გთხოვთ, ამიხსნათ, როგორ უნდა ვიკვებო კუჭის წვენის დაქვეითებული სეკრეციის დროს.
წერილს პასუხობს პროფესორი გალინა ანოხინა.
თუ საკვების მონელებაში კუჭის უშუალო წვლილს შევაფასებთ, კუჭის წვენსა და ფემენტებს ყველაზე დიდი გავლენა აქვთ რძის, შემაერთებელი ქსოვილებისა და კვერცხის ცილის მონელებაზე.
კუჭის სეკრეციასთან დაკავშირებული ცვლილებები იწვევს ფუნქციურ დისპეპსიას (კუჭის ნორმალური ფუნქციისა და, შესაბამისად, მონელების პროცესების დარღვევას). ამიტომ უნდა იცოდეთ, რომ კუჭის სეკრეციის სტიმულატორია ორგანული მჟავებით მდიდარი პროდუქტი (მჟავე წვენი, კენკრა და ხილი, მწვანე ხახვი, ნიორი, პომიდორი, მწნილები, სანელებლები).
კუჭის დაქვეითებული სეკრეციით დაავადებულებმა უნდა შეზღუდონ ცხიმიანი საკვების მოხმარება. საკვები ცხიმი ამცირებს კუჭის წვენის გამოყოფას. შესაბამისად, არაა რეკომენდებული ხორცის ცხიმიანი სახეობების (იხვის, ბატის ხორცი), აგრეთვე, უხეშბოჭკოვანი ხორცის, საღი რძის, მაგრად მოხარშული კვერცხის, უჯრედისით მდიდარი საკვების (რთულად მოსანელებელი პარკოსნები, სიმინდი) მოხმარება. ეს პროდუქტები დიდხანს ჩერდება კუჭში, რათა მომზადდეს თორმეტგოჯა ნაწლავში გადასასვლელად, რისთვისაც კუჭმა მნიშვნელოვანი რაოდენობის ქლორწყალბადური მჟავა, პეპტინი და სხვა ფერმენტები უნდა გამოიმუშავოს.
ასეთი პათოლოგიის დროს, რეკომენდებულია კუჭისთვის დიდი ულუფების მორიდება და საკვების კარგად დაღეჭვა. უპირატესობა უნდა მიენიჭოს “მსუბუქ” კერძებს: ორთქლზე მომზადებული ან ბოსტნეულთან ერთად გამომცხვარი თევზი, ქათმის ხორცი, ტიფტელი, კვერცხის ომლეტი, რძემჟავას პროდუქტები, გახუხული პური, კარგად მოხარშული წიწიბურა, ბრინჯი, გაფცქვნილი, კარგად დაქუცმაცებული ან დახეხილი ბოსტნეული და ხილი.
კუჭის სეკრეციის დაქვეითების დროს, რეკომენდებულია, საკვების მიღებასთან ერთად, დიდი რაოდენობით გაზავებული ლიმონის წვენის მიღება, კერძების მომზადებისთვის კი მწვანილისა და სანელებელი ბალახების გამოყენება.
სასარგებლოა საკვებზე ვაშლის ძმრის ან ღვინის მოსხმაც. ასეთი პაციენტების რაციონში უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის C ვიტამინი (ლიმონი, ფორთოხალი, კივი, შავი მოცხარი, ტკბილი წიწაკა, მწვანილი) – მასზეა დამოკიდებული რკინისა და სხვა მინერალების ათვისება ნაწლავებში.
ხშირად, ასეთ ავადმყოფებს უჩნდებათ ანემიაც – ამ შემთხვევაში, რაციონი უნდა შეავსოთ A, E ვიტამინებითა და რკინით მდიდარი პროდუქტებით (ქათმისა და ხბოს ღვიძლი, ვირთევზას ღვიძლი, ხიზილალა, ქათმისა და მწყერის კვერცხი, თევზი, ხორცის კერძები, ქაცვის კენკრა, გოგრა, სტაფილო, ისპანახი, ღანძილი, ღოლო, სალათი, ოხრახუშის ფესვი და მწვანილი, ტკბილი წიწაკა, გარგარი, პომიდორი, მოცხარი, შავი ცირცველი, ხურმა, მანდარინი, მწვანე ბარდა).
A და E ვიტამინების მკვეთრი დეფიციტის დროს, რეკომენდებულია ვიტამინური დანამატების მიღება, თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ A ვიტამინის ხანგრძლივი დიდი დოზით მიღება ჰიპერვიტამინოზს გამოიწვევს.