გთხოვთ, მომწეროთ, რითაა სასარგებლო შირბახტის (Sesamum indicum) თესლი და ზეთი. გმადლობთ. პატივისცემით, მ.დ.
წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ლუბოვ დუდჩენკო:
შირბახტი, იგივე ქუნჯუტი, იგივე სეზამი – ერთწლიალი ბალახოვანი მცენარეა, 2.5 მეტრამდე სიმაღლის. გამოიყენება მისი ნაყოფი და თესლი, რომლებიც ძალიან გემრიელია და, მაღალკალორიულობის მიუხედავად, წონაში მატებას არ იწვევს. 100 გ შირბახტის თესლი 565 კკალ-ს შეიცავს; მის შემადგენლობაშია ნახშირწყლები, ცილები, ცხიმები, საკვები ბოჭკოები, შაქარი, სახამებელი, უჯერი და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, E, PP და B ჯგუფის ვიტამინები; მინარილები: კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, რკინა.
ზეთოვან კულტურებს შორის, შირბახტი პირველ ადგილს იკავებს. მისი მარცვლები 50-65% ზეთს შეიცავს. შირბახტის, იგივე სეზამის ზეთი, მარცვლების ცივი დაწურვის მეთოდით მიღებული, მაღალი გემოვნური და სასარგებლო თვისებების მქონე პროდუქტია.
სეზამის თესლი გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმების, კანფეტების, ხალვის მოსამზადებლად, უმატებენ სალათებს. ცხიმიან ზეთში, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს შირბახტის თესლი, ორგანული მჟავებია: ოლეინის, პალმიტინის, ლინოლეური, ლუნოლენოური, სტეარინის, მიწისთხილის; ფიტოსტერინები – აქტიური ნივთიერებები, რომლებსაც მცენარეები შეიცავს და ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას, არეგულირებს ენდოკრინული და იმუნური სისტემების მუშაობას, აქვს გამწმენდი და გამაახალგაზრდავებელი თვისებები.
სეზამის გაფცქვნილი თეთრი მარცვლებით ამზადებენ ტაქინის ზეთს, რომელიც აუცილებელია ხალვის საუკეთესო სახეობის (ტაქინის ხალვის), კონსერვებისა და სხვადასხვა ტკბილეულის მოსამზადებლად. სეზამის ზეთი გამოიყენება კულინარიაში, კოსმეტიკაში, როგორც ანთების საწინააღმდეგო, აღმდგენი და დამატენიანებელი საშუალება. იგი ეფექტურად კურნავს ჭრილობებს, მცირე ნახეთქებს, კანის გაღიზიანებებს, მათ შორის, ალერგიულსაც, აუცილებელია თვალის გარშემო კანის ყოველდღიური მოვლისთვის, გაუწყლოებული კანისთვის.
შირბახტის ზეთს განსაკუთრებულ ფასეულობას ანიჭებს მისი მზისგანდამცავი თვისება, მზის დამწვრობებისგან დაცვის უნარი, რამდენადაც იგი ბუნებრივი ულტრაიისფერი ფილტრია. მისი გამოყენება შეიძლება როგორც ცალკე, ისე სხვა ზეთებთან ერთად, კოსმეტიკური კრემების, ბალზამების, კომპრესების, სახვევებისა თუ ნიღბების გასაუმჯობესებლად. შინაგანად იღებენ 1 ს.კ. ზეთს დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
35-37 გრადუსამდე გამთბარი სეზამის ზეთის აბაზანები არბილებს ხელის კანს და აძლიერებს ფრჩხილებს. ან იყენებენ მის ნაზავს ზეითუნის, ატმის ზეთთან ერთად, 1:1 თანაფარდობით. გააჩერეთ 10-15 წუთით.
დამატენიანებელი ნიღაბი სახისა და სხეულისთვის:
3 ს.კ. სეზამის ზეთი, 1 ს.კ. გლიცერინი, 10-10 წვეთი პიტნისა და ლიმონის ან გრეიფრუტის ზეთი. დაუმატეთ 3 ს.კ. კიტრის ფაფა, წაისვით კანზე, ჩამოიბანეთ 30-40 წუთის შემდეგ.