ეს მცენარე თითქმის ნებისმიერ პირობებში იზრდება. იგი შეიცავს მფრინავ ზეთს (რომლის შემადგენლობაშიც შედის ფენოლები, თავისუფალი სპირტები და სხვა ნივთიერებები), ტანინები, ასკორბილის მჟავა, ტიმოლი, კაროტინი, საღებავები და სხვ.
სამეცნიერო მედიცინაში, თავშავა გამოიყენება ნაწლავების ატონიის დროს, მადის აღსაძვრელად, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, ამოსახველებელ საშუალებად.
ხალხში თავშავას იღებენ ჩაის სახით, ნაწლავების, ფილტვების, საშარდე გზების (ბაქტერიციდული მოქმედება) დაავადებების, საჭმლის მონელების დარღვევის, მეტეორიზმის, კუჭის ატონიის, ხველის, ბრონქული ასთმის, ყივანახველას, ფილტვების აქტინომიკოზის, პარაზიტებით დაინფიცირების, უძილობის, ნერვოზის, ფსიქიკური აშლილობის, რადიკულიტის დროს. თავშავას ნახარშით იბანენ თავს თმისცვენისა და ქერტლის დროს, კვირაში ორჯერ.
თავშავა სანელებლის სახით გამოიყენება კულინარიაში, კიტრისა და პომიდვრის მწნილების მოსამზადებლად, ხორციან კერძებთან, ჩაის სუროგატად, ბოსტნეულის გაფუჭებისგან დასაცავად, ჩრჩილისა და ჭიანჭველების დასაფრთხობად.
თავშავას ნაყენს იყენებენ ფურუნკულების, ნაწიბურების დროს, კომპრესების სახით, ასევე, ყელის სავლებად ანგინის, სტომატიტის, გინგივიტის (ღრძილების ანთების) დროს.
თავშავას ინფუზიას იყენებენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. მის მოსამზადებლად, 1 დ.კ. დაქუცმაცებულ ხმელ ბალახს ყრიან ჭიქაში და ასხამენ მდუღარე წყალს, აყენებენ 15-20 წუთით, ხოლო შემდეგ დანიშნულებისამებრ იყენებენ.
ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს, 15 გ ბალახს აყენებენ 200 მლ მდუღარე წყალში, წურავენ და სვამენ დღეში ორჯერ, 50-50 მლ (უზმოზე და ძილის წინ), 3-4 კვირის განმავლობაში.
ჩაის ნაკრები თავშავათი: შეურიეთ თითო წილი ხმელი თავშავა, პიტნა, ასკილის ყვავილის ფურცლები, მელისის ფოთლები და შავი ანწლის ყვავილები. 0.5 ლ მდუღარე წყლისთვის აიღეთ 1 ს.კ. მასა. ჩაიდანში ჯერ ჩაასხით მდუღარე წყალი, ხოლო როცა იგი კარგად გათბება, მდუღარე გადაასხით, სწრაფადვე ჩაყარეთ ბალახეული, დაასხით ახალი მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და შეახვიეთ თბილ ქსოვილში. 15-20 წუთში ჩაი მზად იქნება.
მწნილების მომზადებისას, უმი ან ხმელი ბალახის ფოთლებიან და ყვავილებიან ღეროების ზედა ნაწილს ათავსებენ კიტრის, სოკოს, პომიდვრის მწნილებში, მუხისა და ალუბლის ფოთლებთან ერთად. გარდა იმისა, რომ კერძს სასიამოვნო არომატი ექნება, პროდუქტი უფრო მეტხანსაც ინახება.
თავშავას სამკურნალო სასმელი: 35 გ ხმელი ბალახი ჩაყარეთ 2 ლ მდუღარე წყალში, დაახურეთ თავსახური, გამორთეთ ცეცხლი და დააყენეთ 4 საათით. გადაწურეთ, შეურიეთ 150 გ თაფლი ან 200 გ შაქარი, გახსენით იგი სასმელში, ჩაასხით ბოთლში და გააგრილეთ.
თავშავა კომპოტის არომატიზაციისთვის: ჩრდილში გამხმარი თეთრ ქაღალდში გახვეული, ბალახი შეინახეთ ხის ან რკინის ჭურჭელში. მარლის ტომარაში მოათავსეთ დაქუცმაცებული თავშავა და, სანამ კომპოტი მოიხარშება, ჩადეთ ეს ტომარა 2-3 წუთით, დაწურეთ ხის კოვზითა და ქვაბის კედლით და ამოიღეთ ქვაბიდან.
არომატული ბურახი თავშავათი: მარლის ტომარაში ჩადეთ თავშავა, ტომარა მოათავსეთ 1 ლ ბურახის კონცენტრატის ბურახში, რომელმაც უკვე დაიწყო დადუღება, 9-14 საათით. ამის შემდეგ, ბურახის გემო წარმოუდგენლად სასიამოვნო იქნება. მიირთვით გრილი, თუმცა არა ცივი სასმელი.
თავშავას მოხმარებას უნდა მოერიდონ ფეხმძიმე ქალბატონები.