ძახველი ქალური ხეა, ხოლო მისი ნაყოფი კაცობრიობის მშვენიერი ნაწილის საუკეთესო მკურნალი.

0
2496
ფოტო: Wouter Hagens

წმინდა ჰილდეგარდა ძახველს ქალურ ხედ მიიჩნევდა, ხოლო მის ნაწილებს – კაცობრიობის მშვენიერი ნაწილის სამკურნალო საშუალებად. რეალურად, ეს კენკრა ბევრს მოსწონს, ხოლო ჯანმრთელობისთვის, ალბათ, მხოლოდ ზარმაცი თუ არ გამოიყენებს. ქერქს ამზადებენ გაზაფხულზე, როცა კვირტები იბერება, ყვავილებს – გაჩაღებულ ყვავილობაში, ნაყოფს – შემოდგომაზე ან პირველი ყინვების შემდეგ. კენკრა თავის სასარგებლო თვისებებს მთელი ზამთრის მანძილზე ინარჩუნებს.

ძახველის ქერქის პრეპარატები ზრდის საშვილოსნოს ტონუსს, აქვს სისხლძარღვების შემავიწროვებელი, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური თვისებები. მათ იყენებენ საშვილოსნოს დაავადებების, განსაკუთრებით, კლიმაქტიკურ პერიოდში. უნაყოფობის დროს, წმინდა ჰილდეგარდა ნიშნავდა ნახარშს: 10 გ დაქუცმაცებული მერქანი უნდა ხარშოთ 0.5 ლ წყალში, ნელ ცეცხლზე, 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 20 მლ დღეში სამჯერ, უშუალოდ ჭამის წინ.

ძახველის ყვავილები შესანიშნეავი აფროდიზიაკი და ანტისეპტიკია. ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს, ხალხური მედიცინა გვირჩევს ძახველისა და გულყვითელას ნაყენის მიღებას. შეურიეტ 5-5 გ ძახველისა და კალენდულას ყვავილები, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 10 წუთით. გადაწურეთ და მიიღეთ 100 მლ დღეში ორჯერ, ჭამის წინ. ასეთივე ნაყენით გამოიბანეთ საშო.

როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება, კარგად მოქმედებს ძახველის ყვავილების ნაყენი: 1 ს.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 10 წუთით და გადაწურეთ, დაუმატეთ თაფლი გემოვნებით და მიირთვით ძილის წინ, 14-დღიანი კურსით, კურსებს შორის შეისვენეთ 2 კვირით.

ძახველის ნაყოფი გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი და საძილე საშუალება ნერვულ აგზნებადობის დროს, როგორც სპაზმოლიტიკური და ჰიპოტენზიური საშუალება – ათეროსკლეროზისა და მომატებული არტერიული წნევის დროს.

დამამშვიდებელი ნაყენი: 10 გ კენკრას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 40 წუთით, დალიეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ.

ძახველის ნაყოფი დიდი რაოდენობით ვიტამინსა და ეთერზეთებს შეიცავს, აქვს ოფლმდენი მოქმედებაც, ამიტომ, რესპირატორული დაავადებების, მაღალტემპერატურული გრიპის დროს, შეუცვლელია ძახველის ჩაი: უბრალოდ მთელი მტევანი, ქვაბში ჩაორთქლილი, ან ჩაორთქლილი დანაყული კენკრა (1 ს.კ. 1 ჭიქა მდუღარეზე), თაფლთან ერთად.

ძახველის გემრიელი ჯემი კი არამხოლოდ გასტრონომიულად გასიამოვნებთ, არამედ ხველასაც მოგაშორებთ. ხალხური რეცეპტი გაციების წინააღმდეგ: ძახველის კენკრას მოასხით მდუღარე წყალი და დაჭყლიტეთ საწრეტ ჭურჭელში. მიღებული მასა შეურიეთ თაფლს 1:1 პროპორციით. მიიღეთ მასა მხოლოდ 1 კვირის შემდეგ – შესაბამისად, იგი წინასწარ უნდა მოამზადოთ ხოლმე. მიირთვით 1 ს.კ. უზმოზე – პროფილაქტიკის მიზნით, 3-4-ჯერ – სამკურნალოდ.

შეგიძლიათ უფრო მარტივი რეცეპტითაც ისარგებლოთ: ძახველის ნედლი ნაყოფი გაატარეთ ხორცსაკეპში, შეურიეთ თაფლი ან შაქარი 1:1 პროპორციით. ძახველის ორივე მასა შეგიძლიათ დაუმატოთ ბალახის ჩაის ან უბრალოდ ცხელ წყალს და დალიოთ, როგორც პროფილაქტიკური და ოფლმდენი საშუალება. შეინახეთ მაცივარში.

ძახველის პასტა ქალებისთვის

დაწურეთ ძახველის წვენი და ხარშეთ ორთქლის აბაზანაზე შესქელებამდე. მიღებულ პასტას (200 გ უნდა იყოს) დაუმატეთ დახეხილი შოკოლადი (100 გ), ჯანჯაფილი, დარიჩინი, ვანილი და აბზინდა (2-2 გ). კარგად მოურიეთ. წაუსვით პასტა პურს და მიირთვით დღეში რამდენჯერმე.

კენკრის წვენი მასტოპათიის წინააღმდეგ

100 მლ ძახველის წვენს შეურიეთ 50 გ თაფლი. ამ მასით დასველებული სელის ქსოვილი დაიდეთ მასტოპათიურ კვანძზე. გაიჩერეთ 2 საათით.

ძახველის თესლი შეიცავს ცხიმიან ზეთსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს, რომლების სისხლის ფორმულაზე ახდენს დადებით გავლენას. ამ პროდუქტით ძველი დროიდან კურნავდნენ სისხლის დაავადებებს.

ძახველის ფხვნილი

ძახველის კენკრის კურკები (დაახლ. 300 გ) გაახმეთ, დააფქვიეთ ყავის საფქვავში და გაცერით. მიიღეთ 2-4 ფ ფხვნილი ჭამამდე 1 საათით ადრე, სისხლწარმომქმნელი ბალახების ნაყენთან ერთად. არ შეიძლება ძახველის კენკრის, წვენისა და სხვა პრეპარატების ზედმეტი რაოდენობით მიღება მათთვის, ვისაც თრომბწარმოქმნისა და სისხლის მაღალი შედედებადობისკენ აქვს მიდრეკილება.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი