ნაკვეთზე ბროკოლი მომყავს. რა სასარგებლო თვისებები აქვს ამ კომბოსტოს და რისი მომზადება შეიძლება მისგან? პატივისცემით, ი.ა.
წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო.
დღეისათვის, ბროკოლი მრავალი ქვეყნის მოსახლეობის საყვარელი კომბოსტოა, ხოლო ოდესღაც, როგორც ჩვეულებრივ ფოთლოვან კომბოსტოს, ბროკოლის ძველი რომაელები თავიანთ ნაკვეთებზე ზრდიდნენ.
ეს ბოსტნეული კომბოსტოს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და მკვებავი სახეობაა. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით PP, A და C, B ჯგუფის ვიტამინებს. ეს კომბოსტო სხვებისგან კალიუმისა და კალციუმის, რკინის, ნატრიუმისა და ფოსფორის, მაგნიუმის, სპილენძის, იოდის, ქრომისა და ბორის შემცველობით განსხვავდება. ყველა სასარგებლო ვიტამინისა და მინერალის შერწყმა ბროკოლის ჩვენს სუფრაზე შეუცვლელ პროდუქტად აქცევს, განსაკუთრებით, ბავშვთა კვებაში (კომბოსტოს სხვა პროდუქტებთან შედარებით, მასში ვიტამინები ორჯერ მეტია).
ბროკოლი სასარგებლოა გულისთვის, რამდენადაც მას ჟანგბადს მიაწოდებს და აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლების მდგომარეობას, ხელს უშლის ჩვენი ორგანიზმის სწრაფ დაბერებას. განსაკუთრებით სასარგებლოა პროდუქტი ფეხმძიმეებისა და ბავშვებისთვის.
კომბოსტო ებრძვის ბაქტერიებს, რომლებიც წყლულს იწვევს, ამიტომ, იგი აღკვეთს საკვების მომნელებელი ტრაქტის წყლულოვან დაავადებებს.
ქალებისთვის, ბროკოლის მოხმარება სარძევე ჯირკვლის, ხოლო მამაკაცებისთვის – პროსტატის კიბოს პროფილაქტიკის კარგი საშუალებაა.
ბროკოლის მომზადება ძალიან მარტივია. კარგად გარეცხეთ იგი გამდინარე წყალში, დაყავით ყვავილედებად, ჩაყარეთ ისინი მდუღარე წყალში და ხარშეთ 5 წუთით. გაყინული ბროკოლი უფრო დიდხანს – 12-15 წუთით ხარშავენ. თუმცა, რაც მთავარია, არ გააჩეროთ იგი ცეცხლზე დიდხანს, რათა სასარგებლო მინერალები და ვიტამინები არ გაანადგუროთ. მას შემდეგ, რაც კომბოსტო მოიხარშება, შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვა პიურე, სალათი ან უბრალოდ მოაყაროთ მარილი, დაჭრილი ოხრახუში, კამა, ცოტაოდენი პილპილი და მიირთვათ. ზოგი კომბოსტოს უმატებს მუსკატის კაკლის ფხვნილს ან დაქუცმაცებულ ნუშსსა და ბერძნულ კაკალს.
დროა, ბროკოლისგან ბოსტნეულის წვნიანიც მოამზადოთ. მაგალითად, ტრადიციულ კარტოფილს, სტაფილოს ან ხახვს ხარშვის დასრულებამდე 20-30 წუთით ადრე დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ყაბაყი და ბროკოლის ყვავილედები.
გამომცხვარი ბროკოლი ქათმის ფილეთი
ინგრედიენტები
- 500 გ ქათმის ფილე
- 300 გ ბროკოლი
- 150 გ შინ მომზადებული არაჟანი
- 100 გ უმარილო ყველი
- 2 ს.კ. კარაქი
- 50 გ საფანელი
- კამა, ოხრახუში
- მარილი და პილპილი
ბროკოლი დაყავით ყვავილედებად და ჩაყარეთ 3-5 წუთით მდუღარე, მარილიან წყალში. შემდეგ ბოსტნეული ამოიღეთ და დაწრიტეთ. ქათმის ფილე შეურიეთ კომბოსტოს და მოათავსეთ კარაქწასმულ და საფანელმოყრილ საცხობ ფორმაზე. ყველაფერს მოასხით ყველისა და არაჟნის მასა. აცხვეთ ღუმელში დაახლოებით 15 წუთით.