ტერმინი „რევმატიზმის“ ქვეშ უამრავი დაავადება განიხილება, რომელიც ძვალ-კუნთოვან სისტემას აზიანებს, მათ შორისაა რევმატოიდული ართრიტი, ანკილოზირებადი სპონდილიტი, პოდაგრა. ამ პათოლოგიების საერთო სიმპტომებია ტკივილი და ანთება.
რევმატოლოგები დაახლოებით 100 რევმატულ დაავადებას გამოყოფენ. ისინი არა მხოლოდ ძვლებსა და კუნთებზე, არამედ ნერვებზე, კანსა და შინაგან ორგანოებზე გავლენას ახდენენ. მათ სხვადასხვა მიზეზი აქვთ, ზოგიერთის მიზეზი კი დღემდე უცნობია. ხშირად რევმატიზმი ტიპიური ზამთრის ინფექციების შემდეგ ვითარდება: ტონზილიტი (ანგინა), ქუნთრუშა (ალისფერი ცხელება), მწვავე რესპირატორული ინფექციები. ამასთან, რევმატიზმი ზოგჯერ გადატანილი უსიამოვნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ვლინდება.
რევმატული დაავადებები ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება, თუმცა ახალი შემთხვევების უმეტესობა 55-64 წლის ქალებში გვხვდება. კაცებს რევმატიზმი არა მხოლოდ იშვიათად, არამედ უფრო გვიან აწუხებთ.
რევმატული დაავადებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია რევმატოიდული ართრიტი, ე.წ. პოლიართრიტი.
რევმატოიდული ართრიტის ტიპიური ნიშნები
რევმატოიდული ართრიტის ნიშნები მტკივნეული და რთულად მოძრავი სახსრებია, განსაკუთრებით თითებსა და ტერფებზე. ეს სიმპტომები შეიძლება მშვიდ მდგომარეობაშიც გამოვლინდეს.
ყველაზე ხშირად უსიამოვნება ხელის და ფეხის თითებზე ვლინდება, მაგრამ ასევე შეიძლება მაჯები, მუხლები, მხრები ან იდაყვები დააზიანოს.
რევმატოიდული ართრიტის ტიპიური სიმპტომები:
- შეშუპება
- სახსრების ტკივილი
- დაზიანებული სახსრების ადგილას გახურება და სიწითლე
- სახსრების შეზღუდული მოძრაობა
რევმატოიდული ართრიტის ეს ნიშნები ორგანიზმში ანთებითი პროცესის კლასიკურ ნიშნებსაც წარმოადგენს.
რევმატიზმის ნაადრევი ნიშნები
რევმატიზმის ნაადრევ ნიშანს სახსრების ტკივილი წარმოადგენს, რომელიც თითქმის პაციენტთა 100%-ში ვლინდება: ხშირად ასეთი ტკივილი მუხლებზე, იდაყვებსა და კოჭებში მწვავედ და ლოკალურად ვლინდება.
რევმატიზმის უჩვეულო სიმპტომები
ექიმები რევმატიზმის მანიშნებელ სხვა სიმპტომებსაც გამოყოფენ:
ცხელება, სწრაფი დაღლა და ინტოქსიკაციის სიმპტომები – თავის ტკივილი, სისუსტე (ასეთი სიმპტომები შეიძლება ანგინიდან 2-3 კვირის შემდეგ გამოვლინდეს);
გულის პრობლემები – ეს რევმატიზმის 80% შემთხვევაში ვლინდება. ამასთან აღინიშნება ტკივილი, გახშირებული გულისცემა და ქოშინი.
რა უნდა იცოდეთ რევმატიზმის შესახებ?
ხშირად რევმატიზმს სახიფათო პათოლოგიად არ აღიქვამენ, თუმცა ამ დაავადების განვითარებამ ანთების ნიადაგზე შეიძლება ქსოვილების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა ქსოვილების ძალიან სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეძენილი გულის მანკის მიზეზი ხდება.
თავად რევმატიზმი, როგორც დაავადება, შეიძლება წლების განმავლობაში ვითარდებოდეს. ძლიერი რესპირატორული ინფექციის შემდეგ რევმატიზმმა შეიძლება ნახევარ წელში თავი იჩინოს.