როცა პატარა ვიყავი, სახლში გვქონდა ეკლიანი ალოეს ქოთნები. დედა ყოველთვის იყენებდა ამ მცენარის წვენს სურდოს დროს. ალბათ, ამიტომაც არ მიყვარდა ეს მცენარე. აღმოჩნდა, რომ ალოეს გამოყენება უფრო მრავალფეროვნად შეიძლება. ამის შესახებ შევიტყვე დედისგან, როცა მომიტანა მცენარე ქოთნით.
დედამ მითხრა, რომ არსებობს სილამაზის ბევრი რეცეპტი, სადაც ალოე მთავარ როლს ასრულებს. შემომთავაზა 1 კვირით ქოთნის დატოვება. ვაღიარებ, მისი რეკომენდაციის დიდად არ მჯეროდა, მაგრამ გამოვცადე რამდენიმე ნიღაბი ალოეს გელით და დედას მცენარე აღარ დავუბრუნე.
რა სარგებელი აქვს ალოეს?
რატომ არის ასე სასარგებლო ალოე? ამ კითხვას ესპანელი მეცნიერების კვლევა პასუხობს. მათ დაადგინეს, რომ ალოეს გელი ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული საშუალებაა. სამხრეთ კორეის სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ ალოეს შეუძლია დაიცვას კანი მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
ალოეს გელი შეიცავს ბევრ სხვადასხვა ვიტამინს და მიკროელემენტს, რაც განაპირობებს მის დადებით ეფექტს გამოყენებისას.
- ვიტამინი A ეხმარება კანს ცხიმის გამომუშავებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თმის და კანის სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის. აძლიერებს თმას, იცავს სიმშრალისგან, მტვრევადობისგან და ცვენისგან.
- ვიტამინ E-ს სილამაზის ვიტამინსაც უწოდებენ, რადგან პასუხისმგებელია კანის უჯრედებში თავისუფალი რადიკალების განეიტრალებაზე. ვიტამინი E ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც ხელს უწყობს კანის ელასტიკურობას. თმა ვიტამინი E-ს გავლენით ხდება უფრო გლუვი, ბზინვარე და დატენიანებული.
- ვიტამინი C ანტიბაქტერიულ ეფექტს უზრუნველყოფს. ამის წყალობით ალოე შესანიშნავად ებრძვის ქერტლს და ანთებას კანზე.
- ვიტამინი B12 მტვრევად და მშრალ თმას ეხმარება. აჩქარებს თმის ზრდას და აძლიერებს მას.
- ფოლიუმის მჟავა ებრძვის ნაადრევ ჭაღარას, აძლიერებს თმის ბოლქვებს და იცავს გაყოფისგან.
- ცხიმოვან მჟავებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ. მათ შორისაა ლუპეოლი, რომელიც მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი.
- აუქსინი და გიბერელინი – ჰორმონები, რომლებსაც აქვთ ჭრილობის შეხორცების და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
- ლიგნინი ითვლება ერთგვარ გამტარად, რომელიც ეხმარება სხვა სასარგებლო კომპონენტებს კანში შეღწევაში.
- საპონინს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეფექტი.
- სალიცილის მჟავა ებრძვის ანთებას, სიწითლეს და აკნეს.
პრობლემები, რომელთაც ალოე ებრძვის
მდიდარი შემადგენლობის წყალობით ალოეს ხშირად იყენებენ კანის პრობლემების სამკურნალოდ. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩატარდა არაერთი კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ ალოეს ექსტრაქტი ებრძვის კანზე ქავილს და გაღიზიანებას. ალოე დამხმარე საშუალებაა მწერების ნაკბენზე, მზის დამწვრობის და საყოფაცხოვრებო დამწვრობის დროს.
ალოე რეკომენდებულია კანის რთული პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა ალერგია, აკნე და ფსორიაზი.
ალოეს გელი კოსმეტოლოგიაში
ალოეს გელი რომ გამოიყენოთ, იგი ფოთლებიდან უნდა ამოიღოთ.
1. ღეროსთან ახლოს ალოეს რამდენიმე ფოთოლი მოჭერით. ჭიქაში ან სხვა ჭურჭელში ვერტიკალურად მოათავსეთ. ასე დაწურავთ მოყვითალო ფისს, რომელსაც სარგებელი არ აქვს.
2. შემდეგ დანით ან ბოსტნეულის საჭრელით ფოთოლს ზედა ნაწილი მოაჭერით. შიგნით მდებარეობს მოთეთრო-გამჭვირვალე გელი, რომელიც უნდა შეაგროვოთ. ამის გაკეთება კოვზით მარტივია.
3. მიღებული გელი მინის ქილაში მოათავსეთ. მაცივარში 2 კვირამდე შეგიძლიათ შეინახოთ.
ეს გელი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ ნიღაბში, რომელთაც ქვემოთ განვიხილავთ. სახლის გელი მაღაზიაში ნაყიდი გელით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ უმჯობესია გამოიყენოთ საშუალება, რომელშიც მინიმუმ 99% ალოეს გელია.
ალოეს გელი დასაბან საშუალებად
ინგრედიენტები:
- 4 ს/კ ალოეს გელი
- 4 ს/კ ნებისმიერი დასაბანი გელი
- 2 ჩ/კ ქოქოსის ან ნუშის ზეთი
- ლავანდის ეთერზეთი
- 2 ს/კ წყალი
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი შეურიეთ. სულ ბოლოს ეთერზეთი დაუმატეთ. ნარევი ჩაასხით ბოთლში დისპენსერით. ყოველი გამოყენების წინ ნარევი შეანჯღრიეთ, შემდეგ ცოტა რაოდენობა ბამბის დისკზე გადაიტანეთ. ამით სახე გაიწმინდეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სახის ტონიკი
ინგრედიენტები:
- 2 ჩ/კ ალოეს გელი
- 2 პაკეტი მწვანე ჩაი
- 1 ჭიქა წყალი
მომზადების წესი:
- მწვანე ჩაი ჭიქა ცხელ წყალში 7 წუთი დააყენეთ. თუ ფხვიერ ჩაის იყენებთ, ნაყენი გადაწურეთ. დაორთქლილი ჩაის პაკეტები გადაყარეთ, ნაყენი გააგრილეთ. ჩაის დაუმატეთ ალოეს გელი და აურიეთ, სანამ მასა მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი არ გახდება, მსხვილი კოშტების გარეშე.
- ტონიკი ბამბის დისკით წაისვით ან პირდაპირ სუფთა სახეზე შეისხურეთ. შემდეგ კანი კრემით დაიტენიანეთ.
- ასეთი ტონიკი დიდებულად ატენიანებს და ატონიზირებს კანს, ებრძვის ანთებას და გაფართოებულ ფორებს.
ანთების საწინააღმდეგო საშუალება პრობლემური კანისთვის
ინგრედიენტები:
- 100 მლ ალოეს გელი
- 7 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი
- 5 წვეთი ლავანდის ზეთი
- 5 წვეთი ხარისვარდის ზეთი (ან ნემსიწვერას ზეთი)
მომზადების წესი:
- ალოეს გელი და ეთერზეთები ერთმანეთს შეურიეთ. მინის ქილაში მოათავსეთ. ამისთვის უმჯობესია გამოიყენოთ მუქი მინის ჭურჭელი, რომ დაიცვათ საშუალება მზის სხივებისგან. შეინახეთ გრილ ადგილას, მზის სხივებისგან მოშორებით.
- გელი სუფთა, სველ კანზე წაისვით. გელის გაშრობის შემდეგ დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ. ასეთი საშუალება დაამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და აკნესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. კანი გახდება უფრო გლუვი, ხოლო ფორები – ნაკლებად შესამჩნევი.
ანტიასაკობრივი ნიღაბი სახისთვის
ინგრედიენტები:
- 0,5 ჭიქა ალოეს გელი
- 0,5 ჭიქა კიტრის პიურე
- ლიმონის წვენი
მომზადების წესი:
- კიტრის პიურეს მისაღებად სახეხი ან ხელის ბლენდერი გამოიყენეთ. კიტრს ალოეს გელი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე შეურიეთ. რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაუმატეთ.
- ნიღაბი კანზე წაისვით და რამდენიმე საათი (მინიმუმ 3) ან მთელი ღამე გაიჩერეთ. დილით ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და კრემით დაიტენიანეთ. ასეთი ნიღაბი კანს კარგად ატენიანებს, ატონიზირებს და ებრძვის ნაოჭების წარმოქმნას.
ნიღაბი მშრალი კანისთვის
ინგრედიენტები:
- 4 ჩ/კ ალოეს გელი
- 3 ჩ/კ ნუშის ზეთი
- 1 ბანანის რბილობი
მომზადების წესი:
- ბანანი ჩანგლით ან კარტოფილის საჭყლეტით დაჭყლიტეთ პიურეს მისაღებად. დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით სახის და ყელის სუფთა კანზე. ნიღაბი 15 წუთი გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- ნიღაბი შესანიშნავია მშრალი, მგრძნობიარე, აქერცვლისკენ მიდრეკილი კანისთვის.
მკვებავი ნიღაბი ზეთით
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ ალოეს გელი
- 4 ჩ/კ შიის კარაქი
- 4 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
- შიის კარაქი გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის ორთქლზე. ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე შეურიეთ და გააგრილეთ. სუფთა კანზე წაისვით.
- 15-20 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და კანი დამატენიანებელი ტონიკით გაიწმინდეთ. ნიღაბი კანს კვებავს და ატენიანებს.
ნიღაბი პომიდვრის წვენით პრობლემური კანისთვის
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ ნატურალური პომიდვრის წვენი მარილის გარეშე
- 1 ს/კ ალოეს გელი
მომზადების წესი:
- ინგრედიენტები შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი სუფთა კანზე წაისვით და 15 წუთი გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახე კრემით დაიტენიანეთ.
- ნიღაბი კარგად უმკლავდება აკნეს და ფორებს კარგად ავიწროებს.
საშუალება სტრიების საწინააღმდეგოდ
ინგრედიენტები:
- 50 მლ ალოეს გელი
- 10 წვეთი ვიტამინი E
მომზადების წესი:
- კაფსულის შემცველობა ალოეს გელს დაუმატეთ და აურიეთ. ნარევი სტრიებზე წაისვით, მსუბუქად შეიზილეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ეს მოქმედება დილა-საღამოს გაიმეორეთ.
- ჩამობანა საჭირო არ არის, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, 2 საათის შემდეგ შეგიძლიათ ჩამოიბანოთ. გამოყენების შედეგი 1 კვირაში გამოჩნდება.
სახის და ტანის სკრაბი შვრიის ფაფით
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ შვრიის ფქვილი
- 2 ს/კ ალოეს გელი
- 1 ჩ/კ ტკბილი ნუშის ზეთი
მომზადების წესი:
- შვრიის ფანტელები ფქვილის მისაღებად დაფქვით. ნუშის ზეთი, შემდეგ ალოეს გელი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
- სკრაბი სახეზე და ტანზე წრიული მოძრაობით წაისვით, ოდნავ შეიზილეთ. რამდენიმე წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს დამატენიანებელი კრემი წაისვით. ასეთი სკრაბი კვირაში 2-ჯერ შეგიძლიათ გამოიყენოთ.
სკრაბი ხელს უწყობს ფორების გაწმენდას, გაღიზიანების და აქერცვლის გაქრობას.
მარილის სკრაბი ღრმა წმენდისთვის
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ წვრილი ზღვის მარილი
- 2 ჩ/კ სოდა
- 100 მლ ალოეს გელი
- 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
- 1 ჩ/კ თხევადი თაფლი
მომზადების წესი:
ყველა ინგრედიენტი პასტის მიღებამდე შეურიეთ. თუ ნარევი ძალიან სქელი გამოვიდა, ცოტა ზეთი ან წყალი დაუმატეთ.
სკრაბი კანს ღრმად წმენდს, ამიტომ კვირაში მაქსიმუმ ერთხელ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამის შემდეგ აუცილებლად დაიტენიანეთ კანი კრემით.