მანდარინი ყველაზე პოპულარული ხილია ციტრუსს შორის. არც ერთი ახალი წელი არ ჩაივლის მის გარეშე. თუ ოდესმე ამ ხილის შესანიშნავი გემოთი ტკბობა მხოლოდ ჩინეთის მდიდარ ფენას შეეძლო, ახლა მანდარინი თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია.
რაც უდავოა, ციტრუსის მთავარი ღირსებაა დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავის შემცველობა. მანდარინიც არაა გამონაკლისი. 1-2 ნაყოფის მირთმევით, თქვენ C ვიტამინის დღიურ ნორმას შეივსებთ. გარდა ამისა, იგი მდიდარია კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, B, A, P, K ვიტამინებით, ცელულოზითა და ორგანიზმისთვის აუცილებელი სხვა მრავალი ნივთიერებით.
მანდარინი აძლიერებს მადას, აუმჯობესებს საკვების მონელებას, ზრდის იმუნური სისტემის დონეს, არეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს. 1 ჭიქა მანდარინის წვენი, რომელსაც დილით დალევთ, გაწმენდს ფილტვებს ლორწოსგან და მოაშორებს შეშუპებას. წვენის მიღებით შეძლებთ ფაღარათის, პარაზიტების მოშორებას, ნაწლავების მიკროფლორის გაუმჯობესებას, თირკმელ- და ნაღველკენჭოვანი დაავადებების პროფილაქტიკას. ეს ყველაფერი შიგნიდან, ხოლო გარედან, ოქროსფერი ნექტარი უმკლავდება ფრჩხილების სოკოვან დაავადებას.
გარდა ამისა, სპეციალისტები საუბრობენ მანდარინის კანის სარგებლობაზეც: მისი მწარე ნაყენი აუმჯობესებს მადას, ხოლო ნახარში – არბილებს ხველას. იგი ეფექტურია მეტეორიზმის, დისბაქტერიოზის, ბრონქიტის და სხვ. დროს. თუმცა, ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ციტრუსის კანში შეიძლება დაგროვდეს ნიტრატები და სხვა ქიმიკატები, რომლებსაც ნაყოფის უფრო სწრაფად დამწიფებისთვის იყენებენ.
ამასთან, ცედრას ხშირად ფარავენ ცვილის თხელი ფენით, რათა გაახანგრძლივონ მოხმარების ვადა და უფრო მადისაღმძვრელი იერი ჰქონდეს ხილს.
ყურადღენა! მანდარინის მოხმარება არ შეიძლება ციტრუსზე ალერგიის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, მომატებული მჟავიანობის გასტრიტის, ქოლეცისტიტისა და ჰეპატიტის დროს.
ყველა სხვა დანარჩენისთვის, მანდარინი შეუცვლელი წყაროა ფიზიკური და სულიერი ძალებისაც. დიახ, სულიერისაც. მანდარინის არომატი ასტიმულირებს ენდორფინების – ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონების გამომუშავებას.
როგორ ავირჩიოთ მანდარინი: ციტრუსის შეძენისას, აირჩიეთ დიდი და შედარებით მძიმე ნაყოფები, მათი ზომა და წონა წვნიანობაზე მეტყველებს. მოერიდეთ დაზიანებულ ხილს – ნახეთქები კანზე, დაჭეჭყილი, ობიანი პროდუქტი. მკვეთრი კანის ფერი სიმწიფისა და ხარისხის აუცილებელი მაჩვენებელი სულაც არაა, ზოგიერთ სახეობას მწვანე ლაქებიც აქვს, მაშინაც კი, თუ ძალიან მწიფეა. მანდარინი, ფორთოხალთან შედარებით, უფრო სწრაფად ფუჭდება, ამიტომ უნდა ეცადოთ, არ დაარღვიოთ ნაყოფის სიმთელე და არ დაჭყლიტოთ იგი. შეინახეთ ხილი გრილ, მშრალ ადგილას – ასე იგი დიდხანს არ ფუჭდება. მაცივარში ციტრუსი ორ კვირამდე ინახება.
მანდარინით მკურნალობა
-გაციების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ, დალიეთ 1 ჭიქა მანდარინის წვენი ან კომპოტი, დღეში რამდენჯერმე. ვიტამინების ძლიერი ნაკადი აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უშლის დაავადების გამომწვევი ბაქტერიების მოქმედებას.
-უმადობის დროს, მიირთვით 0.25 ჭიქა წვენი ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 2-3-ჯერ.
-შეშუპებისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს, მიირთვით თითო მანდარინი დღეში 4-5-ჯერ, საკვების მიღებებს შორის, ან დალიეთ 0.25 ჭიქა წვენი დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
-თირკმლებში ან ნაღვლის ბუშტში ოქსალატური ან ურატული კენჭების დროს, მიიღეთ 1/3 მანდარინის წვენი, დღეში 5-6-ჯერ, მათ შორის, ღამის საათებშიც (დაიდგით წვენით სავსე ჭიქა საწოლის გვერდით და ღამით დალიეთ კიდევ ერთი ულუფა).
-დიზენტერიის დროს, მიიღეთ 0.5 ჭიქა მანდარინის წვენი დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე (ამასთან, საჭიროა დიეტის დაცვა).
-მეტეორიზმისა და დისბაქტერიოზის დროს, 1 ჩ.კ. მანდარინის დაქუცმაცებულ ხმელ კანს უმატებენ საკვებს.
-ბრონქიტის დროს ეფექტურია ასეთი რეცეპტი: 2 ს.კ.მანდარინის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1-2 საათით, გადაწურეთ და მიიღეთ ნაყენი თბილად, 0.5 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
-მშრალ ხველას განკურნავს ასეთი რეცეპტი: 2 ს.კ. მშრალ, დაქუცმაცებულ ცედრას დაასხით 1 ჭიქა არაყი, დააყენეთ 1 კვირით ბნელ, გრილ ადგილას და გადაწურეთ. მიიღეთ 20 წვეთი ნაყენი, გაზავებული 0.5 ჭიქა წყალთან, დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
-ფეხის სოკოს დროს, ფრჩხილის ზედაპირი დაიზილეთ მანდარინის კანით დღეში რამდენჯერმე.
-ფეხმძიმეების ტოქსიკოზის, გულისრევისა და ღებინების დროს, 1 ს.კ. ცედრას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ გაგრილებამდე, გადაწურეთ, მიიღეთ 0.25 ჭიქა დილით, საღამოს და საკვების მიღებებს შორის.
-გაციების, გრიპის, ხველის დროს იკეთებენ ინჰალაციებს: 1 მუჭა დაფქულ ცედრას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი ვიწროხვრელიან ჭურჭელს, შეგიძლიათ, ჩაის დასაყენებელი ჩაიდანი გამოიყენოთ, ისუნთქეთ ორთქლი 10-12 წუთით. პროცედურის შემდეგ არ შეიძლება სიცივეში გასვლა 1 საათის განმავლობაში.
-დაღლილობის, ხშირი ნერვული დაძაბულობის, სტრესის დროს, წვრილად დაქუცმაცებული მანდარინის კანი მოათავსეთ 10×7 სმ ზომის ბამბის ტომსიკაში, გააჩერეთ პოლიეთილენის პაკეტში, აუცილებლობისამებრ ამოიღეთ და შეისუნთქეთ არომატი 15 წუთის განმავლობაში.
-უძილობის, ნერვული დაძაბულობის, მომატებული არტერიული წნევის, გულისცემის აჩქარების დროს სასარგებლოა მანდარინის კანის აბაზანები: 1 ჭიქა ახალდაჭრილ კანს დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი, აადუღეთ, გააჩერეთ თავდახურული 1 საათით, გადაწურეთ, დაწურეთ და მიიღეთ აბაზანა, დაძინებამდე 1 საათით ადრე, 15 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ პროცედურა დღეჩაგდებით.