მაშა-ლობიო – მწვანე მარცვლები ჯანსაღი კვებისთვის

0
1809
ფოტო: PDPics on Pixabay

მაშა-ლობიო, იგივე ძაა (მუნგის მარცვლები, მწვანე მარცვლები, ლათ. Vigna radiata) – ერთწლიანი პარკოსანი კულტურაა, წარმოშობით ინდოეთიდან. მას სწორი, 1.5 მეტრამდე სიმაღლის, მყარი, მტკიცე და ბუსუსებიანი ღეროები აქვს.  ძაძა თვითდამტვერვადი მცენარეა, რომელსაც ყვითელი ან ლიმონისფერი ყვავილები აქვს. მისი ნაყოფი გრძელი, ვიწრო, ცილინდრისებრი ფორმის ლობიოა. თესლი – წვრილი ყვითელი ან მწვანე.  ლობიო მაშინ იკრიფება, როცა ნაყოფი მჭიდრო ხდება და ხრაშუნით ტყდება.

ძაძა ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის კულტურაა, რომელიც მოითხოვს ჰაერის მაღალ ტემპერატურას. იგი, ძირითადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ევროპის სამხრეთ მშრალ რაიონებსა და აშშ-ში მოჰყავთ. მ

მცენარე შეიცავს ძვირფას დიეტურ უჯრედისს, B ჯგუფის ვიტამინებს, მინერალებს (კალიუმს, კალციუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს), დაახლოებით 24% ცილას. ამოცენებული ძაძა განსაკუთრებით პოპულარულია ვეგეტარიანელებსა და ჯანსაღი კვების მიმდევრებს შორის. ძაძა ფართოდ გამოიყენება კორეულ, ჩინურ, იაპონურ, ინდურ, ტაილანდურ სამზარეულოებში, მას მიირთმევენ სრულად და დაქუცმაცებულად, ასევე, ამოცენებული სახითაც.

ნედლი ამოცენებული ძაძა მოგაგონებთ მწვანე ბარდას, მოხარშულ მცენარეს კი ბალახის გემო აქვს, ნაზი თხილის არომატით. ლობიო, მოხარშვამდე, შეგიძლიათ არ ჩაალბოთ, მას მაქსიმუმ 50 წუთი სჭირდება მოსამზადებლად. ძაძას ამონაცენისგან ამზადებენ სოუსს თევზისა და ხორცისთვის (150-200 გ ამონაცენი ძაძა, 1 ჩ.კ. სეზამის მარცვლები ან მდოგვის თესლი, 1 კივი, დაჭრილი ოხრახუში, კამა, რეჰანი, რუკოლა, სურვილისამებრ, დაუმატეთ ნიორი ან ხახვი. მოაყარეთ მარილი გემოვნებით, დაუმატეთ 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. ზეითუნისა და სელის ზეთები. ყველაფერი ათქვიფეთ ბლენდერში).

ვიეტნამელები, მაგალითად, მაშა-ლობიოს ნედლ ამონაცენს იყენებენ რულეტებისა და ღვეზელების შიგთავსებად, აუცილებლად უმატებენ ქათმის წვნიანებს, იგი მთავარი პროდუქტია აიუვერდულ კულინარიაში. ასევე, მაშა-ლობიო შედის სხვადასხვა ბოსტნეულის რაგუსა და სალათის შემადგენლობაში, მათგან ამზადებენ გამჭვირვალე (ცელოფნის) ლაფშას, ფქვილს და სხვ.

მარცვლებს ისევე ამოაცენებენ, როგორც სხვა მარცვლებს. ჯერ მარცვლეულს 8-10 საათით ასხამენ წყალს. შემდეგ წყალს ღვრიან და არამჭიდროდ დახურული თავსახურის ქვეშ კიდევ 10-12 საათით ტოვებენ.  ამონაცენის მიღება შეიძლება უმად, მოხარშული სახით, სხვადასხვა კერძში.

ამ პროდუქტის ბევრი მოყვარული ამზადებს სხვადასხვა კერძსა და სალათს ძაძას მარცვლებით, რომლებსაც მხოლოდ 10-14 საათით ალბობენ წყალში. მაგალითად, ძაძას შეგიძლიათ დაასხათ წყალი ღამით, ხოლო დილით გადაწუროთ და 30-წუთიანი შრობის შემდეგ, მიირთვათ სალათებში დამატებით. თუმცა, მათ მცირე ულუფებად მოიხმარენ – 2-3 ს.კ.: ძაძა, როგორც სხვა მარცვლეულები, მძიმეა კუჭისთვის, თუმცაღა, ინდოელი იოგები ძაძას მარცცლებს მსუბუქ საკვებს მიაკუთვნებენ, რომელიც სასარგებლოა გონებრივად მშრომელი და მედიტირებადი ადამიანებისთვის.

ზოგიერთი ადამიანი, ამოცენებამდე, ძაძას მდუღარე წყალს ასხამს, მაშინვე ღვრის და ანაცვლებს ჩვეულებრივი წყლით. ამ მეთოდის მოყვარულები თვლიან, რომ ეს მარცვლების უკეთ ამოცენებას უწყობს ხელს, რამდენადაც ძაძა ცხელ კლიმატს მიჩვეული მცენარეა.

ძაძას სალათი

100 გ ძაძას ამონაცენი ან გასიებული მარცვლები, 100 გ სალათის ფურცლები, რამდენიმე ღერო ნიახური, ოხრახუში, ქინძი, კამა, ერთი საშუალო ზომის კიტრი, 2 მოხარშული კვერცხი, მწვანე ხახვი ან ნიორი, მარილი, ლიმონის წვენი და მცენარეული ზეთი. დაუმატეთ ძაძას დაჭრილი მწვანილი, კიტრი და კვერცხი, გემოვნებით მოაყარეთ მარილი, შეაზავეთ ლიმონის წვენითა (ან ვაშლის ძმრით) და მცენარეული ზეთით. ყველაფერს მოურიეთ და მორთეთ ოხრახუშის ტოტებით.

დილის მწვანე კოქტეილი

100 გ ძაძა ამონაცენი, 1 ც პომიდორი, რამდენიმე ფოთოლი რეჰანი (შეიძლება თავშავას, ბეგქონდრის, ან ორეგანოს ფოთლები), 2-2 ღერო ოხრახუში და კამა, 0.5 ყავის კოვზი ქონდრის მარცვლები, 1 ჭიქა კეფირი. ათქვიფეთ ბლენდერში ძაძას ამონაცენი, კეფირი და პომიდორი. დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, ქონდარი და ყველაფერი მიქსერით ათქვიფეთ. შეგიძლიათ, მოამზადოთ ტკბილი კოქტეილი ძაძათი, თაფლისა და ხილის დამატებით.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი