ვის არ ახსოვს ბებიის სერვანტი, რომელიც ჭურჭლით იყო სავსე? რას არ ნახავდით იქ! გეგონება, იქ ინახებოდა ნამდვილი საგანძური ბროლის ჭიქების და ფაიფურის სერვიზის სახით. დეფიციტის დრო დიდი ხანია გავიდა, მაგრამ სსრკ-ს ჭურჭელი დღესაც გამოგადგებათ.
ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ნივთი ჩვენი დედების და ბებიების ახალგაზრდობიდან დღეს საკმაოდ ძვირად შეგიძლიათ გაყიდოთ. ზოგიერთ მათგანს კოლექციონერები ყიდულობენ. არიან ანტიკვარული ჭურჭლის უბრალო მოყვარულებიც, რომელიც მზად არიან „მადონას“ სერვიზის ან თევზის ფორმის ფაიფურის სირჩებში სოლიდური თანხა გადაიხადონ. წაიკითხეთ სტატია და გაარკვიეთ, იქნებ, სხვენში ინახავთ არა მხოლოდ ხარახურას, არამედ ძვირფასეულობას.
სსრკ-ს ჭურჭელი
სსრკ-ში ყველაფერი სტანდარტული და ერთნაირი იყო, მაგრამ ყველა ცდილობდა მეზობლის მსგავსი ჭიქების ან თეფშების ნაკრების შეძენას. სამწუხაროა, რომ რიგში დგომით და სიით მოპოვებული ფუფუნების ნივთების უმეტესობა არასოდეს გამოუყენებიათ.
ჭურჭელს ქარხნულ ყუთებში ანტრესოლზე ინახავდნენ ან სერვანტში ინახავდნენ დეკორაციად. ამიტომაც, ამ იშვიათი სილამაზის უმეტესობა დღემდე შემორჩა ახალივით ან თითქმის ახალივით.
ფაიფურის სერვიზი „კობრის ოჯახი“
ძნელია იპოვოთ სახლი ან ბინა, რომელსაც არ ჰქონდა სხვადასხვა ზომის ფაიფურის თევზის ნაკრები. ლიქიორის ეს ნაკრები შედგებოდა ჭიქებისა და დოქისგან, რომელიც იკავებდა თავის ადგილს სერვანტში და არასდროს გამოიყენებოდა დანიშნულებისამებრ.
დღეს ეს ნაკრები შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა ვებგვერდზე 5-15 ევროდ. დიდი ფასი არ აქვს, მაგრამ ჯერ არ ღირს მისი გატანა ნაგავსაყრელზე, რადგან ყოველწლიურად იზრდება მოთხოვნა საბჭოთა ანტიკვარებზე.
ბროლი
საბჭოთა ადამიანის სერვანტში არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ბროლს. ბროლის ჭიქების, ლარნაკების და საშაქრეების ქონა საბჭოთა მდიდარი ბინის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო. გასაკვირი არ არის, რომ ამ ჭურჭელმა ჩვენამდე პირვანდელი სახით მოაღწია.
რა უნდა გააკეთოთ, თუ უპირატესობას ანიჭებთ ოდნავ განსხვავებულ ჭურჭელს, ხოლო ბებიისგან მემკვიდრეობით მიღებული ბროლი საკუჭნაოში იმტვერება? თურმე ასეთი იშვიათი ნივთები შეგიძლიათ გაყიდოთ.
ერთი ბროლის საკანფეტეს ან საშაქრეს ფასი 5 ევროდან იწყება და დამოკიდებულია ზომაზე და მწარმოებელზე. თუ გადაწყვეტთ ბროლის ჭიქების ნაკრების გაყიდვას, ნაკრებისთვის 15 ევრო შეიძლება მიიღოთ.
ფერად ბროლზე განსაკუთრებული მოთხოვნაა. ლურჯი ან წითელი ბროლის ჭიქების ნაკრების ფასი 200 ევროდან იწყება.
ფაიფურის სერვიზი „მადონა“
საბჭოთა პერიოდში სახლში ფაიფურის ნაკრების ქონა განსაკუთრებულ ფუფუნებად ითვლებოდა და რაც მეტი ელემენტი იყო სერვიზში, მით უკეთესი. საშუალოდ საბჭოთა ოჯახში ფაიფურის გამოყენება მიღებული არ იყო. შემთხვევით, რომ არ გატეხილიყო და ნაკრებს არ დაჰკლებოდა.
საბჭოთა ელიტის სახლებში სერვიზს ზოგჯერ იყენებდნენ. ხშირად ეს ხდებოდა სტუმრების მიღებისას ან დიდ დღესასწაულებზე.
ყველა საბჭოთა დიასახლისი ოცნებობდა „მადონას“ სერვიზზე. ეს ჭურჭლის ნაკრები შემოვიდა გდრ-დან, სადაც ფაიფური ჩინურს ძალიან ჰგავდა.
სერვიზი გამორჩეული იყო მოხატულობით, რაც საბჭოთა ჭურჭლისთვის უჩვეულო იყო. ცნობილი მაისენის მოხატულობის და ოქროს ელემენტების ხელახალმა ბეჭდვამ ფაიფური ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად აქცია.
იყო ყავის, ჩაის და სასადილოს სერვიზები, ასევე დიზაინით განსხვავდებოდა.
თუ გაქვთ ასეთი ფაიფურის სერვიზი, უნდა იცოდეთ, რომ ნივთების რაოდენობის და მისი მდგომარეობის მიხედვით კოლექციონერებში მისი ფასი 130 ევროდან იწყება.
საჭიქე
ჩვენს მოგონებებში საბჭოთა მატარებელი ასოცირდება არომატულ ჩაისთან, რომელიც გამცილებელს შემოჰქონდა საჭიქეში ჩადებული ჭიქით. ამ ნივთის პრაქტიკულობაში ეჭვი არავის ეპარებოდა, ამიტომ სსრკ-ში საჭიქე დიდი რაოდენობით იწარმოებოდა, სხვადასხვა მასალისგან და განსხვავებული დიზაინით.
ახლა საჭიქეს ზოგიერთი საბჭოთა მოდელი 200-დან 700 ევრომდე იყიდება. საუბარია გასული საუკუნის დასაწყისში დამზადებულ ვერცხლის ნიმუშებზე. საბჭოთა წარმოების მელქიორის საჭიქე 10 ევროდ შეგიძლიათ იყიდოთ.
სამოვარი
ელექტრო ჩაიდანი ჩვენს სახლებში არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა. ადრე ამ ფუნქციას სამოვარი ასრულებდა. მასთან ერთად ჩაის სმა ძალიან მყუდრო და ატმოსფერული ხდება, ამიტომაც ჭეშმარიტი დამფასებლები დღემდე ამ მოწყობილობას იყენებენ.
თუ გაქვთ მუშა საბჭოთა სამოვარი, არ გადააგდოთ. მდგომარეობის და გამოშვების წლიდან გამომდინარე სსრკ-ში წარმოებული სამოვრის ფასი 60 ევროდან იწყება.
თუჯის ჭურჭელი
ვისაც ბებიისგან მემკვიდრეობით მიღებული აქვს ნამდვილი თუჯის ტაფა, დაადასტურებს, რომ ასეთი ჭურჭლის ხარისხი თანამედროვეს არ შეედრება. ნამდვილ თუჯის ჭურჭელში საკვები იდეალურად შუშდება, იწვება და ცხვება, ხოლო ჭურჭლის გარეგნობა არ იცვლება.
თუ სამზარეულოში გაქვთ თუჯის ქვაბები და ტაფები, რომელთაც დიდი ხანია აღარ იყენებთ, შეგიძლიათ გაყიდოთ. მათი ფასი 15 ევროდან იწყება და მდგომარეობიდან გამომდინარე იზრდება.
საცხობი ფორმები
საბჭოთა ცომეულის ნამდვილი მოყვარულები ვერასდროს დაივიწყებენ შესქელებული რძით სავსე კაკლის გემოს და არომატს. მომზადების ერთ-ერთი საიდუმლო იყო სპეციალური ფორმები, რომელიც ჰგავს ორი ნახევრისგან შემდგარ ტაფას.
ასეთი ფორმით შეგეძლო მოგემზადებინა სხვადასხვა ფორმის ტკბილეული, შემდეგ კრემით, შესქელებული რძით შეგევსო ან ისე პირდაპირ გეჭამა.
თუ გადაწყვეტთ მის გაყიდვას, მსგავსი საცხობი ფორმის ფასი 1 ევროდან იწყება.
ნაძვის ხის სათამაშოები
ნაძვის ხის სათამაშოები ჭურჭლის კატეგორიას არ მიეკუთვნება, მაგრამ ზოგიერთი საბჭოთა ნიმუშით კარგა თანხა შეგიძლიათ იშოვოთ. მინის სათამაშოების ფასი 4 ევროდან იწყება. თითქოს დიდი თანხა არ არის, მაგრამ რამდენიმე ცალის გაყიდვით დიდ მოგებას ნახავთ.
ბამბის სათამაშოები ყველაზე ძვირად იყიდება. ერთი ასეთი ნაძვის ხის სათამაშოსთვის ზოგიერთი კოლექციონერი 50 ევროსაც იხდის.
სხვენის ან საკუჭნაოს დალაგებისას არ იჩქაროთ იმ ნივთების გადაყრა, რომლებიც მოძველებული და უსარგებლო გეჩვენებათ. იქნებ, ნივთმა, რომლის გადაგდებას გეგმავთ, თქვენ ფული მოგიტანოთ, ხოლო ვიღაცას დიდი სიხარული აჩუქოს.