რა წავუსვათ პურს: 15 რეცეპტი

1318
ფოტო: Wendy Wei on Pexels

ასობით, ან შესაძლოა, ათასობით წლის მანძილზე, ბუტერბროდები მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ხემსს წარმოადგენდა. ოდესღაც ითვლებოდა, რომ მათ, ძირითადად, მარტოხელა მამაკაცები მიირთმევდნენ, რომლებსაც საკვების მომზადების დრო არ ჰქონდათ, ან უბრალოდ არ ეხერხებოდათ. მათ “ბუტერბროდის სულებს” უწოდებდნენ.

დღეს “ბუტერბროდის სულთა” რიცხვებში ქალებიც ხშირად გვხვდებიან. ცხოვრების ძალიან სწრაფი ტემპი, ბევრი სამუშაო ბუტერბროდებს აქცევს ოპტიმალურ ვარიანტად, შიმშილის სწრაფად დასანაყრებლად.

და მაინც, ფრაზა “მხოლოდ ბუტერბროდებით იკვებები”, ძველებურად ცუდად ჟღერს. ცხოვრების ჯანსაღი წესის მომხრეები გვირჩევენ, დავივიწყოთ თეთრი პურის, მაიონეზის, შებოლილი პროდუქტის, ძეხვეულისა და კარაქის იაფასიანი შემცვლელების შესახებ. მაშ, რით ჩავანაცვლოთ ისინი?

რა წავუსვათ პურს

დღეს ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ 15 ორიგინალური პურზე წასასმელი სპრედის რეცეპტს, რომლებიც თქვენს ბუტერბროდს სრულყოფილ წახემსებად აქცევს და საშუალებას მოგცემთ, არ ჩამორჩეთ სწორ კვებას.

ნებისმიერი ბუტერბროდის საფუძველი არის პური. სასარგებლო ბუტერბროდისთვის, არ შეარჩიოთ თეთრი პური პირველი და უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან. აირჩიეთ მსხვილი დაფქვის, სრულმარცვლიანი ან ქატოს პური. აგრეთვე, შეგიძლიათ ხორბლის, შვრიის, ჭვავის, ბრინჯის პურის კვერების ან თხელი ლავაშის გამოყენება.

გუაკამოლე

ეს ტრადიციული მექსიკური დასაყოლებელია. რეცეპტში შედის ჩილის წიწაკა, თუმცა, თუ ცხარე არ გიყვართ, გამორიცხეთ იგი.

ინგრედიენტები

  • 1 ჩილის წიწაკა
  • 3 ავოკადო
  • 2 პომიდორი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ლაიმი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. წვრილად დაჭერით ქინძი, პომიდორი და ხახვი. დაჭყლიტეთ ნიორი, დაუმატეთ მწიკვი მარილი.
  2. გაჭერით ავოკადოს ნაყოფები შუაზე, ამოიღეთ კურკები.
  3. დაჭყლიტეთ შიგთავსი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. მაშინვე დაუმატეთ ლაიმის წვენი, რათა ავოკადოს შიგთავსი არ გამუქდეს.
  5. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მაშინვე მიირთვით.

კვერცხის პაშტეტი

ინგრედიენტები

  • 6 კვერცხი
  • 2 ს.კ. ნაღების ყველი
  • 1 ს.კ. მაიონეზი ან არაჟანი
  • 0.5 ჩ.კ. კურკუმა
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 2 ჩ.კ. დახეხილი ხახვი
  • ახალდაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ, გაფცქვენით და ჩანგლით დაჭყლიტეთ კვერცხი.
  2. დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოურიეთ.
  3. შედგით მაცივარში 1 საათით.
  4. მიირთვით გახუხულ პურთან ერთად.

მწვანე კარაქი

ინგრედიენტები

  • 150 გ კარაქი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 კონა კამა ან სხვა მწვანილი
  • მარილი გემოვნებით
  • წითელი წიწაკა (სურვილისამებრ)

მომზადება

  1. მოათავსეთ ღეროგაცლილი კამა ბლენდერის თასში და დააქუცმაცეთ, ლიმონის წვენთან ერთად. ლიმონის წვენი მწვანილს გაშავების საშუალებას არ მისცეს.
  2. დაუმატეთ ფინჯანს დარბილებული კარაქი და ნიორი
  3. შეაზავეთ მარილითა და ახალდაფქული წითელი წიწაკით.
  4. მიღებული მასა მოათავსეთ საკვებ ცელოფანში და დაახვიეთ მილაკად.
  5. შედგით საყინულეში და მიირთვით სასურველ დროს.

ბადრიჯნის პასტა

დიეტური პასტა გამომცხვარი ბადრიჯნით, თხილითა და ნივრით მზადდება.

ინგრედიენტები

  • 3 ბადრიჯანი
  • 40 გ ბერძნული კაკალი
  • 2 კბილი ნიორი
  • 20 მლ წყალი
  • 0.5 ჩ.კ. თავშავა (ორეგანო)
  • 1 მწიკვი დაფქული კუმინი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხით ბადრიჯანი და რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ ჩანგლით.
  2. მოათავსეთ საცხობ ლანგარზე და აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. შეგიძლიათ, ბოსტნეული შუაზე გაჭრათ – ასე უფრო სწრაფად მომზადდება.
  3. როცა ბადრიჯანი დარბილდება, გააგრილეთ და მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში 5 წუთით, შემდეგ გაფცქვენით.
  4. კაკალი მაქსიმალურად დააქუცმაცეთ, ამისთვის ყავის საფქვავი დაგჭირდებათ.
  5. ბლენდერში შეურიეთ ბადრიჯნის რბილობი, ნიორი, მარილი, სანელებლები და კაკალი.
  6. დაუმატეთ წყალი და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ, უნდა მიიღოთ პასტა, რომელიც კონსისტენციით სქელ არაჟანს მოგაგონებთ.

ქათმის ღვიძლის პაშტეტი

ინგრედიენტები

  • 500 გ ქათმის ღვიძლი
  • 250 გ კარაქი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 მოზრდილი სტაფილო
  • 4 ს.კ. მშრალი ღვინო
  • 1 კბილი ნიორი
  • 1/4 ჩ.კ. ხმელი სუნელი
  • მწიკვი დაფქული მიხაკი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • დაფქული პილპილი გემოვნებით
  • 2 ს.კ. ზეთი

მომზადება

  1. გაფცქვენით ხახვი და დაჭერით რკალებად. იგივე გააკეთეთ სტაფილოსთანაც.
  2. შეწვით ხახვი ზეთზე ოქროსფრამდე, ამისთვის 7-10 წუთი დაგჭირდებათ.
  3. დაუმატეთ სტაფილო და ღვიძლი.
  4. დაასხით 1 ჭიქა წყალი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და აადუღეთ.
  5. დაახურეთ თავსახური და თუშეთ 30 წუთით, მომზადებამდე.
  6. მოხსენით თავსახური და გააჩერეთ კიდევ 5-10 წუთით, სანამ სითხე არ აორთქლდება.
  7. გააგრილეთ მასა და შეურიეთ დარბილებულ კარაქს.
  8. დაუმატეთ დარჩენილი სანელებლები და მშრალი ღვინო. ათქვიფეთ ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  9. პაშტეტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ხაჭოს სპრედი ნივრით

ხაჭოს ნივრიანი პასტა შესანიშნავი ალტერნატივაა მოჭიქული ხაჭოსი. ბუტერბროდები დაუჯერებლად გემრიელი და ნაზი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 250 გ უცხიმო ხაჭო
  • 50 გ ნატურალური მაწონი
  • ნიორი გემოვნებით
  • მწვანილი (კამა, ქინძი, ოხრახუში) გემოვნებით
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ და წვრილად დაჭერით მწვანილი.
  2. მოათავსეთ ხაჭო თასში. გაატარეთ დასაჭყლეტად საცერში.
  3. დაუმატეთ ხაჭოს მწვანილი და მაწონი.
  4. დაჭყლიტეთ ნიორი და დაუმატეთ ხაჭოს მასას.
  5. მოაყარეთ მარილი და პილპილი, კარგად მოურიეთ.
  6. მიირთვით შავ პურთან ან პურის კვერებთან ერთად.

თევზის პასტა თინუსით

ინგრედიენტები

  • 400 გ თინუსის ზეთიანი კონსერვი
  • 100 გ რბილი ყველი (მაგ. ფილდელფია)
  • 1 ს.კ. ბერძნული მაწონი
  • 1/2 ლიმონის დახეხილი ცედრა
  • დაფქული პილპილი

მომზადება

  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი სამზარეულოს კომბაინით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. მოათავსეთ მასა თასში, შეაზავეთ პილპილით გემოვნებით.
  3. გემრიელად მიირთვით!

შოკოლადის პასტა

ინგრედიენტები

  • 200 მლ რძე
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 1 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 50 გ კარაქი
  • 40 გ თხილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. შეურიეთ ქვაბში შაქარი, ფქვილი, კაკაოს ფხვნილი და მწიკვი მარილი.
  2. მცირე ნაკადით დაუმატეთ რძე და ურიეთ განუწყვეტლივ.
  3. დადგით მასა ცეცხლზე და აადუღეთ.
  4. მაქსიმალურად წვრილად დააქუცმაცეთ თხილი.
  5. რძის მასის ადუღებისთანავე დაუმატეთ კარაქი და თხილი.
  6. ისევ აადუღეთ და ხარშეთ კიდევ 2-3 წუთით, არ შეწყვიტოთ მორევა, მასა უნდა შესქელდეს.
  7. გადაასხით მასა მოსახერხებელ ჭურჭელში და გააგრილეთ.
  8. მიირთვით შოკოლადის პასტა ტოსტთან ერთად.

მიწისთხილის კარაქი

ამავე ტექნოლოგიით, ნებისმიერი თხილის პასტის მომზადება შეგიძლიათ (ნუშის, კეშიუს, ბერძნული კაკლის, ტყის თხილისგან…)

ინგრედიენტები

  • 300 გ მიწისთხილი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

  1. მოხალეთ და გაფცქვენით თხილი.
  2. ჩაყარეთ იგი ბლენდერის თასში და დაიწყეთ დაფქვევა იმპულსური მოძრაობებით. ბლენდერი მძლავრი უნდა იყოს. თუ იგი გახურდა, გააგრილეთ 15 წუთით, შემდეგ გააგრძელეთ.
  3. დაუმატეთ მარილი, თაფლი და ზეთი და გააგრძელეთ თქვეფა მაქსიმალურ ერთგვაროვნებამდე.
  4. პასტა მაღაზიისაზე ცოტათი უფრო სქელი გამოვა, რადგან მასში ზედმეტი არაფერია.

სოკოს კარაქი

ინგრედიენტები

  • 4 ს.კ. ოდნავ შემწვარი სოკო
  • 100 გ კარაქი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დახეხეთ ხახვი.
  2. შეურიეთ შემწვარი სოკო, ხახვი, კარაქი, ლიმონის წვენი და სანელებლები ბლენდერის თასში.
  3. ათქვიფეთ მასა ერთგვაროვნებამდე.

ზეთისხილის პასტა

ინგრედიენტები

  • 1 ქილა შავი უკურკო ზეთისხილი
  • 1/4 ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ბლენდერით ერთგვაროვნებამდე დააქუცმაცეთ ყველა ინგრედიენტი.
  2. შეურიეთ ლიმონის წვენი, შეაზავეთ შავი პილპილით.
  3. გემრიელად მიირთვით!

ლობიოს პაშტეტი

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ხმელი ლობიო
  • 2-3 თავი ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად

მომზადება

  1. ჩაალბეთ ლობიო დიდი რაოდენობით წყალში 8-12 საათით.
  2. დაასხით ახალი წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დარბილებამდე. თუ წყალი ჩაშრება, დაუმატეთ.
  3. როცა ლობიო დარბილდება, გადაღვარეთ წყლის დიდი ნაწილი, ნახევარი ჭიქა ნახარში ფსკერზე დარჩეს. იგი შემდეგისთვის დაგჭირდებათ.
  4. დააქუცმაცეთ ხახვი და შეწვით ზეთზე, ოქროსფრამდე.
  5. გაგრილებული ლობიო აქციეთ პიურედ, ბლენდერის გამოყენებით.
  6. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი ზეთიანად.
  7. ჩააჭყლიტეთ ნიორი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. კარგად მოურიეთ.

სტაფილოს პასტა

ინგრედიენტები

  • 200 გ სტაფილო
  • 1 თავი ხახვი
  • 2 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 2 ს.კ. წყალი
  • 1 ჩ.კ. ძირაკი, კურკუმა და ქინძი
  • 1/2 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • 2 კბილი ნიორი

მომზადება

  1. წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი, დახეხეთ სტაფილო.
  2. ოდნავ მოხალეთ სანელებლები მშრალ ტაფაზე. დაუმატეთ ზეთი, ხახვი და ნიორი, შეწვით ოქროსფრამდე.
  3. დაუმატეთ სტაფილო, მოთუშეთ დარბილებამდე.
  4. შემდეგ ცოტათი გააგრილეთ, დაუმატეთ სოიოს სოუსი, ლიმონის წვენი და წყალი. დააქუცმაცეთ ბლენდერში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  5. მიირთვით გაგრილებული.

ყველის კარაქი

ინგრედიენტები

  • 70 გ ყველი
  • 100 გ დარბილებული კარაქი
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დახეხეთ ყველი.
  2. ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი მიქსერით.
  3. დაუმატეთ კარაქს მარილი და პილპილი.

ჰუმუსი გამომცხვარი ჭარხლით

ეს მუხუდოს სასიამოვო სპრედია, რომელსაც პურზე უსვამენ ან გარნირად იყენებენ.

ინგრედიენტები

  • 2 საშუალო ჭარხალი
  • 450 გ მუხუდოს კონსერვი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1/4 ჭიქა ფეტას ყველი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. ლიმონის ცედრა
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • მწიკვი კაიენის წიწაკა
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი პილპილი

მომზადება

  1. გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. წაუსვით საცხობ ჭურჭელს კარაქი ან ზეთი. მოათავსეთ ჭარხალი ამ ფორმაში და შეაშხეფეთ 1 კოვზი ზეითუნის ზეთი. აცხვეთ 45-60 წუთით, მანამ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.
  2. გააგრილეთ მზა ჭარხალი და დაჭერით.
  3. ბლენდერში შეურიეთ მუხუდო, ჭარხალი, ყველი, ნიორი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი და დააქუცმაცეთ ყველაფერი კრემისებრ კონსისტენციამდე.
  4. გააგრილეთ ჰუმუსი. მიირთვით ლავაშთან, ჩიფსებთან ან გახუხულ პურთან ერთად.

რომელი რეცეპტი მოგეწონათ ყველაზე მეტად?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს