ექიმი ყვება, თუ რომელ პროდუქტებს შეუძლია თირკმლების განადგურება და დაცვა

5644
photo by mohamed Hassan on Pixabay

იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს თირკმლების გამაჯანსაღებელი კვება, და რომელი პროდუქტები აზიანებს წყვილ ორგანოებს, ისაუბრებს კლემენს კოენი, მიუნხენის ჰარლახინგის თირკმლების დაავადებების, მაღალი წნევისა და რევმატიზმის სამკურნალო კლინიკის მთავარი ექიმი.

ექსპერტი ხაზს უსვამს: ადამიანთა ჩვევები, ბოლო წლებში, მკვეთრად შეიცვალა, დღეს მხოლოდ მათი მცირე ნაწილი ამზადებს საკვებს ყოველდღე – ისინი ყიდულობენ მზა კერძებსა და სწრაფ კვებას. სიტუაციას ფიზიკური აქტივობების უკმარისობა აუარესებს. შედეგად, ვითარდება დიაბეტი და ჰიპერტონია, რომლებიც თირკმლებზე ზეწოლას ზრდის.

-“ადამიანთა თირკმლები სისხლის მავნე ნივთიერებებისგან გაფილტრვისა და მათი შარდთან ერთად გამოყოფის დავალებას სრულყოფილად ვეღარ უმკლავდება. ყოველ მეათე ადამიანს თირკმლების ფუნქცია აქვს დარღვეული.” – ამბობს კლემენს კოენი.

ექიმი გვაფრთხილებს: თირკმლები დიდხანს, მდუმარედ იტანს პრობლემებს და არ გვტკივა (გამონაკლისს მხოლოდ თირკმელკენჭოვანი დაავადებები წარმოადგენს). თირკმლების დისფუნქცია შეიძლება საერთო სიმპტომებით გამოიხატოს, როცა ადამიანს უკვე დიალიზი ესაჭიროება. კვლევების თანახმად, თირკმლების ქრონიკული უკმარისობის შემთხვევები, ბოლო წლებში, სტატისტიკურად იმაზე უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე სხვა ნებისმიერი დაავადება.

-“ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი, მაღალკალორიულ პროდუქტებთან და ფიზიკური აქტივობის არარსებობასთან ერთად, ვნებს თირკმლებს სისხლის მაღალი წნევისა და დიაბეტის გამო. გარდა ამისა, ზოგიერთი ინგრედიენტი უშუალოდ ამძიმებს ჩვენი თირკმლების მდგომარეობას. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, როცა თირკმლების ფუნქცია უკვე დარღვეულია.” – ამატებს ექსპერტი.

კლემენს კოენი შემდეგ რეკომენდაციებს იძლევა თირკმლების გამოსაჯანმრთელებლად.

ნაკლები მარილი

დღეში უნდა მიიღოთ არაუმეტეს 6 გ მარილი. ამ ნივთიერების სიჭარბე იწვევს სტრესს ორგანოებში. თირკმლები სისხლიდან სრულად ვერ გამოდევნიან ნატრიუმის ქლორიდს, რაც სისხლის წნევას ზრდის.

ექიმის თქმით, მზა პროდუქტები განსაკუთრებით მდიდარია მარილით. არამხოლოდ ძეხვი, არამედ მზა პურფუნთუშეულიც დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს.

ნაკლები ფოსფატი

ფოსფატი მინერალია, რომელიც ძვლის სტრუქტურისთვისაა მნიშვნელოვანი. თუმცა, თუ მისი რაოდენობა ორგანიზმში ძალიან მაღალია, ეს იწვევს მფილტრავი ელემენტების გადატვირთვასა და სისხლძარღვების გაქვავებას (კალციფიკაციას).

კლემენს კოენმა აღნიშნა, რომ ფოსფატს ბუნებრივად შეიცავს მრავალი ხილი და ბოსტნეული, თუმცა, მცირე რაოდენობით და ისეთ დაკავშირებულ ფორმებში, რომლებსაც ორგანიზმი თითქმის ვერ ითვისებს, განსხვავებით საკვებ პროდუქტებში დამატებული ფოსფატისგან. E338-დან E341-მდე, ასევე, 343, 459 და 325 ნომრების ქვეშ, ფოსფატს შეიცავს, მაგალითად, კოლა, ძეხვი და მდნარი ყველი.

ცილის კონტროლი

თირკმლებს ცილაც ტვირთავს. 70 კგ წონის ადამიანს დღეში დაახლოებით 56 გ ცილა სჭირდება. 100 გ საქონლის ხორცი 26 გ ცილას იძლევა, 100 გ მაწონი – 5 გ-ს. ექსპერტი გვირჩევს, ხორცი კვირაში მხოლოდ ერთხელ მივირთვათ.

-“თირკმლების ჯანმრთელობისთვის იდეალურია ხმელთაშუაზღვისპირული დიეტა. ცოტაოდენი ხორცი, მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთი, ცოტაოდენი თევზი და ბევრი ხილი, ბოსტნეული და უჯრედისი.” – გვირჩევს ექიმი.

ასევე, იგი დაჟინებით გვირჩევს, მივირთვათ მხოლოდ შინ მომზადებული საკვები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს