შინაურული საფუარის რამოდენიმე რეცეპტი და როგორ მოვამზადოთ ის დამოუკიდებლად.

5404

ჯერ კიდევ წიწიბურას და ტუალეტის ქაღალდის მომარაგება ყველამ ვერ მოასწრო, რომ უკვე საფუარიც დეფიციტშია, რაც განსაკუთრებით საწყენია, რადგან კარანტინი სამზარეულოში ექსპერიმენტებისთვის იდეალური დროა. შეიძლება ნამდვილი საფუარის თავად მომზადება? რა თქმა უნდა! „პაპარაცმა“ იცის როგორ.

შინაურულ საფუარში ყველაფერი აუცილებელი და ამავდროულად არაფერი ზედმეტი არ იქნება, რომ ისეთი შეუდარებელ პური გამოაცხოთ, როგორსაც ჩვენი ბაბუები აცხობდნენ: საწარმოო საფუარის გარეშე, ნატურალურ ხაშზე სვიით, ჭვავის ფქვილით, ხორბლით, ქერით, ქატოთი ან კარტოფილით.

საკუთარი ხელით მომზადებული საფუარი

დღეს პურის საცხობი საფუარის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. პირველ რიგში, საფუარის რძე დიდი რაოდენობის საფუარის უჯრედებით, რომელიც შეგიძლიათ მოსაზელად გამოიყენოთ, მაგრამ შესანახად და გადასატანად მოუხერხებელია.

მეორეც, მართკუთხა ფორმის დაპრესილი საფუარი 50, 100 და 1000 გრ წონის (შეგიძლიათ მაცივარში 2 კვირა შეინახოთ). ასევე მშრალი საფუარი გრანულებში, რომელიც „მძინარე“ საფუარის უჯრედებისგან შედგება და აქტივობის აღსადგენად აუცილებლად წყალში უნდა გახსნათ.

ბოლო თაობა: სწრაფად მოქმედი ან ინტენსიური საფუარი. ასეთ საფუარს წყალში გახსნა არ სჭირდება, შეგიძლიათ ცოტა ფქვილი აურიოთ და პირდაპირ მზა ცომს დაუმატოთ. სწრაფად მოქმედი საფუარი ცომის ზრდის ძლიერ პოტენციალს შეიცავს. ის 1,5-2-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება.

მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე პურის საცხობად სვიაზე დაფუძნებული საფუარი გამოიყენებოდა. ანატოლი ანდრეევას წიგნში „შინაურული პური და ნაზუქი“ მოცემულია მარტივი რეცეპტი: „მზა საფუარის და ხაშის არ არსებობის შემთხვევაში თვითნაკეთი გამოიყენება.

სახლის პირობებში შეგიძლიათ სვიის საფუარი გამოიყენოთ, თუ სვიის ყვავილებს წყალში მოხარშავთ. მიღებულ ყავისფერ სითხეს გაგრილების შემდეგ ფქვილი დაუმატეთ. მაგარი ცომი მოზილეთ. მისგან პატარა, 60-70 გრ კვერები გააკეთეთ, კარგად გაახმეთ და ფქვილი მოაყარეთ. საფუარი მშრალ ადგილას შეინახეთ“.

საინტერესოა, რომ თანამედროვე მშრალი საფუარი მხოლოდ გასული საუკუნის 40-იან წლებში გამოჩნდა. მანამდე ჰგავდა ქატოს მშრალ გოროხს სქელი ალაოს არომატით და თავისი არსით დაფშვნილ ქატოს და ხმელ ხაშს წარმოადგენდა.

ქატოს საფუარი

ინგრედიენტები:

  • 800 გრ ხორბლის ქატო
  • 1 კგ მთელი მარცვლეულის ფქვილი
  • 200 გრ სვიის ხმელი გირჩები
  • 4 ლ ცხელი წყალი

მომზადება:

  1. ერთ ნაწილ სვიას 2 ნაწილი წყალი დაუმატეთ. ჩვენს შემთხვევაში 2 ლ (200 გრ) ხმელ სვიის გირჩებს 4 ლ წყალი დაასხით.
  2. ქვაბი ცეცხლზე დადგით და წყლის განახევრებამდე ადუღეთ.
  3. შემდეგ გააგრილეთ, რომ ნახარშის გადაწურვა და გირჩების გაწურვა გაგიადვილდეთ. 2 ლ ნახარში უნდა მიიღოთ.
  4. ნახარშის ნახევარი (1 ლ) კვლავ ცეცხლზე დადგით.
  5. მეორე ნახევარს 500 გრ ფქვილი დაუმატეთ. მოზილეთ ისე, რომ გოროხები არ დაგრჩეთ. ოლადების მსგავსი ცომი უნდა მიიღოთ.
  6. მუდმივად აურიეთ და ფქვილის მასა ნელ-ნელა ცხელ ნახარშს დაუმატეთ. როცა პირველი ბუშტუკები გაჩნდება, არაჟნის მსგავსი მასა ცეცხლიდან გადმოდგით. ნახევარი საათით გასაგრილებლად გააჩერეთ.
  7. კიდევ 1 ჭიქა ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ. 2 საათით გააჩერეთ. კიდევ 1 ჭიქა ფქვილი დაუმატეთ, აურიეთ და 1 დღე თბილ ადგილას (გათბობის ბატარეასთან) გააჩერეთ.
  8. 1 დღის შემდეგ ნარევს 1 ჭიქა ფქვილი და 2 ჭიქა დაქუცმაცებული ქატო დაუმატეთ. აურიეთ, პირსახოცი გადააფარეთ და 4 საათით თბილ ადგილას გააჩერეთ.
  9. დარჩენილი ქატო დაუმატეთ და სქელი ცომი მოზილეთ. ქატომ მთელი სითხე უნდა შეიწოვოს. ცომი 4 ნაწილად გაყავით და გაახმეთ.
  10. 4 საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. მათზე ცომი გადაანაწილეთ და ხელით პატარა ნამცეცებად დააქუცმაცეთ.
  11. შეგიძლიათ თბილ ადგილას 3 დღე გაახმოთ ან 30 გრადუს ტემპერატურაზე საშრობში გაახმეთ.
  12. საფუარის მზაობა ყველაზე დიდი ნამცეცების დაფშვნით შეამოწმეთ. მის შიგნით სისველე არ უნდა იყოს.
  13. საკუთარი ხელით საფუარის მომზადების შემდეგ მინის თავდახურულ ქილაში ან ნატურალური ქსოვილის ტომარაში შეინახეთ. შენახვის ვადა – 1 წელი.

კარტოფილის საფუარი

ხაშის ინგრედიენტები:

  • 20 გრ სვიის ხმელი გირჩები
  • 1,5 ლ წყალი
  • 4 ს/კ შაქარი
  • 3 კარტოფილი
  • 1 ჭიქა მთელი მარცვლეულის ხორბლის ფქვილი

საფუარის ინგრედიენტები:

  • 50 გრ სვიის ხმელი გირჩები
  • 4 ლ წყალი
  • 2 კგ კარტოფილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა მარილი

მომზადება:

  1. 20 გრ სვია და 1,5 ლ მდუღარე წყალი აურიეთ. თავდახურულ ქვაბში 20 წუთით ხარშეთ, მუდმივად აურიეთ. 1 ლ ნახარშს მიიღებთ.
  2. თითოეულ ჭიქა სითხეს 1 კოვზი შაქარი დაუმატეთ. აურიეთ და სუფთა ქილაში გადაასხით. მარლა დააფარეთ და დუღილისთვის 2 დღე თბილ ადგილას გააჩერეთ.
  3. ამ დროში კარტოფილი მოხარშეთ.
  4. ფერმენტირებული სვია გადაწურეთ.
  5. გადაწურული ნახარში ქილებში გადაასხით.
  6. მოხარშული კარტოფილი პიურეს მიღებამდე დაჭყლიტეთ და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.
  7. ნახარშს 1 ჭიქა ფქვილი და კარტოფილი დაუმატეთ. აურიეთ, მარლა დააფარეთ და ხაში თბილ ადგილას 1 დღე გააჩერეთ. უფრო კარგი დუღილისთვის პერიოდულად აურიეთ.
  8. 2,5 ჭიქა სვიას 4 ლ წყალი დაასხით და ადუღეთ ისე, რომ საბოლოოდ 3 ლ ნახარში გამოგივიდეთ.
  9. 2 კგ უმი კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ.
  10. ნახარში ცეცხლზე დადგით, 1 ჭიქა შაქარი და 1 ს/კ მარილი დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.
  11. გახეხილ კარტოფილს 1 ვედრო ცხელი ნახარში დაასხით, აურიეთ, პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას დადეთ.
  12. როცა ხაში მზად იქნება (ის მოცულობაში 2-ჯერ უნდა გაიზარდოს), კარტოფილიანი სვია დაუმატეთ და აურიეთ.
  13. როგორც კი ვედროში საფუარი დუღილს დაიწყებს, სუფთა ბოთლებში გადაანაწილეთ.
  14. მზა საფუარი მაცივარში ან გრილ ადგილას 6 თვემდე შეინახეთ.

მუდმივი ხაში ჭვავის ფქვილით

ინგრედიენტები:

  • ჭვავის ფქვილი
  • წყალი

მომზადება:

1. პირველ დღეს, ქილაში 50 გრ თბილი წყალი და 50 გრ მთელი მარცვლეულის ჭვავის ფქვილი აურიეთ. ქილას ნახვრეტებიანი თავსახური დააფარეთ და სამზარეულოში ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

2. მეორე დღეს 25 გრ წყალი და 25 გრ ფქვილი დაუმატეთ. აურიეთ. თუ ხაში დღის განმავლობაში ფორიანი არ გახდება, გამოდის, რომ ფქვილი ხაშისთვის არ გამოგადგებათ. გადაყარეთ და პროცედურა ახალ ფქვილით დაიწყეთ.

კარგი ფქვილისგან მომზადებული ხაში დღის განმავლობაში უნდა ამოვიდეს. ამავე დღეს გარდამტეხ მომენტს უნდა მიაღწიოს. თუ ხაში ერთ დღეში ამოვიდა, მაგრამ შემდეგ დაეცა, დროა გამოკვებოთ.

ამჯერად, კარგი ბაქტერიების კონცენტრაციის გასაზრდელად ხაშის ნაწილი მოაშორეთ. მხოლოდ 75 გრ ხაში დატოვეთ და 25 გრ ფქვილი და 25 გრ წყალი დაუმატეთ, აურიეთ. დარჩენილი ხაში გადაყარეთ. თავსახური დაახურეთ და სამზარეულოში დადეთ.

3. მეორე დილით მხოლოდ 50 გრ ხაში აიღეთ, დანარჩენი გადაყარეთ. 50 გრ ხაშს 25 გრ ფქვილი და 25 გრ წყალი დაუმატეთ. ნახვრეტებიანი ფოლგა დააფარეთ.

4. მეოთხე დღეს 50 გრ ხაში აიღეთ, 25 გრ ფქვილი და 25 გრ წყალი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და ფოლგა დააფარეთ.

5. მეხუთე დღეს პროცედურა გაიმეორეთ.

6. თუ მეექვსე დღეს ხაში ზომაში 2-ჯერ გაიზარდა და სასიამოვნო სუნით გახარებთ, გამოდის მეორე გარდამტეხი მომენტი დადგა: ხაში მაცივარში უნდა შეინახოთ.

50 გრ ხაში აიღეთ, 25 გრ ფქვილი და 25 გრ წყალი დაუმატეთ, კარგად აურიეთ, თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.

7. თუ დილით ხაში კარგად ამოსული იქნება, შეგიძლიათ 1:2 პროპორციით კვებაზე გადახვიდეთ.

25 გრ ხაში აიღეთ, 50 გრ ფქვილი და 50 გრ წყალი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, თავსახური დაახურეთ და მაცივარში 2 დღე შეინახეთ.

8. მეცხრე დღეს გამოკვება 1:4 პროპორციით შეასრულეთ. 30 გრ ხაშს 120 გრ წყალი და 120 გრ ფქვილი დაუმატეთ.

2 დღის შემდეგ თქვენ საკმარისი რაოდენობის ხაშს მიიღებთ საკუთარი თავის უზრუნველსაყოფად და პურის გამოსაცხობად 3-4 დღეში ერთხელ.

9. ზოგჯერ ხაშის გამოსაკვებად დრო არ გვაქვს, ამ დროს ხაში შეიძლება გამოშრეს. 30 გრ ხაში პერგამენტის ქაღალდზე თხელ ფენად გააბრტყელეთ და სრულ გახმობას დაელოდეთ.

ფანტელების მიღებამდე დაფშვენით და ქილაში მოათავსეთ, თავსახური კარგად დაახურეთ. ასეთი ხაში შეგიძლიათ გამოკვების გარეშე რამდენიმე წელი შეინახოთ. თუ მისი გამოყენება მოგიწევთ, წყალში საწყის წონამდე 30 გრამამდე გახსენით და რამდენჯერმე 1:1 პროპორციით გამოკვებეთ.

როგორ გამოვაცხოთ პური შინაურული ქატოს საფუარით

ხაშის ინგრედიენტები:

  • 40 გრ შინაურული საფუარი
  • 250 მლ წყალი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ჭიქა პირველი სახეობის ფქვილი

ცომის ინგრედიენტები:

  • 600 მლ წყალი
  • 150 გრ ნატურალური იოგურტი
  • 1 ს/კ თაფლი
  • 30 გრ მარილი
  • 1 კგ პირველი სახეობის ფქვილი
  • 0,5 კგ მაღალი სახეობის ფქვილი
  • 50 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 კვერცხის გული

მომზადება:

  1. 40 გრ შინაურულ ქატოს საფუარს 1 ჭიქა წყალი დაასხით. სრულ გახსნას დაელოდეთ.
  2. საფუარს 1 ს/კ შაქარი დაუმატეთ.
  3. 1 ჭიქა ფქვილი 4 ნაწილად გაყავით.
  4. ნარევს ყოველ 3 საათში 1 ს/კ ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ.
  5. 12 საათს შემდეგ მზა ხაში შეგიძლიათ ცომის მოსაზელად გამოიყენოთ.
  6. იოგურტი წყალს აურიეთ, 750 მლ სითხე დაუმატეთ. აქვე თაფლი დაუმატეთ და აურიეთ.
  7. ფქვილს 30 გრ მარილი დაუმატეთ.
  8. ფქვილის ნაწილი, იოგურტი წყალთან ერთად, ხაში და მცენარეული ზეტი კომბაინის ჭიქაში აურიეთ.
  9. ცოტ-ცოტა ფქვილი მოაყარეთ, რომ მკვრივი ცომი მოზილოთ.
  10. ცომი 15 წუთით გააჩერეთ.
  11. ამ დროში საცხობი ფორმები მოამზადეთ.
  12. ცომი კიდევ ერთხელ ჩაზილეთ და 3 ტოლ ნაწილად გაყავით.
  13. ფორმებში გადაანაწილეთ ისე, რომ ფორმის ნახევარზე ნაკლებს იკავებდეს.
  14. ფორმებს პირსახოცი გადააფარეთ და 2 საათით გააჩერეთ.
  15. 2 საათის შემდეგ ამოსული ცომი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით აცხვეთ.
  16. მომზადებამდე 10 წუთით ადრე ზემოდან კვერცხის გულის და წყლის ნარევი წაუსვით.
  17. მზა პური მხოლოდ სრულად გაგრილების შემდეგ დაჭერით. პური მოწითალო, რბილი, ფოროვანი და ხრაშუნა ქერქით გამოვა.

შინაურული საფუარის დახმარებით სახლის პირობებში გემრიელი და არომატული პურ-ნაზუქეულის გამოცხობას შეძლებთ. გისურვებთ, რომ ცომი კარგად ამოგივიდეთ და გემრიელი პური დააცხოთ! გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს