ვიქტორია კაიულანს, რომელსაც სამშობლოში „ფარშევანგების პრინცესას“, ხოლო ევროპაში „ცივილიზაციის ყვავილს“ უწოდებდნენ, დიდი ძალების ნება რომ არა, შეეძლო თავისი პატარა სამეფო სინანულის გარეშე ემართა.
პრინცესას გვირგვინის დადგმა არ ეწერა. როცა პატარა იყო, მისი ბიძა, ჰავაის მეფე ვერც კი იფიქრებდა, რომ ის სამეფო ტახტზე პრეტენზიას გამოთქვამდა. თუმცა კუნძულის ხალხს მმართველად კეთილშობილური პრინცესა უფრო ერჩივნა, ვიდრე საზღვარგარეთის მთავრობის ხარბი პროტეჟეები.
გოგონა სამეფო სასახლეში 1875 წელს ერთ მშვენიერ დილას დაიბადა. მეფე კალაკაიას ოჯახში ბავშვის დაბადებას ყველა ქვეშევრდომი აღნიშნავდა. მმართველი უშვილო იყო და მისი უმცროსი დის მიერ გაჩენილი გოგონა სამეფო ტახტის პირდაპირ მემკვიდრედ (მეფის ორივე დის შემდეგ) ითვლებოდა.
ვიქტორია კაიულანი – ორმაგი სახელია, რომელიც გოგონამ თავისი ჰავაიელი დედისა და შოტლანდიელი მამისგან, არჩიბალდ სკოტ კლეგჰორნისგან მიიღო.
პატარა პრინცესათი ოჯახის წევრები და მსახურები აღფრთოვანებულნი იყვნენ. მის გარეგნობაში დედისგან მიღებული შავგრემანი სახე და მდიდრული მუქი ფერის თმა და მამისგან მიღებული მკაფიო ევროპული ნაკვთები იყო შერწყმული.
არჩიბალდი ბიზნესმენი იყო და ჰავაიზე შაქრის ბიზნესს აწარმოებდა. შოტლანდიაში ცოლი და 4 შვილი მიატოვა და კუნძულზე თავის ახალ ოჯახთან ერთად მდიდრულ, ელექტროფიცირებულ სასახლეში დასახლდა.
კაიულანისთვის მამის ქონება პატარა სამეფო გახდა, სადაც თითოეულ კუთხე-კუნჭულს იცნობდა. გოგონა თითოეულ მცენარეს დიდი ინტერესით იკვლევდა, განსაკუთრებით ფარშევანგებით იყო გატაცებული. ამ ფრინველების სიყვარულის გამო მას მეტსახელად „ფარშევანგის პრინცესა“ შეარქვეს.
პატარასთვის ამ წლებმა უზრუნველად ჩაიარა, თუმცა მეფე ამერიკელების მიერ ჰავაიზე გაზრდილი ინტერესის გამო სერიოზულად აღელვებული იყო. თავდაპირველად პერლ-ჰარბორის ნავსადგურის დაქირავებაზე შეთანხმდნენ, მაგრამ მალე მთელ კუნძულს თვალი დაადგეს.
როცა კაულიანი 11 წლის იყო, დედა ავადმყოფობით გარდაეცვალა. გოგონასთვის ეს ორმაგი დარტყმა იყო: უახლოესი ადამიანის დაკარგვა და მასზე დაკისრებული ვალდებულებები. ნათესავებმა გადაწყვიტეს, რომ პრინცესა სამეფო ტახტზე შესაძლო დაკავებისთვის სასწრაფოდ უნდა მოემზადებინათ. მამა დაჟინებით მოითხოვდა, რომ გოგონას განათლება მის სამშობლოში მიეღო.
13 წლის ასაკში თავის და ანასთან ერთად გემით ინგლისში გაემგზავრა, სადაც ენის, ისტორიის, დიპლომატიის და მრავალი სხვა დისციპლინის შესწავლა მოუწევდა.
ლონდონში კაიულანმა თავისი ეგზოტიკური სილამაზით მაღალი საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია. ინგლისელმა გრაფებმა ახალგაზრდა პრინცესას თვალი დაადგეს. მათ კუნძულის მკვიდრის გულწრფელობა მოსწონდათ, რომელიც თვალთმაქცი ქალების ფონზე ღიად ფლირტაობდა.
„შემეძლო პრინცის ან მდიდარი გრაფის ცოლი გავმხდარიყავი, მაგრამ ვერ შევძლებდი იმ ადამიანთან ცხოვრებას, ვინც არ მიყვარდა. გადავწყვიტე, რომ ფარისეველი არ გავხდებოდი და გაუთხოვარი ქალებისთვის მაგალითი ვიქნებოდი“ – წერს თავის დღიურებში კაიულანი.
15 წლის ასაკში მეფის, საყვარელი ბიძის გარდაცვალების შესახებ გაიგო. 17 წლის ასაკში გააოგნა იმ ამბებმა, რომ დეიდა ლილიუოკალანი ტახტიდან გადააყენეს, მონარქია დასრულდა.
ჰავაიზე რევოლუციას პირდაპირ ვაშინგტონიდან მართავდნენ. ამერიკელებმა კუნძულის მიერთება გადაწყვიტეს, რომელიც წყნარ ოკეანეში საკმაოდ ხელსაყრელ ადგილას იმყოფებოდა. აშშ-ს ჟურნალისტები მოქალაქეებს განუმარტავდნენ, რომ მთავრობა ამას კარგი განზრახვით აკეთებდა, რადგან „ველური პაპუასები თავიანთი ქვეყნის მართვას ვერ ახერხებდნენ“.
პრინცესამ ქვეყნის დაბრუნება გადაწყვიტა, სწორედ ამიტომ ინგლისი დატოვა და არა ჰავაიზე, არამედ პირდაპირ აშშ-ში, პრეზიდენტთან სალაპარაკოდ გაემგზავრა.
არავინ მიიღებდა „ველურ კუნძულის მკვიდრს“, როგორც მას ადგილობრივ გაზეთებში მოიხსენიებდნენ, ჟურნალისტები პორტში რომ არ დახვედროდნენ. წარმოიდგინეთ როგორი გაოცებულნი იყვნენ, როცა გემიდან კარგად აღზრდილი და განათლებული ქალი გადმოვიდა.
პრეზიდენტი კლივლენდი პრინცესის განათლებით აღფრთოვანებული იყო და მისთვის დათმობაზე წასვლაც სურდა: მან კონგრესს კუნძულის ანექსიის შეჩერების მოთხოვნით მიმართა. თუმცა კანონმდებლებმა ჰავაის ბედი უკვე გადაწყვიტეს და შეცვლას არ აპირებდნენ.
ამერიკელების ცნობიერებაზე მიღწევის გაუთავებელმა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო. კაულიანმა აშშ-ში თავისი მარცხი აღიარა, მაგრამ ბრძოლა სამშობლოში გააგრძელა. „სამეფო ტახტის დაკარგვა მიჭირდა, მაგრამ უფრო რთული იყო იმის ყურება, თუ ჩემი დროშა როგორ ეშვებოდა“ – ამბობს პრინცესა ამერიკულ გაზეთთან ინტერვიუში.
კაიულანმა ირგვლივ ჰავაის ინტელიგენცია შემოიხვია, მაგრამ კუნძულის საუკეთესო გონების ხალხმა აშშ-ს სახელმწიფო მანქანაზე შეწინააღმდეგება ვერ შეძლეს. ტახტის დაბრუნება და უცხოელების განდევნა შეუძლებელი იყო.
პრინცესას ბრძოლა 1899 წელს დასრულდა. ის წვიმის ქვეშ გაცივდა და ინფექცია აიკიდა. 23 წლის ლამაზმანი დაავადებამ იმსხვერპლა. ნერვულმა შეტევებმა და მუდმივმა სტრესმა ფილტვის ანთებასთან ერთად გოგონა ორ თვეში იმსხვერპლა.
„კუნძულის ვარდი“, როგორც მას მწერალმა რობერტ სტივენსონმა უწოდა, დაჭკნა მანამ, სანამ გაშლას მოასწრებდა. ის სახელმწიფო მანქანასთან უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა.