5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მიიღოთ მაგნიუმით მდიდარი პროდუქტი

319
photo by silviarita on Pixabay

თუ თქვენს ორგანიზმს მაგნიუმის რაოდენობა არ ჰყოფნის, შეიძლება წააწყდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას, მათ შორის, გულის იშემიურ დაავადებასა და მეორე ტიპის დიაბეტს. ჩვენი რედაქცია გეტყვით, თუ რა უპირატესობები აქვს კვების რაციონში მაგნიუმით მდიდარი პროდუქტების რეგულარულ ჩართვას.

1. გვიცავს მეორე ტიპის დიაბეტისგან

ასეთი დიაბეტი მაშინ ჩნდება, როცა ორგანიზმს უვითარდება რეზისტენტობა (გამძლეობა) ჰორმონ ინსულინის მიმართ. ეს უკანასკნელი სისხლში შაქრის შემცველობას არეგულირებს. შედეგად, უარესდება ორგანიზმის უნარი, გაფილტროს სისხლი შაქრისგან და გადაიტანოს იგი უჯრედებში, ენერგიად გარდასახვის მიზნით. შედეგად, სისხლში შაქრის დონე იმატებს.

მაგნიუმის დეფიციტი აღნიშნული პროცესის განვითარების რისკს ზრდის. თავის მხრივ, მაგნიუმით მდიდარი პროდუქტის მოხმარება აუმჯობესებს ორგანიზმის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ამცირებს დიაბეტის ალბათობას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაგნიუმის მაღალი შემცველობა დაკავშირებულია დიაბეტის განვითარების რისკის 23%-იან შემცირებასთან.

2. აუმჯობესებს გულის მდგომარეობას

მაგნიუმი გვეხმარება გულის გაჯანსაღებაში. ამერიკული კარდიოლოგიური ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მაგნიუმის რეგულარული მოხმარება ამცირებს გულის იშემიური დაავადებებისა და გულით უეცარი გარდაცვალების რისკს. გარდა ამისა, მაგნიუმი ეხმარება ჰიპერტონიკებს არტერიული წნევის დარეგულირებაში.

3. ხელს უშლის დეპრესიას

რამდენადაც მაგნიუმი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტვინის ცხოველქმედებასა და განწყობაზე, ამ მინერალის არასაკმარისმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური დარღვევების რისკის მომატება. ვიტამინ B6-თან ერთად, მაგნიუმი მოქმედებს, როგორც ეფექტური ანტისტრესული მიკროელემენტი, და ახდენს მარეგულირებელ გავლენას ნერვულ გადატვირთვაზე, დეპრესიასა და ნევროზზე.

4. აცხრობს ანთებას

მაგნიუმი ორგანიზმზე ანთების საწინააღმდეგო ეფექტსაც ახდენს (მაგალითად, კვლევების მიხედვით, იგი ამცირებს ანთებით მარკერ CRP-ს). მინერალის ხშირი მოხმარება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ანთებასთან დაკავშირებული დაავადებები, მაგალითად, ართრიტის სხვადასხვა ფორმა ან ზურგის ტკივილი აწუხებს.

5. გვაახალგაზრდავებს

მაგნიუმის უკმარისობა შეიძლება უარყოფითად აისახოს კოლაგენის სინთეზზე, ეს უკანასკნელი კი შემაერთებელი ქსოვილის გამძლეობასა და მედეგობას, აგრეთვე, კანის ელასტიურობას უზრუნველყოფს. მაგნიუმის უკმარისობის შედეგად, კანი შეიძლება ნაადრევად დაბერდეს – გაუწყლოვდეს, დაიფაროს ნაოჭებით.

მაგნიუმის შემცველი პროდუქტი

მაგნიუმს ორგანიზმი დამოუკიდებლად ვერ გამოიმუშავებს, მთელი დღიური ნორმა საკვებითა და სასმელი წყლით უნდა შეივსოთ.

მაგნიუმით განსაკუთრებით მდიდარია:

  • მურა წყალმცენარე
  • თევზი
  • ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, მწვანე ხახვი, რუკოლა, ბროკოლი)
  • პარკოსანი მცენარეები
  • სრული მარცვლები
  • ჩირი
  • ბანანი
  • კენკრა
  • მუქი შოკოლადი
  • თხილი

მაგნიუმის დღიური ნორმა ზრდასრულებისთვის 280-400 მგ-ს შეადგენს (დაახლობიეთ 4-5 მგ/კგ სხეულის მასისა).

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს