ხალხურ ხელოვნებაში უამრავი სიმღერა მიეძღვნა დედასა და შვილს, უამრავი ლეგენდა და ბრძნული გამონათქვამი არსებობს ამ ახლო ადამიანებს შორის არსებული განსაკუთრებული კავშირის შესახებ. აბა, რა ადგილი უჭირავს მამას ფოლკლორში? ის ხომ გვერდიდან მაყურებლის, თითქმის უცხო ადამიანის როლშია. არადა, ბავშვის განვითარებაში მისი როლი ძალიან დიდია.
დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ იმის შესახებ, თუ როგორია მამის გავლენა შვილზე, და რატომ ამბობენ ასე ხშირად და დამსახურებულად, რომ დედა სიცოცხლეს გვჩუქნის, მამა კი სიცოცხლის ძალას. თანაც, ეს ეხება როგორც ვაჟებს, ისე ქალიშვილებსაც.
მამის გავლენა
გასაოცარია, თუმცა ოჯახში მამის როლი უამრავი მკვლევარისთვის გაუხსნელ თემად რჩება. თუ ზოგიერთი კვლევის შედეგები სავსებით ლოგიკურად და პროგნოზირებადად გვეჩვენება, სხვები ნამდვილად გვაკვირვებს.
დამტკიცებულია, რომ სრულფასვან ოჯახში ბავშვები მარტივად ეჩვევიან ცხოვრებას, მარტივად აბამენ ურთიერთობებს და ადაპტირდებიან სოციუმში. თუმცა, ეს ურთიერთკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, როცა ბავშვს მამასთან სანდო ურთიერთობა აქვს და მშობელი აქტიურად მონაწილეობს თავისი შვილის ცხოვრებაში.
ოჯახებში, რომლებშიც მამა არის, ბავშვები გაცილებით იშვიათად ტოვებენ სწავლას, ნაკლებად არღვევენ კანონს, იშვიათად აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები, არ ხვდებიან ცუდ წრეებსა და არაჯანსაღ ურთიერთობებში. სამაგიეროდ, ხშირად იწყებენ კარგ სამსახურს.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული უპირატესობები მხოლოდ მამის აქტიური თანამონაწილეობის შემთხვევებში მიიღწევა, როცა მშობელი დროის გარკვეულ მინიმუმს ბავშვზე ხარჯავს. ამასთან, დროის გატარება ხარისხიანი უნდა იყოს. ტელევიზორთან ერთად ჯდომა არ ითვლება.
ბავშვი ურთიერთობის პირველ გამოცდილებას ოჯახში იღებს. თუ საუბარი ქალიშვილზეა, სწორედ მამის წყალობით უყალიბდება მომავალ ქალს იმის შეგრძნება, რომ იგი ჭკვიანი, ნიჭიერი, ლამაზი, საყვარელი და გასაოცარია. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მამა ამაყოფს, რომ მას ქალიშვილი ჰყავს.
თუ მამა მზად არაა ქალური არსის მისაღებად, თუ უფრო მეტად ვაჟი უნდოდა, თუ იმედი გაუცრუვდა და ეს გამოამჟღავნა კიდევაც, თუ ქალიშვილს არ აფასებს და მას აგრესიის სამიზნედ აქცევს, ამ დანაკლისს ვეღარაფერი შეავსებს. ეს პრობლემები უკვე ზრდასრულ ცხოვრებაში მწვავედ იჩენს თავს.
თუ ვაჟზე ვსაუბრობთ, აქ პირველ ადგილას გამოდის მამაკაცური იდენტობა. ვაჟს უნდა, მამას ჰგავდეს ან მასთან არაფერი ჰქონდეს საერთო. ან ამაყობდეს მამით (ესე იგი, თავისი თავითაც), ან რცხვენოდეს მისი, რაც მამის იმედებს არ ამართლებს. ვაჟისთვის მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა შეაქოს არა ბავშვი, არამედ შეაფასოს მისი მიღწევები.
ნორმალურ ურთიერთობებში, ვაჟს თავიდან მამაზე დამსგავსება სურს. შემდეგ აღნიშნავს, რომ რაღაცაში მას სჯობს კიდევაც. დაბოლოს, იაზრებს, რომ თავისი მამის ღირსეული შვილია.
როგორ იქცეოდა მამა ოჯახში, როგორ ეპყრობოდა ცოლსა და შვილებს, რა ფასეულებებითა და რწმენებით ხელმძღვანელობდა, როგორ იქცეოდა კრიტიკულ სიტუაციებში – ეს ყველაფერი მისი ვაჟიშვილების ფუნდამენტურ სახელმძღვანელოდ იქცევა. მოუნდებათ თუ არა მათ მამისთვის დამსგავსება? თუ მამისგან რადიკალურად განსხვავებული ცხოვრება სურთ?
დედისგან ბავშვი უპირობო სიყვარულს იღებს. იგი ზრუნავს, უვლის, კვებავს, ამშვიდებს, იცავს. მამაც იცავს, თუმცა, ამასთან, აქზებს რისკის მიმართ, მოითხოვს შედეგს, აფასებს მიღწევებსა და წარუმატებლობებს, აღზრდის ხასიათს.
თუ სეირნობისას დედა პატარას მცირე გუბეებსაც კი არიდებს, რათა ბავშვს ფეხები არ დაუსველდეს, არ დასვაროს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, არ გაცივდეს და არ შესცივდეს, მამასთან ერთად შეიძლება გუბეებში ჩახტომა, მტრედების დადევნებაც და ნაყინის ჭამაც. რა თქმა უნდა, ყველა ამ საქმიანობას ახლავს რისკი, თუმცა ისინი ზრდის ჩვეულებრივ საზღვრებს, იძლევა ექსპერიმენტების საშუალებას.
მამის გავლენა შვილებზე ძალიან დიდია, თანაც, პირველივე წლებიდან. მართალია, გვეჩვენება, რომ პატარა ბავშვი დედაზე უფროა მიჯაჭვული, მამა კი საერთოდ არ ენატრება, რეალურად, ასე არაა. ბავშვის გაზრდასთან ერთად, მამასთან კარგი ურთიერთობა პირველ ადგილას ინაცვლებს. ამიტომ, აღმზრდელობითი პროცესიდან ჩამოშორება დაუშვებელია.