“მზის პატარა საწყობი” საკმარისი რაოდენობით მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორსა და რკინას შეიცავს. ამასთან, იგი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების, ცილებისა და ანტიოქსიდანტების (ჩვენი დღეგრძელობისთვის მებრძოლების) მდიდარი წყაროა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია სელენი – აქტიური დამხმარე იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად.
მზესუმზირის მარცვლები ათეროსკლეროზის, მიოკარდის ინფარქტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ეფექტური და გემრიელი პროფილაქტიკაა. ხალხურ მედიცინაში მათ იყენებენ ღვიძლის, ნაღველსადინრების დაავადებების დროს. გარდა ამისა, იგი იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, აუმჯობესებს მხედველობას და დადებითად მოქმედებს რეპროდუქციულ სფეროზე (ეს ყველაფერი მათში A და E ვიტამინების ხარჯზე).
ძველი დროიდან, ექიმები მზესუმზირის მარცვლების ღრღნას დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ურჩევდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ასე ივსება B, C ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი ორგანიზმში, რომელთა უკმარისობაც იწვევს დეპრესიას. ამასთან, მზესუმზირის ფცქვნა ერთგვარი ფსიქოთერაპიაა, რომელიც გვამშვიდებს, გვაშორებს შფოთვასა და მავნე თვისებებს, კერძოდ, მოწევას.
სპორტსმენებისა და მათთვის, ვინც მძიმე სამუშაოს ასრულებს, სასარგებლოა მზესუმზირის მარცვლების მოხმარება: ისინი აძლიერებს კუნთოვან სისტემას. ხოლო მათ, ვინც მძიმე ინფექციური დაავადებები გადაიტანა, მიიღო ტრავმა ან მოტეხილობა, მზესუმზირის ჭამით დაუჩქარდებათ გამოჯანმრთელება და ქსოვილების შეხორცება. მოზარდები, რომლებსაც ნედლი მზესუმზირის ჭამა უყვართ, დაცული არიან სახეზე მუწუკებისა და აკნეს გამოსვლისგან.
რა თქმა უნდა, სასარგებლო თვისებები, რომლებსაც მზესუმზირის მარცვლები შეიცავს, სხვა საკვებშიც გვხვდება, თუმცა, სწორედ მზესუმზირაში ინახება ისინი გაცილებით დიდხანს. მარცვლების ნაჭუჭი ხომ საიმედოდ იცავს გულს გარემოს უსიამოვნო ზემოქმედებისა და გაფუჭებისგან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გაფცქვნილ მზესუმზირაში ჟანგდება ცხიმები და იგი ორგანიზმისთვის მავნეა.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს თავიდან აიცილებთ, თუ ყოველდღე 100 გ მზესუმზირის მარცვლებს მიირთმევთ.
- ბრონქიტის დროს, მარცვლების ნახარშით კურნავენ ხველას: 2-3 ს.კ. ნედლეულს დაასხით 0.5 ლ მარილიანი წყალი. შემდეგ ნახარში გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ.
- ბრონქიტის, ხველის, ათეროსკლეროზის დროს ასეთი რეცეპტი დაგეხმარებათ: 0.5-ლიტრიანი ქილიდან გადაყარეთ ნედლი მზესუმზირის მარცვლები ქვაბში და დაასხით 1 ლ წყალი. მას შემდეგ, რაც წყალი ადუღდება, შეამცირეთ ცეცხლი და ხარშეთ 2 საათი, გადაწურეთ. დალიეთ დღის განმავლობაში, მცირე ულუფებად. მკურნალობის კურსი ორკვირიანია. შემდეგ შეისვენეთ 5 დღით და კურსი გაიმეორეთ.
- ქოლესტერინის მაღალი დონის დროს ეფექტურია მზესუმზირის მარცვლების ნაყენი. მის მოსამზადებლად მარცვლები წინასწარ უნდა ამოაცენოთ: დილით დაყარეთ 1 ჭიქა მარცვლები და ზემოდან კიდევ ერთი ფენა სველი ქსოვილი დააფარეთ. დღის განმავლობაში მუდმივად დაალბეთ. 12-15 საათში 1-2 მმ სიგრძის მწვანე მორჩები გაჩნდება. გარეცხილ ამონაცენ მარცვლებს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და დააყენეთ მთელი ღამით. მიიღეთ ყოველდღე 1 ჭიქა ნაყენი დღეში ოთხჯერ: დილით, სადილზე და საღამოს – ჭამამდე 20 წუთით ადრე; მეოთხედ – ძილის წინ. ქსოვილი, მარცვლების ახალი ამონაცენის მომზადებამდე, გარეცხეთ. ეს საშუალება შეამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს, დაშლის ქოლესტერინის კოლტებს და აღადგენს სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას. კარგი შედეგისთვის ხანგრძლივი, 3-6-თვიანი კურსია საჭირო.
- პროსტატიტის დროს, ყოველდღიურად მიირთვით 0.25-0.5 ჭიქა მზესუმზირის მარცვლები.
- მარცვლების დახმარებით შეძლებთ დეპრესიის განვითარების შეჩერებას, აღელვების ჩახშობას. ამისთვის შეიძინეთ 10 ჭიქა მზესუმზირის მარცვლები და ყოველ საღამოს მიირთვით თითო ჭიქა, გაფცქვენით მარცვლები თითებით და არა კბილებით. ასეთი ფსიქოთერაპიის 10 პროცედურის შემდეგ იგრძნობთ, რომ უფრო მშვიდი და მეგობრული გახდით.
მარცვლების ზომიერი მოხმარება ორგანზმს არ ავნებს (განსაკუთრებით, თუ ჭარბ წონასთან ან კბილებთან დაკავშირებული პრობლემები არ გაქვთ). მიირთვით ნედლი მარცვლები. თუ მოხალავთ, ეს ძალიან ცოტა ხნით უნდა გააკეთოთ, თორემ მათ სასარგებლო თვისებებს დააკარგვინებთ. შეგიძლიათ, მარცვლები უშუალოდ მოხმარებამდე ღუმელში გამოაშროთ.
ყურადღება! მზესუმზირის გრძელი ფესვები ნიადაგიდან ისეთ ელემენტებს იწოვს, როგორებიცაა ტყვია და კადმიუმი. დიდი რაოდენობით, ამ ნივთიერებებს თირკმლების დაავადებების, ჰიპერტონიისა და გონებრივი დაღლილობის გამოწვევაც კი შეუძლია (ეს იმ შემთხვევაში, თუ ყოველდღე 2-3 ჭიქა მარცვლებს ჭამთ). ასევე, მარცვლები ძალიან კალორიულია და ჭარბი რაოდენობით, გატუტოვნების პროცესში, კბილის ემალს ანადგურებს.