“ჩიტის რძე” – ესაა კანფეტი, რომელიც ტკბილისმჭამელებისთვის კლასიკად იქცა. ნაზი სუფლესა და შოკოლადის გასაოცარი გემო ტკბილეულის მოყვარულებს არ ავიწიყდება. თუმცა, თუ ამ ტკბილეულის ზუსტ შემადგენლობას გაიგებთ, დიდი ალბათობით, აღარ მოგეწონებათ – მაღაზიაში ნაყიდი დესერტი და ტორტი მავნე ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს.
ტკბილეულში არსებული კონსერვანტები და პალმის ზეთი უარყოფითად მოქმედებს ღვიძლსა და კუჭქვეშა ჯირკვალზე. ის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ირჩევს შინ მომზადებულ ტკბილეულს. თქვენც შეგიძლიათ ტორტის მომზადება ნატურალური პროდუქტებისგან, რომელიც გემოთი “ჩიტის რძეს” მოგაგონებთ. სცადეთ, თქვენც მოგეწონებათ!
ტორტი “ჩიტის რძე”
ინგრედიენტები ტორტისთვის
- 2 შეკვრა ჟელატინი (8-გრამიანები)
- 1 ჭიქა რძე
- 1 ჭიქა შაქარი
- 450 გ არაჟანი
- 450 გ გაცივებული ათქვეფილი ნაღები
- ზეთი ფორმებზე წასასმელად
ინგრედიენტები მოსართავად
- 5 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
- 5 ს.კ. შაქარი
- 1 შეკვრა ჟელატინი (8-გრამიანი)
- 5 ს.კ. რძე
- 1 ჭიქა ცივი წყალი
მომზადება
- შეურიეთ 2 შეკვრა ჟელატინი და 1 ჭიქა რძე. აირჩიეთ მოსახერხებელი ჭურჭელი – ცეცხლგამძლე და საკმარისი ზომისა იმისათვის, რომ მასში რძე ათქვიფოთ. დადგით მასა ცეცხლზე და თქვიფეთ, სანამ რძის თავზე ორთქლს არ დაინახავთ. არ შეიძლება რძის ადუღება – გამორთეთ ცეცხლი და გადადგით ქვაბი, რათა ჟელატინიანი რძე გაგრილდეს.
- მიქსერით ათქვიფეთ 1 ჭიქა შაქარი, არაჟანი და ნაღები. მოამზადეთ ტორტის საცხობი ფორმა – წაუსვით ზეთი.
- ნელ-ნელა დაუმატეთ ჟელატინიანი რძე ნაღების მასას. გააგრძელეთ მასის თქვეფა, კოლტები რომ არ დარჩეს.
- ჩაასხით მზა მასა ტორტის ფორმაში. ეცადეთ, ზედაპირი გააგლუვოთ. მოათავსეთ ფორმა მაცივარში (დაახურეთ ცელოფანი ან თავსახური).
- შეურიეთ კაკაოს ფხვნილი, შაქარი და ჟლატინი. ათქვიფეთ მასა მიქსერით, დაუმატეთ რძე და წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე, აადუღეთ. გლაზური გლუვი უნდა გახდეს. გადადგით გასაგრილებლად.
- დაახლოებით 1 საათის შემდეგ, დაასხით გლაზური რძის საფუძველს, ფრთხილად და აუჩქარებლად. ტორტი თითქმის მზადაა: მაცივარში 5 საათით შედგით და სულ ესაა.
როგორც ხედავთ, დესერტი ელემენტარულად მზადდება. გემო შეუდარებელია, თანაც, ზუსტად გეცოდინებათ, რა შედის მის შემადგენლობაში – არავითარი ქიმიური დანამატი. შესანიშნავი ვარიანტია ბავშვის მენიუსთვის. რატომ უნდა შეიძინოთ მავნე ტკბილეული, როცა შინ ასეთი სასწაულის მომზადება შეიძლება?