ყოველდღიურ რაციონში ახალ დაფქული შავი წიწაკის დამატებით თავიდან ეფექტურად აიცილებთ ხველას და სურდოს, რომლებიც ზამთარში ხშირად გვხვდება. გარდა ამისა, შავი წიწაკა სხვა სარგებელსაც მოგიტანთ, მაგალითად, ჭარბი წონის მოშორებაში დაგეხმარებათ.
შავი წიწაკა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სანელებელია. ის კერძს არა მხოლოდ არომატს მატებს, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების მთელ სპექტრს შეიცავს. კერძოდ, ყოველდღიურ რაციონში ახალ დაფქული შავი წიწაკის დამატებით თავიდან აიცილებთ ხველას და სურდოს, რომლებიც ზამთარში მუდმივად გვიტევენ. შავ წიწაკაში შემავალი ანტიოქსიდანტები საჭმლის მონელებას აუმჯობესებენ და წონის შემცირებას ხელს უწყობენ, ამის შესახებ Timesnownews.com წერს.
კვლევებმა აჩვენა, რომ შავი წიწაკა ბიოაქტიურ, ფიტოქიმიურ პრეპარატს პიპერინს შეიცავს, რომელიც მრავალრიცხოვან სამკურნალო, მათ შორის ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო, თვისებებს ფლობს. ამის გარდა პიპერინს ანტიმუტაგენური, სიმსივნის საწინააღმდეგო, ანტიართრული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტიდეპრესანტული თვისებები ახასიათებს.
შავის წიწაკის მოხმარების სარგებელი ჯანმრთელობისთვის
ანთებას ამცირებს. შავი წიწაკა პიპერინის შემცველობის წყალობით ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს. ის დაგეხმარებათ ქრონიკულ ანთებასთან ბრძოლაში, რომელიც შეიძლება გულის დაავადებების, ინსულტის, დიაბეტის და სიმსივნის მთავარ ფაქტორს წარმოადგენდეს.
ხველას და სურდოს ებრძვის. შავი წიწაკა ანტიბაქტერიულ თვისებებს ფლობს, რომელიც ხველის და სურდოს განკურნებაში დაგეხმარებათ. მწიკვი ახალ დაფქული შავი წიწაკა 1 ჭიქა ჩაის და 1 კოვზ თაფლს დაუმატეთ – ასე ერთ-ერთ საუკეთესო შინაურულ ხველის საწინააღმდეგო საშუალებას მიიღებთ.
წონის დაკლებას ხელს უწყობს. შავ წიწაკაში შემავალი პიპერინი ცხიმის წვას ხელს უწყობს და ცხიმოვანი უჯრედების ზრდას აფერხებს.
სისხლში შაქრის დონის კონტროლს აუმჯობესებს. შავი წიწაკის მოხმარებამ შეიძლება სისხლში შაქრის ცვლის გაუმჯობესებას ხელი შეუწყოს. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ვირთხები, რომლებიც შავი წიწაკის ექსტრაქტს იღებდნენ, გლუკოზის მიღების შემდეგ სისხლში შაქრის დონე უფრო ნაკლებად ეცვლებოდათ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის ვირთხებს.
ყაბზობისგან დაგიცავთ. პიპერინი ნაწლავების გაზის წარმოქმნას აფერხებს და ყაბზობის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.