ანწლის ყვავილები ანთებისგან დაგიცავთ

629
photo by WikimediaImages on Pixabay

თუ ვიტყვით, რომ დედა ბუნებამ შავი ანწლი(ლათ. Sambúcus nígra) თეთრი მაქმანიანი ყვავილებით დაფარა იმისთვის, რომ ხალხის და მწერების ყურადღება მისკენ მიეპყრო, უმეტესობა ჩვენგანი ამას სერიოზულად არ მიიღებს: ყვავილობს, დაე, იყვავილოს!

ჩვ.წ.აღ-მდე მე-4 საუკუნეში ჰიპოკრატე ანწლს სამკურნალო მცენარედ იყენებდა, შუა საუკუნეებში მას ხანგრძლივი ცხოვრების ხედ მიიჩნევდნენ, ჯადოსნურ თვისებებს აწერდნენ და სწამდათ, რომ მასში კეთილი, მცველი სულები ცხოვრობდნენ. მას არა მხოლოდ სახლთან ახლოს რგავდნენ, არამედ ფარდულის და საფუტკრის გარშემოც, რომ მწერების და მღრღნელებისგან თავი დაეცვათ. ახლა ჩვენ, გონივრულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაუპატიჟებელ სტუმრებს ანწლის აქროლადი ეთერზეთი აფრთხობდათ და არა რაიმე მითიური არსება.

იმ დროიდან დღემდე ე.წ. სიცოცხლის ელექსირის რეცეპტმა მოაღწია, რომელიც ორგანიზმს დაჭკნობისგან იცავდა: 2 ს/კ ხმელ ნაყოფს 1 ლ წყალში 6 წუთით ადუღეთ, გადაწურეთ, 4-5 ს/კ თაფლი დაუმატეთ და ცხელი სასმელი დალიეთ. ხალხი ამ ბუჩქის ყვავილებსაც იყენებდა, რასაც თაობიდან თაობაზე გადაცემული მოქმედი რეცეპტები ადასტურებს.

იმის გასაგებად, თუ როდის და რატომ ხდება ანწლი ადამიანისთვის სასარგებლო, ყვავილის ბიოქიმიური შემადგენლობა უნდა შეისწავლოთ: C ვიტამინი (82 მგ%), რუტინი, ტანინები, შაქარი, ორგანული მჟავები, ეთერზეთი, ლორწო და გლუკოზა. სწორედ ეს ნივთიერებები მცენარის ოფლმდენ, სიცხის დამწევ, ანთების საწინააღმდეგო და გამაგრილებელ მოქმედებას განაპირობებენ.

სწორედ ამიტომ, ყვავილების ნაყენი სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადების (ბრონქიტი მშრალი ხველით და მკერდის ხრიწინით, ლარინგიტი, გრიპი და სურდო) სამკურნალო საშუალებაა. 1 ს/კ ხმელ ყვავილს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 20-30 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. თაფლი დაუმატეთ და 0,5 ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 3-4-ჯერ დალიეთ.

ანწლის ყვავილები ძალიან ბევრი სამკურნალო ნარევის უცვლელი ინგრედიენტია. მაგალითად, ბრონქიტის, პნევმონიის, პლევრიტის დროს დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ¼ ჭიქა ასეთი ნარევის ნაყენს სვამენ: თითო ჩაის კოვზი ანწლის ყვავილები, ვირისტერფას ფოთლები, მატიტელას ბალახი აიღეთ და 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ნახევარი საათით დააყენეთ.

გრიპის დროს ანწლის და თეთრი აკაციის ყვავილებს თანაბარი პროპორციით ურევენ. 4 ს/კ ნარევს 3 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ და 1 საათით დააყენეთ. გადაწურეთ და დღის განმავლობაში ყლუპობით დალიეთ.

ხშირად, განსაკუთრებით ბავშვებში, ყელის ტკივილი შუა ყურზე ვრცელდება, რაც ტკივილს და ცხელებას იწვევს. ამ შემთხვევაში პოლონელი ექიმები ასეთ ნარევს გირჩევენ: ანწლის და სალბის ყვავილები – თითო ნაწილი, ტირიფის ქერქი და ოროვანდის ფესვები – 2-2 ნაწილი. ½ ჩ/კ ნარევს 0,5 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და 10 წუთით ხარშეთ. პატარა ბავშვებს ნახევარი კოვზი დღეში 3-ჯერ, მოზარდ ბავშვებს 1-2 ჩ/კ მიეცით (მაშინაც კი, თუ ანტიბიოტიკს იღებენ).

როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალებას ანწლის ყვავილების პრეპარატს სავლებად იყენებენ ანგინის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სხვა ანთებითი დაავადების, თვალის და ყურის დაავადების, რევმატული ტკივილის და პოდაგრული სიმსივნის, ასევე ჰემოროიდალური კვანძების დროს.

კონიუნქიტივიტის მოსაშორებლად ასეთი ნაყენი მოამზადეთ: 15 გრ ნარევს (ანწლის ყვავილები, ღიღილოს ფურცლები, სელიჭას ბალახი თანაბრად აღებული) 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 8 საათით დააყენეთ და ბამბით გადაწურეთ. ამ ნაყენით შეგიძლიათ თვალების დაბანა, თითოეულ თვალში რამდენიმე წვეთის ჩაწვეთება და კომპრესების გაკეთება.

რევმატიზმის, პოდაგრას და ართრიტის დროს მ.ა.ნოსალი პაციენტებს ასეთ რეცეპტს უწერდა: 20 გრ ანწლის ყვავილებს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, კარგად შეფუთეთ და ღუმელში 6-8 საათით დააყენეთ. დღეში 3 ჭიქა ნაყენი დალიეთ.

სახსრების ტკივილის (პოდაგრა, რევმატიზმი) შესამცირებლად პატარა თეთრეულის ტომსიკებით 10-15 წუთით ცხელი კომპრესი გაიკეთეთ. ტომსიკა თანაბრად აღებული ანწლის და გვირილას ყვავილებით (შეგიძლიათ პირშუშხა დაამატოთ) აავსეთ, რომლებიც მდუღარე წყალში იქნება ადუღებული. კურსი – 10-15 დღე, ყოველდღე.

გინეკოლოგები გირჩევენ, რომ საშოს ანთებითი დაავადებების დროს ანწლის ყვავილების ნაყენი შესხურების, მცირე ოყნის ან აბაზანის სახით გამოიყენოთ. ამისთვის 30 გრ ნედლ მასალას 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 20 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ.

სამეცნიერო და ხალხური მედიცინა ანწლის ყვავილების ნახარშის და ნაყენის გამოყენებას მწვავე და ქრონიკული ცისტიტის, პიელონეფრიტის დროს გირჩევენ, რადგან ანთების საწინააღმდეგო თვისების გარდა, მას მსუბუქი შარდმდენი და სისხლის შემაჩერებელი მოქმედება აქვს. ხალხში 1 ჭიქა ნაყენს (1 ჩ/კ ყვავილს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 10-20 წუთით დააყენეთ) დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ყლუპობით სვამენ გულის შეშუპების, ათეროსკლეროზის, ძირმაგრის, კანზე გამონაყარის და თიაქრის დროს.

შესაძლოა, ასეთი მკურნალობა ეფექტურია, რადგან ანწლის ყვავილები ქოლინს შეიცავს. ეს ნივთიერება B ჯგუფის ვიტამინებს მიეკუთვნება და ორგანიზმის ნაადრევ დაბერებას აფერხებს, გულის მოქმედებას სტიმულირებს, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მუშაობაში მონაწილეობას იღებს, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

განა ანწლის ნაყენი ხანგრძლივი ცხოვრების სასმელი არაა? განა ბევრ ორგანოს ანთებისა და ტკივილისგან არ იცავს? ამასთან ანწლის ხმელი ყვავილი სასიამოვნო სურნელს ფლობს. სწორედ ამიტომ, მას ცომს უმატებენ. ცხობის დროს ნუშის არომატს იძენს.

იტალიაში სამკურნალო-პროფილაქტიკური პური ანწლის ყვავილებით შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ. მას დაახლოებით ასე ამზადებენ: ხმელი ყვავილები (1 მუჭა 1 კგ ცომზე) ნახევარი საათით წყალში გააჩერეთ, გაწურეთ და ცომს მოზელვის დროს დაუმატეთ.

ასევე ყვავილებს წვავენ. აი, ამ კერძის რეცეპტი: 6-8 ყვავილი აიღეთ, რამდენჯერმე გარეცხეთ. თითოეული ფქვილში, შემდეგ 2-3 ს/კ არაჟნის და 2 კვერცხის ათქვეფილ ნარევში, ამის შემდეგ თეთრ დაქუცმაცებულ ორცხობილაში ამოავლეთ და ზეთში შეწვით, სანამ არ შეწითლდება. ამის შემდეგ „კუდი“ მოაჭერით და მეორე მხრიდან შეწვით. სუფრაზე ცხელი სახით გაიტანეთ და ზემოდან გამდნარი კარაქი მოასხით.

ანწლის ყვავილებს ჩაის მოსამზადებლადაც იყენებენ: 1:3 პროპორციით ჩვეულებრივ ჩაის ან 1:1 პროპორციით ცაცხვის ყვავილებს უმატებენ.

ანწლის ყვავილების ფურცლებისგან ჯემს ამზადებენ. მაგალითად, ხმელი ყვავილი შეგიძლიათ ვაშლის ჯემს მომზადების დროს დაუმატოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს