გეორგინას გამრავლება შეიძლება როგორც თესლით, ისე ვეგეტატიური გზითაც. თესლით გამრავლებას, ხშირად, გლუვი სახეობების გამრავლებისთვის და სელექციური სამუშაოების დროს მიმართავენ. მოყვარულები კი ამ ყვავილებს, უმეტესწილად, დამყნობით ან ბოლქვის გამოყენებით ამრავლებენ.
გეორგინას გამრავლების ვეგეტატიური მეთოდები
გეორგინას გამრავლება ბოლქვით
პირველ შემთხვევაში, ბოლქვები უნდა ამოცენდეს, რათა მძინარე კვირტებმა გაიღვიძონ. შემდეგ მათ ჭრიან ბასრი დანით ისე, რომ თითოეულ ღეროს ფესვის ყელის პატარა ნაჭერი და 1-2 მძინარე კვირტი გაჰყვეს. ჭრილებს აყრიან ხის დანაყულ ნახშირს.
მომზადებული ნაჭრები უნდა დალაგდეს კარგად განიავებად ოთახში ორი დღით, 20-22 გრადუსზე. ასეთ პირობებში, ბოლქვის ჭრილობები სწრაფად შეხორცდება და ლპობის საშიშროებაც აღმოიფხვრება. მიღებული ნაჭრები შემდეგ ჩვეულებრივად ირგვება და იზრდება.
გეორგინას გამრავლება კალმებით
გეორგინას კალმებით გამრავლების დროს, მარტის ბოლოს ბოლქვებს ათავსებენ ყუთებში – ტენიან ტორფში ან ნახერხში – და ელოდებიან მორჩების წამოზრდას. როცა მათი სიგრძე 5-8 სმ-ს მიაღწევს, კალმები ბასრი დანით იჭრება ფოთლების ქვედა წყვილთან და ირგვება 0.5 სმ სიღრმეზე ყუთებში, რომელთა ფსკერზეც მკვებავი ნიადაგია დაყრილი, ზემოდან კი, 3-4 სმ სისქეზე – გარეცხილი ქვიშა.
გეორგინას კალამს რეგულარულად უნდა შეაშხეფოთ წყალი და დაიცვათ მზის პირდაპირი სხივებისგან. 2-3 კვირაში კალამი უნდა გადაირგოს ტორფ-ნეშომპალასთან შერეული ნიადაგით სავსე ქოთანში.
გადარგვის შემდეგ, მცენარე 15-17 გრადუს სითბოში უნდა იყოს, აუცილებელია 2-3-ჯერ მინერალური სასუქებით შესუქება მუდმივ ადგილზე გადარგვამდე.