თუ ჯერ კიდევ არ გაგისინჯავთ მამორდიკა, გირჩევთ, ახლავე სცადოთ! ეს ბოსტნეული იცავს ორგანიზმს მრავალი დაავადებისგან, კერძებს აღმოსავლურ არომატს აძლევს ან უბრალოდ ბაღის ეკზოტიკის მოყვარულებს უხარებს გულს.
სასარგებლო თვისებები
ინდური აიუვერდა და ტრადიციული ჩინური მედიცინა ამ მწარე კვახს ძველი დროიდან მიაწერენ სასწაულმოქმედ თვისებებს. საინტერესოა, რომ ბოლო დროს მისით ოფიციალური მედიცინაც დაინტერესდა.
მომორდიკის ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორს, კალიუმს, რკინასა და ბეტა-კაროტინს. მასში აღმოჩენილია ნივთიერებები, რომლებიც აუმჯობესებს ორგანიზმის უნარს, გამოიმუშავოს ინსულინი, რომელსაც კიბოსა და ვირუსის საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს. ექიმები ფიქრობენ, რომ ამ ბოსტნეულისგან შეიძლება შაქრიანი დიაბეტის, კიბოს ზოგიერთი ფორმის, კუჭის წყლულის, ჰერპესისა და აივ-ინფექციის პროფილაქტიკური და სამკურნალო პრეპარატების მიღება.
როგორ მიირთმევენ მომორდიკას
მომორდიკა ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სამზარეულოში. იგი მოჰყავთ და მიირთმევენ ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, კორეაში, ფილიპინებზე, სადაც მას უამრავი სახელი შეარქვეს.
საკვებად ვარგისია მკვახე ნაყოფის მომწარო რბილობი (თესლის გარეშე). დამწიფებისას, ნაყოფში სიმწარე ძლიერდება, თესლის გარშემო კი ჩნდება წვნიანი მოტკბო გარსი. იგი ვარგისია, თუმცა არც ისეთი გემრიელია, რომ ნაყოფი მხოლოდ მის გამო გავზარდოთ. ზოგიერთი აზიური კერძი მომორდიკით ევროპელებისთვის მეტისმეტად თავისებურია და გემოს ბოლომდე ვერ სწვდებიან.
თუმცა, ერთი ვარიანტი ევროპელთა დიდ ნაწილს მოსწონს: მომორდიკისა და სხვა ბოსტნეულის ნაჭრები, სწრაფად შემწვარი ძლიერ ცეცხლზე, ცოტაოდენ ზეთში, ხორცის თხელ ნაჭრებთან და/ან ლაფშასთან ერთად. მომზადების ბოლოს, მასას შეგიძლიათ დაუმატოთ სოიოს სოუსი და ცოტაოდენი შაქარი ან ბულიონი ჩაასხათ და მიიღოთ წვნიანი.
მომორდიკა კერძებს პიკანტურ სიმწარეს მისცემს, ამასთან, იგი დაუჯერებლად სასარგებლოა. ბევრი მეცნიერი იაპონელების სიცოცხლის ხანგრძლივობას სწორედ მომორდიკის კერძებისადმი სიყვარულით ხსნის.