-“იაპონური სოფორას სამკურნალო თვისებების შესახებ გავიგე. გთხოვთ, დაწერეთ, როგორ უნდა გამოვიყენო. პატივისცემით ი.ი. ფრანჩუკი, გ.შეპეტოვკა.”
ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ლიუბოვ დუდჩენკო იაპონური სოფორას (ლათ. Styphnolóbium japónicum) თვისებების და მისი გამოყენების შესახებ გიამბობთ.
იაპონური სოფორა პარკოსანი ოჯახის წარმომადგენელია, რომელიც სამკურნალო თვისებებით აკაციას ჰგავს, კარგი თაფლოვანა მცენარეა. ის შეიცავს ნივთიერებას (კერძოდ, რუტინს), რომელიც სისხლძარღვების კედლების გამაძლიერებელ თვისებას ფლობს და მათ სისუსტეს აფერხებს.
ხალხურ მედიცინაში სოფორას, კერძოდ მისი ყვავილის და ნაყოფის სამკურნალო საშუალებები უძველესი დროიდან სისხლძარღვების გამტარობასთან დაკავშირებული დაავადებების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ, ასევე ტვინსა და გულში სისხლდენის დროს გამოიყენება. სისხლძარღვების შემავიწროებელი თვისების გამო სოფორას ცხვირის სისხლდენის შესაჩერებლად იყენებენ, რომელსაც ხშირად ჰიპერტონია ახლავს.
იაპონური სოფორა, უფრო ზუსტად მისი თაფლი, რომელიც რუტინს შეიცავს, ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც ძლიერი ჰიპერტენზიული საშუალება. მცენარე ნერვულ სისტემას ტონუსს მატებს, ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს და ამით სხვადასხვა ორგანოებში კენჭების გაჩენას აფერხებს. სოფორას სამკურნალო საშუალებებს ათეროსკლეროზის, კუნთების კრუნჩხვების და მხედველობის გაუარესების პროფილაქტიკის მიზნით იღებენ.
ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით იაპონური სოფორა ბრონქიტის და ხველის დროს დაგეხმარებათ. მცენარის პრეპარატები ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ანთებას აქრობს და ლორწოს გამოდევნის.
სოფორასგან ყველაზე ხშირად სპირტიან ნაყენებს ამზადებენ. ამისთვის მცენარის კვირტებს და ნაყოფს იყენებენ. კვირტების ნაყენი ჰიპოტენზიულ საშუალებად გამოიყენება, ასევე კანის დაავადების დროს, მათ შორის ეგზემას, დერმატომიკოზის და ა.შ, დაზიანებულ ადგილებში ისვამენ. რეცეპტი: 70% სპირტზე 1:5 პროპორციით მზადდება. 20-40 წვეთ ნაყენს ჭამის შემდეგ დღეში 4-5-ჯერ სვამენ.
მწიფე ნაყოფის ნაყენს ჭრილობის შემახორცებელ საშუალებად, ასევე კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს იყენებენ. რეცეპტი: 56%-იან სპირტზე ამზადებენ 1:1 პროპორციით (ახალ ნაყოფზე) და 1:2 (ხმელი ნაყოფი).
გახსოვდეთ, რომ იაპონური სოფორას სამკურნალო საშუალებების გადაჭარბება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლძარღვების კედლები ელასტიკურობას დაკარგავს, უფრო სუსტი გახდება და შეიძლება ხელოვნური ათეროსკლეროზი და სისხლდენა გამოიწვიოს.