5 მითი ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებების შესახებ

739
photo by rawpixel.com on pxhere

ვაშლის ძმარი ხშირად განიხილება, როგორც ჯანმრთელობისთვის ბევრი სასარგებლო თვისების მქონე პროდუქტი, მაგრამ ის ნამდვილად გვეხმარება? ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებების შესახებ ზოგიერთი მტკიცებულება უბრალოდ მითია, ამის შესახებ Focus.de წერს.

ვაშლის ძმარი და ნივთიერებათა ცვლა. ხშირად ვაშლის ძმრის მიღებას წონაში დასაკლებად გვირჩევენ. არსებობს თეორია, რომ მისი მიღება ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. სინამდვილეში მსგავსი თვისება დაუსაბუთებლად მიეწერება, რადგან არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს, რომ ვაშლის ძმარი ნივთიერებათა ცვლის პროცესს და შედეგად წონაში დაკლებას ხელს უწყობს. თუ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე მონაცემები არსებობს, ისინი ნაკლებად ცნობილ ჟურნალებში გამოქვეყნებული ძალიან მცირე კვლევებიდან არის მიღებული.

ვაშლის ძმარი და ტოქსინები. შესაძლოა, თქვენც გაგიგიათ, რომ ვაშლის ძმრის მიღება ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში დაგეხმარებათ. დიეტოლოგი ები ლანგერი ჟურნალ “SELF”-თან ინტერვიუში აცხადებს: ეს სიმართლე არაა.

„ჩვენი სხეული ისეა მოწყობილი, რომ ტოქსინებისგან დამოუკიდებლად იწმინდება. ამისთვის ღვიძლი, თირკმლები და ნაწლავები მუშაობს. მათზე უკეთ ამას ვერაფერი გააკეთებს. სწორედ ამიტომ, სადღაც წაკითხული ინფორმაციის მიუხედავად, ვაშლის ძმარი ორგანიზმის გამწმენდი ჯადოსნური საშუალება არაა“ – განმარტავს ლანგერი.

ვაშლის ძმარი და მადა. ვაშლის ძმარს როგორც მადის შემამცირებელ საშუალებას ხშირად რეკლამას უკეთებენ. თუმცა ჯერ კიდევ საიმედოდ დამტკიცებული არაა, რომ მისი მიღება მადას აქვეითებს.

ექსპერტების აზრით, თუ ადამიანი საკვების მიღებებს შორის ძლიერ შიმშილს გრძნობს, მადის დაქვეითება პრობლემის გადაჭრას არ წარმოადგენს. ამის ნაცვლად, სჯობს საკვებს გადახედოთ და გაარკვიოთ საკმარისი რაოდენობის კალორიას და მკვებავ ნივთიერებებს იღებთ თუ არა.

ვაშლის ძმარი და სისხლში შაქრის დონე. ჟურნალ Functional Food-ში 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაშლის ძმრის მიღებამ შეიძლება სისხლში შაქრის დონე შეამციროს. კვლევის ფარგლებში, ყველა მონაწილეს 12 კვირის განმავლობაში ვაშლის ძმრის ყოველდღიური მიღების შემდეგ სისხლში შაქრის უფრო დაბალი დონე ჰქონდათ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კვლევა მხოლოდ 14 ადამიანზე ჩაატარეს. სპეციალისტები თვლიან, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რჩევები არც ერთმა ადამიანმა არ უნდა მიიღოს, თუ ეს ძალიან პატარა პროექტის შედეგებს ეყრდნობა.

ვაშლის ძმარი და ათვისება. ვაშლის ძმარი წყალში გაზავებული უნდა მიიღოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ზოგიერთი ადამიანისთვის მისი მიღება შეიძლება უსიამოვნო შედეგებით დასრულდეს. ჟურნალში „სიმსუქნე“ 2014 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კვლევის მონაწილეებს ვაშლის ძმრის მიღების შემდეგ ნაკლები მადა ჰქონდათ, თუმცა მადის შემცირება  გამოწვეული იყო გულისრევით, რომელიც ადამიანებს ძმრის მიღების შემდეგ აწუხებდათ.

სპეციალისტები გირჩევენ, რომ კუჭის მგრძნობელობის დროს ვაშლის ძმრის მიღებისგან თავი შეიკავოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს