საზაფხულო სასმელები ჯანმრთელობის გასაძლიერებლად

0
173
ფოტო: pxhere

მცხუნვარე ზაფხულის დაწყებისთანავე ადამიანის ორგანიზმში ცვლილებები ხდება, რაც ნივთიერებათა ცვლას და უფრო მეტი სითხის მოთხოვნილებას უკავშირდება. ადამიანების უმეტესობა ჩვეულებრივ წყალს სვამს, მაგრამ ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლო სასმელიც არსებობს. ის არა მხოლოდ წყურვილს მოგიკლავთ, არამედ ოსტეოპოროზის, სიმსივნის, გულ-სისხლძარღვთა და თირკმლების დაავადებების რისკს შეამცირებს, ძვლებს გააძლიერებს, კბილებზე დადებით გავლენას მოახდენს და ნაადრევ დაბერებას შეაფერხებს.

ექიმები შეგახსენებთ, რომ მცხუნვარე ამინდში უფრო მეტი წყალი უნდა დალიოთ. გადახურების დროს ადამიანი ჭარბ ოფლიანობას იწყებს და ბევრ სითხეს კარგავს. სპეციალისტები გირჩევენ სითხის მოხმარება გაზარდოთ წყლის, წვენის, წვნიანის, ასევე ხილის და ბოსტნეულის „ფარული“ სითხის ხარჯზე. წყლის ბალანსის დასაცავად ზრდასრულ ადამიანს დღეში მინიმუმ 1,5 ლ წყალი, როცა ჰაერის საშუალო ტემპერატურა 21˚C-ია, 1,9 ლ წყალი – 26˚C ტემპერატურაზე და 3 ლ წყალი – 32˚C და უფრო მაღალი ტემპერატურის დროს. მიუხედავად ამისა, რთულია საკუთარ თავს იმდენი წყლის დალევა აიძულოთ, რამდენიც საჭიროა.

ჭარბი წყლის რაოდენობა ყველა ორგანოს, განსაკუთრებით თირკმლებს და გულს ტვირთავს. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია წყლის მიღება შეზღუდოთ ორსულობის, ჰიპერტონიის, გულის უკმარისობის და თირკმლების მუშაობის დარღვევის დროს.

ექიმები გირჩევენ, რომ ცხელ ამინდში უპირატესობა არა ცივ, არამედ ოთახის ტემპერატურის სასმელს მიანიჭოთ. წყურვილს ყველაზე უკეთ კლავს მწვანე უშაქრო ჩაი, უგაზო მინერალური წყალი, მსუბუქი შავი ჩაი ლიმონით, სახლის კომპოტი ჩირით ან მორსი, ბურახი და უშაქრო წვენები.

აზიურ ქვეყნებში უძველესი დროიდან სიცხეში ცხელ, ახალ მომზადებულ ჩაის სვამენ, აუცილებლად მწვანე ჩაის. საქმე იმაშია, რომ ის დიდი რაოდენობით ე.წ. „ცივ“ ელემენტებს შეიცავს, რომლებიც სხეულის ტემპერატურას ამცირებენ. ეს ელემენტები სწორედ მაშინ აქტიურდებიან, როცა ჩაი ცხელია. თუმცა დიეტოლოგები გირჩევენ, რომ დღეში 2 ჭიქაზე მეტი მწვანე ჩაი არ დალიოთ, რადგან მასში ტანინები შედის, რომელსაც კუჭის გაღიზიანება შეუძლია. ცხელი, შავი ჩაი წყურვილს ასევე კარგად კლავს.

ჩინეთში მწვანე ჩაი უძველესი დროიდან ხანგრძლივი ცხოვრების სასმელად მიიჩნევა. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ის ოსტეოპოროზის, სიმსივნის და გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკებს ამცირებს. მასში ბევრი ფლავონოიდი, პოლიფენოლი და ანტიოქსიდანტი შედის, რომლებიც უჯრედებს მავნე ზემოქმედებისგან იცავენ და თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებენ. ჩაიში შემავალი ფთორი ძვლებს აძლიერებს და კბილებზე დადებით გავლენას ახდენს. რეკომენდებულია, რომ მწვანე ჩაი უშაქროდ დალიოთ.

წყურვილს ასევე კარგად კლავს მინერალური წყალი. ამასთან დიეტოლოგები გირჩევენ, რომ მინერალური ნივთიერებების მინიმალური შემცველობის წყალი აირჩიოთ – ასეთი წყალი უკეთ ითვისება და შეშუპებას არ იწვევს.

შტოშის მორსი არა მხოლოდ წყურვილს კლავს, არამედ ღრძილების ანთებას აფერხებს და საშარდე გზების ინფექციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. სურდოს და ინფექციური დაავადების დროს მორსს დიდი რაოდენობით სვამენ.

უშაქრო წვენებს შორის, რომლის დალევა ზაფხულის მცხუნვარე ამინდში ღირს, პომიდვრის წვენი ლიდერობს. ის წყურვილს და შიმშილის გრძნობას კლავს. უმარილო პომიდვრის წვენის (თქვენს მიერ მომზადებული) რეგულარული მიღება ნაადრევ დაბერებას აფერხებს და სიმსივნით დაავადების ალბათობას ამცირებს. ეს კი მასში შემავალი ლიკოპინებით არის განპირობებული.

ცხელ ამინდში ტკბილი გაზიანი და კოფეინის შემცველი სასმელების მიღებისგან ექიმები თავშეკავებას გირჩევენ. ასევე რეკომენდებული არაა ლუდი და სხვა ალკოჰოლური სასმელი.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი