საკმარისია, ცივ ამინდში გარეთ სულ რამდენიმე წუთით გაჩერდეთ, რომ ყელში ღუტუნი, ცხვირიდან წყლისდენა, ყურების ჩაგუბება იგრძნოთ. მალე გამოჯანმრთელებისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად, გამოიყენეთ ბუნებრივი წამლები, რომლებიც არამხოლოდ ეფექტურად გაშორებთ დაავადებების გამოვლინებებს, არამედ არ ვნებს ადამიანის ორგანიზმს. მედიცინაში, ექინაცეაზე დაახლოებით 40 სხვადასხვა პრეპარატს ამზადებენ.
ასტიმულირებს უჯრედულ იმუნიტეტს
ექინაცეას ქიმიური შემადგენლობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს იმუნური სისტემის მძლავრი სტიმულატორები. ეს, კერძოდ, ეხება ბიომეტალებს, მათ შორის, ალუმინს, რკინას, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, სელენს, ბერილიუმს, ვერცხლს, კობალტს, მარგანეცს, თუთიასა და სხვ. ცნობილია, რომ ბიომეტალებს ორგანიზმზე იმუნომოდულატორული გავლენა აქვს. თავად ექინაცეა მსოფლიოში ცნობილია, როგორც ბუნებრივი წარმომავლობის იმუნომოდულატორი. კერძოდ, ექინაცეა ასტიმულირებს უჯრედულ იომუნიტეტს, უპირველეს ოვლისა, მემბრანებს, რითიც ხელს უშლის უჯრედში მიკროორგანიზმების მოხვედრას.
კიბოსა და დიაბეტის პროფილაქტიკა
მცენარე შეიცავს ვიტამინებს, კერძოდ, პროვიტამინ A-ს, რომელსაც ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, ზრდის ორგანიზმის საერთო რეზისტენტულობასა და მის თანამონაწილეობას უჯრედის დაყოფაში. შემთხვევით არაა, რომ სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ურჩევენ ექინაცეის, როგორც ტრადიციული თერაპიის დამხმარე საშუალების, გამოყენებას. ექინაცეას ჩვენებაა დიაბეტიც, რამდენადაც შეიცავს ინულინს, რომლის დაშლის პროდუქტიც ფრუქტოზაა.
ანთებითი პროცესების ჩახშობა
გარდა იმუნომოდულატორულისა, ექინაცეას პრეპარატს ანთებისსაწინააღმდეგო და ბაქტერიციდული მოქმედებები აქვს, აძლიერებს ქსოვილის საფრის ეპითელიზაციას დამწვრობის, ნაწოლების, კანის წყლულების დროს. ექინაცეა დადებითად მოქმედებს კანზე, მისი პრეპარატებით ინდიელები კურნავდნენ ეკზემას, ანთებით პროცესებს, ფსორიაზს, მწერების ნაკბენებს, კანის ინფექციებს და სხვ.
დღეს ექინაცეა გამოიყენება ინფექციური და მწვავე ვირუსული, კერძოდ, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს. კვლევებმა აჩვენა, რომ ექინაცეას გამოყენება რამდენჯერმე ამცირებს გაციების რისკს და ამოკლებს საწოლში გამოშუშების დროს 1-2 დღით. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, დაიწყეთ ექინაცეის მიღება გაციების პირველივე სიმპტომების დროს.
ყაბზობის, სტრესისა და დეპრესიის წინააღმდეგ
ექინაცეა სასარგებლოა კუჭისა და მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის. მაგალითად, მისი გამოყენება შეიძლება როგორც საფაღარათე და დამამშვიდებელ საშუალებებად. ამისთვის გამოგადგებათ მცენარის ჩაი – ქრონიკული პრობლემების დროს, 1 ფინჯანი ასეთი ჩაი (1 ჩ.კ. ექინაცეა 1 ჭიქა მდუღარე წყალზე) ყოველდღიურად დაგეხმარებათ ნაწლავის მოდუნებაში.
ხშირად, სწორედ ექინაცეას პრეპარატები ენიშნებათ მძიმედ დაავადებულ ავადმყოფებს, ადამიანებს სტრესულ მდგომარეობაში, გადაღლილობისა და დეპრესიის დროს.
ასევე, მცენარე ინიშნევა დეპრესიის, ნერვული და ფიზიკური გამოფიტვის დროს, სექსუალური პოტენციის გასაძლიერებლად.
მნიშვნელოვანია, რომ ექინაცეას პრეპარატების ხანგრძლივი მოხმარებაც კი, არ იწვევს მიჩვევასა და ნერვული სისტემის მოშლას. გამაჯანსაღებელი ეფექტი გამოვლენას იწყებს ექინაცეას პრეპარატების ერთკვირიანი მიღების შემდეგ.
მომზადება და გამოყენება
ფესვების ნაყენი: დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 70%-იანი სპირტი ან არაყი (1:10). გააჩერეთ 10 დღით ბნელ ადგილას, პერიოდულად შეანჯღრიეთ. მიიღეთ 20-30 წვეთი დღეში 3-4-ჯერ. გარეგანი გამოყენებისთვის, 20-60 წვეთი ნაყენი გახსენით 1 ჭიქა იზოტონიურ ხსნარში (სუსტი მარილხსნარი: 0.9 გ მარილი 100 მლ გამოხდილ წყალზე. იყიდება აფთიაქებშიც). გამოიყენეთ სველი კომპრესების სახით დამწვრობის, ჩირქოვანი ჭრილობების და სხვ. დროს.
გაფრთხილება! რამდენადაც ექინაცეა ზრდის სისხლის შედედებადობას, მისი პრეპარატები ფრთხილად უნდა მიიღოთ თრომბოზის, თრომბოფლებიტისა და სხვა მსგავსი დაავადებების დროს. ასევე, რეკომენდებულია დოზის მკაცრად დაცვა, თორემ გამაჯანსაღებელი ეფექტი მნიშვნელოვნად შემცირდება.