როცა ბუნება ზამთრის ძილისგან იღვიძებს, ტყეში ვიტამინებით სავსე პირველი მწვანილი, ღანძილი ჩნდება, რომელსაც დათვის ხახვსა და ველურ ნიორსაც უწოდებენ. პირველ თბილ დღეებში, ღანძილით მომზადებული კერძები ჩვენს ორგანიზმს ავსებს ვიტამინებით, რომელთა დეფიციტით გაზაფხულზე ასე მწვავედ იგრძნობა.
ამიტომ, ახალი ღანძილი ფართოდ გამოიყენება სალათების, წვნიანების, სოუსების, სხვადასხვა სასუსნავის დასამზადებლად. ამ მცენარით ავსებენ ღვეზელებს, პელმენებს, აკეთებენ მწნილებს…
რეცეპტების ამ უკიდეგანო ზღვიდან გთავაზობთ ღანძილის საუკეთესო კერძების მომზადებას.
ღანძილის კერძები
ღანძილის ეთერზეთს უძლიერესი ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს ორგანიზმზე და მცენარის სპეციფიკურ არომატზეც აგებს პასუხს.
ამიტომაც, ნედლი ღანძილი უნდა მიირთვათ საღამოს, მისი კერძი კი – დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
ღანძილის სუპ-პიურე
სტუმრები კულინარიული შესაძლებლობებით რომ გააოცოთ ან ყოველდღიური მენიუ გაამრავალფეროვნოთ, ჩვეულებრივი წვნიანების ნაცვლად, მოამზადეთ დახვეწილი სუპ-პიურე.
ინგრედიენტები
- 1 კონა ღანძილი
- 2 თავი ხახვი
- 800 გ კარტოფილი
- 600 მლ ქათმის ბულიონი
- 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 100 გ გახუხული პური
- მარილი გემოვნებით
- ხმელი წითელი წიწაკა გემოვნებით
მომზადება
- წვრილად დაჭერით ხახვი, ხოლო კარტოფილი – კუბებად.
- გაათბეთ ქვაბში ზეთი და შეწვით ხახვი, სანამ არ დარბილდება და დაიბრაწება.
- დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი და მწიკვი მარილი. შეამცირეთ ცეცხლი, დაახურეთ თავსახური და ამზადეთ 15-20 წუთით, კარტოფილის მომზადებამდე.
- ჩაასხით ბულიონი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ღანძილი. აადუღეთ წვნიანი ძლიერ ცეცხლზე. შემდეგ შეამცირეთ ცეცხლი მაქსიმალურად და ხარშეთ კიდევ 6-8 წუთით, სანამ კარტოფილი მთლიანად არ დარბილდება.
- დაფშვენით პურები და დაუმატეთ წვნიანს. საჭყლეტის გამოყენებით, დაჭყლიტეთ ყველა ინგრედიენტი, რათა პიურეს კონსისტენცია მიიღოს.
- დაუმატეთ წვნიანს მარილი და პილპილი, დაასხით თეფშებზე და მოაყარეთ ხმელი წითელი წიწაკა.
სულ ესაა, ღანძილის სუპ-პიურე მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ღანძილის კვერები
ინგრედიენტები
- 300 გ ღანძილის ფოთლები
- 3 კვერცხი
- 2 ს.კ. ფქვილი
- 1 ს.კ. სიმინდის ფქვილი
- მწიკვი სოდა
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- ზეთი შესაწვავად
მომზადება
- გარეცხეთ და წვრილად დაჭერით ფოთლები.
- ოდნავ ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ ფქვილი,ს ოდა და სანელებლები, მოურიეთ.
- შეურიეთ მასას დაჭრილი ფოთლები.
- შეწვით გახურებულ ტაფაზე, ოქროსფრის მიღებამდე.
არომატული და გემრიელი მწვანე კვერები მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ღანძილის პესტო
სასარგებლო ღანძილისგან შეგიძლიათ სოუსის მომზადება, რომელიც რეჰანის ცნობილ პესტოს ძალიან ჰგავს. როგორც ღანძილის სხვა კერძები, ესეც ძალიან გემრიელი, პიკანტური და არომატული გამოდის.
ინგრედიენტები
- 1 კონა ღანძილი
- 1 ს.კ. კედრის კაკალი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- 1 ს.კ. დახეხილი ყველი
- ნახევარი ლიმონის წვენი
- 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მომზადება
- გარეცხეთ და გააშრეთ ღანძილის ფოთლები.
- წვრილად დახეხეთ ყველი.
- დააქუცმაცეთ კაკალი და ღანძილი ბლენდერში ან გაატარეთ ხორსაკეპში. დიახ, იტალიაში პესტო სანაყში მზადდება, თუმცა, თუ იგი არ გაქვთ, შეგიძლიათ ასე მოიქცეთ.
- მოათავსეთ მიღებული პასტა ქილაში. დაუმატეთ ყველი, შეაზავეთ სუნელებით და მოურიეთ.
- დაასხით ზეთი 1 სმ ფენად, ჰაერი რომ არ შევიდეს მასაში.
- ეს სოუსი მაცივარში არანაკლებ 1 თვეს ინახება.
- დაუმატეთ პესტო ბოსტნეულს, ხორცს, თევზსა და პასტას.
ღანძილის დომხალი
ცხელი ზაფხულის კარზე, ჩვენს მკითხველებს ვუზიარებთ გამაგრილებელი დომხალის რეცეპტს.
ინგრედიენტები
- 5-6 ღერო ღანძილი
- 1 კონა ბოლოკი
- 1 კვერცხი
- 2 კარტოფილი
- 1 კიტრი
- 50 გ მოხარშული ძეხვი
- 2 ღერო მწვანე ხახვი
- რამდენიმე ღერო კამა
- კეფირი (აირანი, მაწონი)
- მარილი გემოვნებით
- არაჟანი
მომზადება
- მოხარშეთ კვერცხი და კარტოფილი კანიანად.
- გაფცქვენით კვერცხი და კარტოფილი, დაჭერით კუბებად, ძეხვთან ერთად.
- კუბებად დაჭერით ბოლოკი და კიტრიც.
- დააქუცმაცეთ ღანძილი, ოღონდ არც ისე წვრილად. დაჭერით ხახვი და კამაც.
- კარგად მოურიეთ, დაუმატეთ მარილი, დაასხით კეფირი და შეაზავეთ არაჟნით.
გემრიელად მიირთვით!
მწვანე კარაქი ღანძილით
გაზაფხულზე მიყვარს მწვანე კარაქი სქელ გახუხულ პურებზე.
ინგრედიენტები
- 1 დიდი კონა ღანძილი
- 200 გ კარაქი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- გარეცხეთ და დაჭერით ღანძილის ფოთლები.
- გაყავით ოთახის ტემპერატურის კარაქი ორ ნაწილად.
- ერთი ნაჭერი დაჭყლიტეთ ჩანგლით.
- მეორე ნაწილი შეურიეთ ღანძილს და დააფქვიეთ ბლენდერში, დაუმატეთ მარილი.
- მეორე ნაწილი მოათავსეთ ცელოფანზე და გააბრტყელეთ.
- გაბრტყელებულ კარაქზე მოათავსეთ ღანძილის კარაქი.
- დაახვიეთ რულეტი და შედგით საყინულეში.
ღანძილის საგაზაფხულო სალათი
ინგრედიენტები
- 1 კონა ღანძილი
- 3 კვერცხი
- 1 კიტრი
- 1 ს.კ. კაკალი
- 120 გ არაჟანი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- გარეცხეთ და დაჭერით ღანძილი.
- გათალეთ კიტრი და დაჭერით თხლად.
- მოხარშეთ და დაჭერით კვერცხი.
- სასალათეში შეურიეთ ღანძილი და კიტრი. დაუმატეთ მარილი და მოურიეთ.
- დაუმატეთ კვერცხი.
- შეაზავეთ სალათი არაჟნით, მოურიეთ და გემრიელად მიირთვით.
მაკარონი ღანძილითა და ნუშ-ყველის სოუსით
ინგრედიენტები
- 1 კონა ღანძილი
- 400 გ მაკარონი
- რამდენიმე ღერო ოხრახუში
- 3 კბილი ნიორი
- 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 70 გ ყველი
- 50 გ ნუში
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
- მოხარშეთ მაკარონი.
- დახეხეთ ყველი წვრილად.
- ბლენდერში დააფქვიეთ ღანძილი და ოხრახუში. დაუმატეთ ნიორი, დანაყული ნუში და ზეთი.
- დააქუცმაცეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- დაუმატეთ დახეხილი ყველი და მოურიეთ. სოუსი მზადაა.
- მირთმევამდე მაკარონს დაუმატეთ სოუსი. სურვილისამებრ, მოაყარეთ დახეხილი ყველი.
გემრიელად მიირთვით!