როგორ გავაახალგაზრდავოთ და ავაყვავოთ ია: ორი ნაცადი და ეფექტური მეთოდი

2322
ფოტო: Beverly Buckley on Pixabay

რთულია მცენარეების ისეთი მოყვარულის პოვნა, რომელსაც ერთხელ მაინც არ უცდია იის გაზრდა. ეს გასაკვირი არცაა, რადგან იგი ძველი დროიდან ამშვენებს ჩვენი ბებიებისა და დედების სახლებს, ახარებს თვალს ლამაზი და ხანგრძლივი ყვავილობით.

მიუხედავად ამისა, როგორც ნებისმიერი სხვა მცენარე, ია, დროთა განმავლობაში, კარგავს თავის დახვეწილობასა და დეკორატიულობას. დაბერების შედეგად, ყვავილის ღერო მყარდება, ხოლო ფოთლები მოუვლელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ, Papparazzi.ge-ს რედაქციამ გადაწყვიტა, გაგიზიაროთ იის გაახალგაზრდავების ორი მეთოდი , რომლებიც მას ძველებურ იერს დაუბრუნებს.

იების გადარგვა

იის გაახალგაზრდავება იმაში მდგომარეობს, რომ “განაახლოთ” მცენარის ფესვები, მოაშოროთ ზედმეტი ფოთლები და უზრუნველყოთ ახალი, გაჯერებული და მკვებავი ნიადაგით.

არსებობს იის გაახალგაზრდავების ორი მეთოდი. ერთ-ერთი მათგანი უფრო რადიკალურია, თუმცა, მარტივია და ყოველთვის ამართლებს. მეორე უფრო ჰუმანური, თუმცა მცენარისთვის არანაკლებ სასარგებლოა. აირჩიეთ ნებისმიერი, რომელიც თქვენს ხელთ არსებულ საშუალებებსა და სურვილებს შეესაბამება.

მეთოდი №1

  1. პირველ რიგში, ამოარჩიეთ იები, რომელთა იერის აღდგენაც გსურთ. ამისათვის, დაგჭირდებათ წინასწარ მომზადებული სუბსტრატი, პერლიტი, ქოთნები, დრენაჟი, აუცილებლად სუფთა, სპირტით დეზინფიცირებული მაკრატელი და დანა.
  2. მაშ ასე, საქმეს შევუდგეთ. ყვავილის ქოთნიდან ამოღება საჭირო არაა. უბრალოდ აიღეთ მაკრატელი და გადაჭერით ია ღეროს ფუძესთან, მიწის დონიდან ოდნავ მაღლა.
  3. შემდეგ ფრთხილად მოატეხეთ ფოთლების ქვედა სართული, სანამ არ გამოჩნდება ახალგაზრდა ფოთლების სიმეტრიული, ლამაზი განშლა. სურვილის შემთხვევაში, ფოთლები შეგიძლიათ არ გადაყაროთ და დასაფესვიანებლად გადადოთ. აიღეთ დანა, მოაშორეთ ღეროს “გახევებული” ფენა, თითქოს სტაფილოს ფცქვნიდეთ. ბოლოს განაახლეთ ჭრილი.
  4. მოამზადეთ ნიადაგი მცენარის დაფესვიანებისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიადაგით სავსე ქოთანი, 1 ჭიქა გაგრილებული, გადადუღებული წყალი ან პერლიტი. უმჯობესია, უპირატესობა მეორე ვარიანტს მიანიჭოთ. რამდენადაც ეს მასალა კარგად იკავებს სითხეს და თითქმის სტერილურია, მასში დაფესვიანების ალბათობა 100%-ს უდრის, მაშინ, როცა მიწაში ან წყალში ღეროს დალპობის ალბათობა უფრო მაღალია.
  5. სველ პერლიტში მცენარის დაფესვიანების შემდეგ, მოათავსეთ იის ჭურჭელი პაკეტში და საგულდაგულოდ შეკარით. ასე იქმნება სათბურის ეფექტი, რომელიც ყვავილს ამ პერიოდში ძალიან სჭირდება.
  6. დაახლოებით 3 კვირის შემდეგ, ია საკმარისი რაოდენობით ფესვს გაიკეთებს და მზად იქნება ახალი ნიადაგით სავსე ქოთანში ჩასარგავად.

მეთოდი №2

  1. ია მეორე მეთოდით რომ გააახალგაზრდავოთ, ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან მიწიანად. შემდეგ მაქსიმალურად გაწმინდეთ ფესვთა სისტემა მიწისგან, რომელსაც უკვე აღარ აქვს მკვებავი ნივთიერებები. საუკეთესო ეფექტისთვის შეგიძლიათ ფესვები წყალში ფრთხილად გარეცხოთ.
  2. ისევ მოტეხეთ ფოთლების ქვედა სართული და ჩვენთვის უკვე ნაცნობი ხერხით მოხსენით მცენარის ღეროს სქელი ფენა.
  3. მოამზადეთ ნიადაგი იისთვის. თუმცა, სანამ მას ჩარგავდეთ, ამოავლეთ სველი ფესვები პერლიტში, რომელიც ხელს შეუშლის ლპობას და უზრუნველყოფს დამატებით აერაციას.
  4. მოათავსეთ ია ქოთანში, რომლის 2/3 მიწით იქნება დაფარული. ბოლოს მოაყარეთ იის ფუძეს პერლიტი დამატებითი დაცვისა და სითხის შენარჩუნებისთვის. ბოლოს, ნიადაგი ქვედა ფოთლების დონეს უნდა მისწვდეს. მზადაა!
  5. მცენარისთვის საშინაო სათბურის სახით შეგიძლიათ არამხოლოდ პაკეტების, არამედ ჩვეულებრივი გამჭვირვალე კონტეინერების გამოყენებაც. მოათავსეთ მასში იის ქოთნები, დაახურეთ ზემოდან საკვები ცელოფანი და არ დაგავიწყდეთ პატარა ხვრელების გაკეთება, ყვავილებმა სუნთქვა რომ შეძლონ.

ამ ინსტრუქციას ვურთავთ ვიდეოს, რომელშიც უფრო დეტალურად იხილავთ იების გაახალგაზრდავების პროცესს.

ჩატარებული მანიპულაციების შემდეგ, ყვავილი ისევ ჯანმრთელი და ლამაზი იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს