქოსის ზეთი ხელს უწყობს პროდუქტებიდან სასარგებლო ნივთიერებების და ვიტამინების უკეთ ათვისებას. ამასთან, დადებითად მოქმედებს ენდოკრინულ სისტემაზე, აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლების მუშაობას. ქოქოსის ზეთი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს გახდომას.
აბუსალათინის ზეთი ცნობილია ნაწლავების მუშაობაზე გავლენით. ებრძვის ყაბზობას და ათავისუფლებს ნაწლავების ზედმეტი ლორწოსგან.
ქაცვის ზეთი იმუნიტეტს აძლიერებს, ამით ორგანიზმს ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება. ქაცვის ზეთი ორგანიზმიდან მძიმე ლითონის მარილებს გამოდევნის. გვეხმარება კუჭის წყლულის, გასტრიტის და კუჭის სხვა ანთებითი პროცესების დროს.
ბაყაყურას ზეთი ღვიძლის უჯრედებს აღადგენს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა საკვებით მოწამვლის და ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ. ზეთი აუმჯობესებს ნაღვლის გადინებას, ხელს უწყობს წიდებისგან გათავისუფლებას და წონის კლებას.
სეზამის ზეთი ხელს უწყობს სხეულის მდგომარეობის აღდგენას ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. სეზამის ზეთი იცავს გულის უჯრედებს დაზიანებისგან, ასევე სისხლის შემადგენლობას აუმჯობესებს. სურდოს დროს ზეთი ანთების საწინააღმდეგო საშუალების როლს ასრულებს, მოგიხსნით ხველას და ქოშინს.
სიმინდის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, რომელიც ორგანიზმს ადრეული დაბერებისგან იცავს. ამასთან, სიმინდის ზეთს ზოგადი გამაძლიერებელი ეფექტი აქვს, ასევე გვეხმარება ორგანიზმისთვის ჯანსაღი წონის მიღწევაში.
გოგრის ზეთის რეგულარული მიღება აუმჯობესებს გულის მუშაობას, აძლიერებს სისხლძარღვებს. უფრო მეტიც, ზეთი კანს გლუვს და ელასტიურს ხდის. გოგრის თესლის ზეთი მამაკაცებს ეხმარება პროსტატის და ნაღვლის ბუშტის დაავადებებთან ბრძოლაში.
როგორ მივიღოთ ზეთი უზმოზე?
თუ ზეთის შეფუთვაზე სხვა დოზა მითითებული არაა, შეგიძლიათ გამოიყენოთ უნივერსალური რჩევები.
- ზეთი უნდა დალიოთ ცარიელ კუჭზე, ამიტომ ამის გაკეთება დილით უმჯობესია. ზეთის მიღებამდე წყალიც არ დალიოთ.
- მცენარეული ზეთის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა 1 სუფრის კოვზია. არ იფიქროთ, დოზის გადაჭარბებით ეფექტს დააჩქარებთ. ასე რისკავთ, მიიღოთ ნაწლავური აშლილობა და სამსახურიდან იძულებითი დასვენება. ზეთის მიღება 1 ჩაის კოვზით დაიწყეთ და თანდათან რაოდენობა გაზარდეთ.
- თუ ზეთის მიღება გაგიჭირდათ, ცოტა წყალი შეგიძლიათ დააყოლოთ. ზეთის მიღებიდან 30 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ.
- ზეთის მიღების კურსი – 30-60 დღე. ამის შემდეგ შეგიძლიათ შეისვენოთ და კურსი სურვილისამებრ გაიმეოროთ.
ყურადღება მიაქციეთ, რომ უზმოზე ზეთის დალევა ყველასთვის არ შეიძლება. არ დაიწყოთ ზეთის მიღება, თუ ქვემოთ მოცემული პუნქტებიდან ერთი მაინც თქვენ გეხებათ:
- კუჭქვეშა ჯირკვლის სუსტი მუშაობა
- პანკრეატიტი
- ნაღვლკენჭოვანი დაავადება
- მწვავე გასტრიტი
- კუჭის წყლული
ამ შემთხვევაში ზეთის მიღება ექიმის ნებართვის გარეშე არ შეიძლება. ამასთან ზეთი შეგიძლიათ დაუმატოთ საკვებს, რომელიც თერმულად არ მუშავდება.
ზეთის მიღების დაწყებიდან უკვე რამდენიმე დღეში პირველ შედეგს დაინახავთ. უფრო სერიოზული ცვლილებები 2-3 კვირის შემდეგ გამოჩნდება. შედეგი მოგეწონებათ!