თესლის სტიმულატორებით დამუშავება საშუალებას იძლევა, მივიღოთ ჯანმრთელი, ძლიერი მორჩები უფრო მოკლე დროში, და გავზარდოთ მცენარის დაავადებებისადმი სამომავლო რეზისტენტულობა. გარდა ამისა, სტიმულატორების გამოყენება გვეხმარება ისეთი მორჩების გაჩენაში, რომლებიც თანაბრად გაიზრდება.
პრეპარატების შერჩევა ხდება მცენარის ჯგუფის (ბალახეული თუ ხე, ერთწლიანი თუ მრავალწლიანი). მცენარეული უჯრედები ზრდის ერთ ფაზაში შეიძლება მგრძნობიარე იყოს მასტიმულირებელი ნივთიერებებისადმი, ხოლო მეორეში – არა. ხანდახან, სხვადასხვა მწარმოებლის ერთი და იგივე პრეპარატი განსხვავებულად მოქმედებს: ერთ ბაღში მას ძლიერი მოქმედება აქვს, მეორეში კი – არა. სცადეთ ახალი რამ, მიჰყევით ინტუიციას და დაიცავით ინსტრუქცია.
7 ყველაზე პოპულარული სტიმულატორი ნერგებისთვის
1. გუმატი +7 იოდი
ესაა გუმინურ მჟავებზე დამზადებული სტიმულატორი, რომელიც სასუქად გამოიყენება, თუმცა, შესანიშნავია თესლის დასამუშავებლადაც. 0.5-1 გ პრეპარატს 1 ლ წყალში აზავებენ. პრეპარატში თესლი 14-24 საათით უნდა ჩაალბოთ, კულტურის მიხედვით.
2. რიბავ-ექსტრა
ესაა ზრდის ბუნებრივი რეგულატორი და ფესვწარმომქმნელი, ამასთან, შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს. ყველა კულტურისთვის, 0.1 მლ (3 წვეთი) უნდა გახსნათ 1 ლ წყალში და ჩაალბოთ 30 წუთით, უშუალოდ დათესვის წინ.
3. ფიტოზონტი
მცენარის ზრდის უნივერსალური ბუნებრივი რეგულატორია, რომლის მოქმედი ნივთიერებაა L-ალანინი და L-გლუტამინის მჟავა. დათესვამდე 30 წუთით ადრე, ჩაალბეთ თესლი 0.1 მლ პრეპარატისა და 1 ლ წყლის ხსნარში. იგი გამოგადგებათ ძირითადი კულტურებისთვის: კიტრი, პომიდორი, ჭარხალი, ხახვი, კომბოსტო, ბარდა.
სხვათა შორის, ყვავილების ფიტოზონტის ხსნარით შეშხეფება ბუტონიზაციის ფაზაში ზრდის მცენარის დაავადებებისადმი რეზისტენტულობას.
4. ეპინ-ექსტრა
ბოსტნეული კულტურებისთვის, 4-6 წვეთი (ჭარხალი, სტაფილო, ნიახური – 3 წვეთი) გახსენით 100 მლ თბილ წყალში. ყვავილოვანი კულტურებისთვის კი გახსენით 4 წვეთი 100 მლ თბილ წყალში. ჩაალბეთ თესლი პრეპარატში 24 საათით.
5. ცირკონი
ბოსტნეული კულტურებისთვის საკმარისია 2 წვეთი 100 მლ წყალზე, კიტრისთვის – 1 წვეთი 200 მლ-ზე. ყვავილებისთვის გახსენით 3-4 წვეთი 100 მლ წყალში. ჩაალბეთ თესლი 6-8 საათით. პრეპარატის გამოყენება შეიძლება დაზიანებული და ვადაგასული თესლის სტიმულირებისთვისაც.
6. ეკოგელი
ეკოგელი ფესვწარმოქმნის, დაავადებისადმი რეზისტენტულობისა და მოსავლიანობის აქტივატორია. ნებისმიერი კულტურის თესლი ჩაალბეთ 2-4 საათით. გახსენით 1 ლ წყალში 25 მლ პრეპარატი.
7. ამინოზოლი
ესაა თხევადი ორგანული აზოტური სასუქი ამინომჟავების სრული კომპლექსით. იგი აუმჯობესებს ფესვთა სისტემის განვითარებას, იცავს მცენარეს სტრესისგან, ასტიმულირებს მცენარეების ზრდას. ნებისმიერი კულტურის თესლი ჩაალბეთ 12-24 საათით ხსნარში: 5 მლ 500 მლ წყალზე.
ბუნებრივი სტიმულატორები
- ალოეს წვენი
ამ სტიმულატორის მიღება ალოეს ფოთლების დაწურვით შეიძლება. ხშირად, ყურძნის თესლის გასაღვივებლად გამოიყენება. ჩალბობის დრო 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
- ქარვის მჟავა
მცენარის ზრდის რეგულატორი და სტრესული ადაპტოგენი: ზრდის გარემოს მავნე ზემოქმედებისადმი რეზისტენტულობას, აჩქარებს ყვავილობას და არ აბინძურებს გარემოს.
ქარვის მჟავა იყიდება 0,1-გრამიან აბებსა და ერთგრამიან კაფსულებში. არსებობს მზა პრეპარატიც “იანტარინი” (სითხე) – ქარვის მჟავა.
თესლის ჩასალბობად გამოიყენება 0.004%-იანი ხსნარი (40 მლ 1%-იანი ძირითადი ხსნარი ზავდება 1 ლ წყალში). თესლი დათესვამდე არაუმეტეს 1 დღით უნდა ჩაალბოთ, ამის შემდეგ ოდნავ შეაშროთ და დათესოთ.
თესლისა და ნიადაგის დეზინფექცია
ნაყიდი თესლი დეზინფიცირდება წარმოების სტადიაზე, ამიტომ, დათესვისთვის მოსამზადებელი ეს ეტაპი აქტუალურია თავად მოპოვებული თესლისთვის.
- მაქსიმი
(ინსტრუქციის თანახმად) ჩალბობის დროა 30 წუთიდან 2 საათამდე, კულტურის მიხედვით.
- ბაქტოფიტი
ესაა ბიოლოგიური პრეპარატი, რომლის მოქმედი ნივთიერებაა Bacillus subtilis. კიტრის ფესვის ლპობას თავიდან აგაცილებთ დათესვამდე თესლის 3-6 საათით ჩალბობა 2 გ პრეპარატისა და 1 ლ წყლის ხსნარში.
- ვიტაროსი
ეს პრეპარატი იცავს ყვავილებს ლპობისგან. გამოგადგებათ ყვავილოვანი კულტურების ბოლქვების შესაწამლავად, თუმცა, შეგიძლიათ ამით ყვავილოვანი კულტურების თესლის დამუშავებაც. 2 მლ პრეპარატს ხსნიან 1 ლ წყალში და ალბობენ 2 საათით.
- კალიუმის პერმარგანატი (მარგანცოვკა)
საჭიროა 0.5-1%-იან ხსნარში ჩალბობა 15-20 წუთით.
- ხის ფერფლი
2 ს.კ. საშუალება გახსენით 1 ლ თბილ წყალში. ჩალბობის დრო: სტაფილოსა და ხახვისთვის – 6 საათი, დანარჩენი კულტურებისთვის – 3 საათი.
- სასმელი სოდა
1 გ სოდა გახსენით 1 ჭიქა წყალში. ჩაალბეთ 24 საათით.
- წყალბადის ზეჟანგი
გამოიყენება ასკილისა და დათვის კენკრის თესლის დასამუშავებლად. თესლი ჩაალბეთ 3%-იან ხსნარში 10 წუთით.
- ბზის მერქნის ნაყენი
ბზის ქერქი შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ეფექტურად ანადგურებს პათოგენურ მიკროორგანიზმებს. ნაყენის დასამზადებლად, შეაგროვეთ ახალგაზრდა ტოტების მერქანი, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 დღით. თესლი ჩაალბეთ ნაყენში 24 საათით.
პრეპარატების გამოყენების წესები
- მკაცრად დაიცავით პრეპარატის ინსტრუქცია;
- თესლი დაამუშავეთ უშუალოდ დათესვამდე;
- მზა ხსნარი არ ინახება და დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოთ;
- მოსახერხებლობისთვის, თესლი ჩალბობამდე მარლაში გაახვიეთ.
მცენარის სტიმულაცია კოლხიცინის სპირტიანი ხსნარით
ალკალოიდების ყველაზე დიდი რაოდენობა კოლხიკუმის ბოლქვში უშუალოდ ყვავილობის პერიოდამდე გროვდება – სწორედ მაშინ უნდა ამოთხაროთ ისინი.
მუქი ფერის ფლაკონში მოათავსეთ კოლხიკუმის ბოლქვის 10 გ გამოშრობილი ნედლეული. დაასხით 100 მლ არაყი ან 70%-იანი სპირტი, გააჩერეთ 2 კვირით ბნელ ოთახსა და მუქ ფლაკონში, რეგულარულად შეანჯღრიეთ და გაფილტრეთ. თესლი დარგვამდე ჩაალბეთ 20 წუთით წყლიან ხსნარში (2-3 წვეთი 3-4 ს.კ. წყალზე). გარეცხეთ და დარგეთ. ფრთხილად იყავით კოლხიცინის პრეპარატებთან მუშაობისას: იმუშავეთ ხელთათმანით! მცენარე საშიშია ადამიანისთვის, აქვს კანცეროგენული მოქმედება. წყლის ხსნარი არ ინახება, სპირტიანისგან განსხვავებით.