ქილებს ჯერ კიდევ ორთქლით ასტერილებთ? თუ მოგბეზრდათ ეს პროცესი, დროა სტერილიზაციის მშრალ მეთოდებზე გადახვიდეთ. მიიხედ-მოიხედეთ – ქილის გასტერილება სამზარეულოს ხელმისაწვდომი ტექნიკით შეგიძლიათ.
ღუმელი
მშრალი სტერილიზაციის ყველაზე სწრაფი მეთოდი ღუმელზე გადის. კარგად გარეცხეთ ქილები, შედგით ცივ ან თბილ ღუმელში. თუ ქილა მშრალია, შეგიძლიათ თავით ქვემოთ მოათავსოთ, თუ სველია – ზემოთ, წყალი რომ აორთქლდეს. ჩართეთ ღუმელი 150 გრადუსზე და გააჩერეთ ქილები 15 წუთით. ამის შემდეგ, გამოიღეთ ქილები და მოათავსეთ საკონსერვო პროდუქტი. თუ ქილები მარაგისთვის გაასტერილეთ, ჩაამხეთ სუფთა პირსახოცზე.
ღუმელის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ტევადობაა. ერთი მისვლით ათობით ნახევარლიტრიანი თუ სამლიტრიანი ქილების გასტერილება შეგიძლიათ.
ღუმელში შეიძლება სავსე ქილების გასტერილებაც. შედგით ღუმელში თავსახურის გარეშე და გაახურეთ 100 გრადუსამდე. სტერილიზაციის მინიმალური დროა 10 წუთი (0.5-ლიტრიანი), 15 წუთი (1-ლიტრიანი). ამის შემდეგ, ფრთხილად გამოიღეთ ქილები და მაშინვე მოხუფეთ გასტერილებული თავსახურებით. ქილები თავდაყირა დააყენეთ გაგრილებამდე.
აეროგრილი
თუ ღუმელი არ გაქვთ, თუმცა გაქვტ აეროგრილი, მოამზადეთ ქილები მისი გამოყენებით. ამ მოწყობილობის მუშაობის ძირითადი პრინციპია ცხელი ჰაერით გახურება, რაც სავსებით მისაღებია როგორც ცარიელი, ისე სავსე ქილებისთვის.
ცარიელი ქილების გასასტერილებლად, მოათავსეთ ისინი ქვედა ბადეზე. მასში 0.5-1 ლიტრის ტევადობის 3-5 ქილა ეტევა. გაასტერილეთ ქილები 150 გრადუსზე 15 წუთით. პროცესის დასრულების შმდეგ, სუფთა ქილები მოიღეთ და მოხუფეთ ჩვეულებრივი გზით.
სავსე ქილის გასასტერილებლად, ჩაალაგეთ ნედლეული ქილებში, დაასხით სიროფი თუ მარინადი ისე, რომ პროდუქტი სრულად დაიფაროს, და შედგით ქილები აეროგრილში თავსახურიანად (ოღონდ მოუხუფავად). ქილები 150 გრადუსზე უნდა გაასტერილოთ, თუ თავსახურს რეზინები აქვს.
სტერილიზაცია უფრო მაღალ ტემპერატურაზეცაა შესაძლებელი, თუმცა, თავსახურის რეზინები უნდა ამოიღოთ და ისინი ჩვეულებრივ მდუღარე წყალში გაასტერილოთ. დამუშავების შემდეგ, ამოიღეთ და მოხუფეთ ქილები. მათი სტერილიზაციის დრო რეცეპტის მიხედვით ვარირებს. რამდენადაც აეროგრილში წნევა იმაზე მაღალია, ვიდრე ტრადიციულ პირობებში, წყლის დუღილის ტემპერატურა 140 გრადუსამდე იზრდება. ამრიგად, პროდუქტის დამუშავების დრო დაახლოებით 30%-მდე მცირდება. მაგალითად, თუ თქვენ მურაბას 40 წუთი ხარშავთ, გრილში 25 წუთი საკმარისი იქნება. რაც უფრო მაღალია დამუშავების ტემპერატურა, მით ნაკლები დრო სჭირდება ამ დამუშავებას. ცხელი ჰაერის მიწოდების სიჩქარე ძალინ მაღალია.
მიკროტალღური ღუმელი
ქილების ამ მოწყობილობაში გასტერილების შესაძლებლობა დღემდე სადავოდ ითვლება. საქმე ისაა, რომ ცარიელი ჭურჭლის ღუმელში მოთავსება არ შეიძლება. მეორე მხრივ, თუ მცირე რაოდენობით საკვების გაცხელებაა საჭირო, ღუმელში დამატებით წყლიან ჭურჭელს დგამენ. იგივე ეხება ცარიელ ქილებსაც.
თუ სუფთა, მაგრამ სველი ქილები გაქვთ, ჩაასხით მათში დაახლოებით 50 მლ წყალი და შედგით მიკროტალღურ ღუმელში. თუ მშრალი ქილები გაქვთ, მათ გვერდით დადგით წყალი შუშის ჭიქით. ქილების სტერილიზებას 2-3 წუთი სჭირდება.
არ დაგავიწყდეთ, რომ ღუმელში არ შეიძლება მეტალის საგნების მოთავსება, ესე იგი, თავსახურები ტრადიციული გზით უნდა გაასტერილოთ.
სავსე ქილების სტერილიზაცია მიკროტალღურ ღუმელში უფრო მარტივია. თავღია ქილები გაავსეთ პროდუქტით და დაასხით მარინადი ან სიროფი. თანაბრად გადაანაწილეთ ქილები ღუმელში, რათა თეფშმა ბრუნვა შეუფერხებლად შეძლოს. გააცხელეთ ქილები დუღილის ტემპერატურამდე და ასტერილეთ 2 წუთით.
შეგიძლიათ, სავსე ქილები შემდეგნაირად გაასტერილოთ ღუმელში: ჩაასხით ცოტაოდენი მარინადი ან სიროფი და დაახურეთ შუშის თავსახურები. 2-3-წუთიანი დამუშავების შემდეგ, გამოიღეთ ქილები, გაავსეთ მდუღარე მარინადით ან სიროფით კიდემდე და სწრაფად მოხუფეთ. ქილები ჩაამხეთ პირსახოცზე, სრულ გაგრილებამდე.