ალოეს სასარგებლო თვისებები და გავრცელებული ხალხური რეცეპტები

1647

დიდი ხანია, ფარმაცევტული და კოსმეტიკური გიგანტები შეიარაღდნენ ალოე ვერას წვენით. ნუთუ, იგი მართლა ამდენად სასარგებლოა? და როგორ გამოვიყენოთ ალოე სწორად საშინაო პირობებში?

ალოესებრთა ოჯახში ორასზე მეტი სახეობა იყრის თავს. სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებით, ხშირად, იყენებენ ხისმაგვარ ალოეს ან ალოე ვერას.

ამ მრავალწლიანი მარადმწვანე მცენარის სამშობლოს სამხრეთი აფრიკა წარმოადგენს. იგი იზრდება ღარიბ ნიადაგზე, როგორც დაბალი ხე ან ბუჩქი, ელოდება იშვიათ წვიმებს და ხორციან ფოთლებში იმარაგებს ყველაფერს, რაც ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის სჭირდება.

როგორც ეკზოტიკურ მცენარეებთან ხშირად ხდება, ჩვენს კლიმატში ალოე ოთახის კულტურადაა ქცეული. ჩვენში საბრს ყველაზე მეტად აფასებენ. დამწვრობის მკურნალობის, ჭრილობების შეხორცებისა და ტკივილის შემცირების უნარის გამო, მცენარე ძველი დროიდან გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ალოეს რეცეპტები ავიცენას ტრაქტატებშიც კი გვხვდება. ხოლო, თუ ისტორიულ ქრონიკებს დავუჯერებთ, ალოეს ხორციანი ფოთლების ფაფით კლეოპატრა თმას უვლიდა.

ალოეს პრეპარატები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სამკურნალოდ

ალოეს პრეპარატებს საფაღარათე, ნაღველმდენი თვისებები აქვს, აძლიერებს საკვების მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, აუმჯობესებს მადას. ხალხური მედიცინა მათ გვირჩევს ქრონიკული გასტრიტის, კუჭის წყლულის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებების, ნაღვლის ბუშტის ანთებისა და ინტოქსიკაციის სამკურნალოდ.

ძველი ხელნაწერებით მოსარგებლე ფარმაცევტებმა ისწავლეს ალოეს ფოთლებისგან წამლის დამზადება. საბური საფაღარათე საშუალებაა, რომელიც აბების, საზელისა და ნაყენის სახით გამოდის. თუმცა, აქ აუცილებელია მცირე დაზუსტება. საფაღარათე ეფექტი უკავშირდება მსხვილი ნაწლავის კედელზე არსებულ სპეციფიკურ ნივთიერებათა გავლენას და მხოლოდ 10 საათის შემდეგ იწყებს მოქმედებას. თუ იჩქარებთ და მეორე დოზას მიიღებთ, შეიძლება ანთება გამოიწვიოთ. ამასთან, ალოეს წვენზე დამზადებული ყველა საფაღარათე პრეპარატის უკუჩვენებაა ბუასილისა და საშვილოსნოს სისხლდენები, ფეხმძიმობა, რადგან  მუცლის ღრუს ორგანოებისკენ სისხლის მოზღვავებას იწვევს.

ალოეს პრეპარატები, რომლებიც ანთებით პროცესებს კურნავს

ალოე ვერას წვენს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს. იგი გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობების, დამწვრობის (გარდა მზის დამწვრობისა), ტროფიკული წყლულის, ფსორიაზის მკურნალობისას. დამტკიცებულია, რომ ალოე ვერას წვენს ბაქტერიოსტატიკური მოქმედება აქვს სტაფილოკოკებთან, სტრეპტოკოკებთან, დიფტერიულ და დიზენტერიულ ჩხირებთან ბრძოლაში.

კომპრესების სახით, მას იყენებენ მჭამელას, ეკზემის, კანის ტუბერკულოზისა და დერმატიტის სამკურნალოდ. შინაგანი მიღების დროს, პრეპარატი აძლიერებს იმუნიტეტს ინფექციური დაავადებებისადმი, ასტიმულირებს აღდგენით პროცესებს დაზიანებულ ქსოვილებში, არეგულირებს თირკმლებისა და საშარდე გზების მუშაობას, რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის დროს. ალოეს გაზავებული წვენით ივლებენ ყელს ანგინისა და ტონზილიტის დროს, ხოლო პირის ღრუს – სტომატიტის დროს, სურდოს სამკურნალოდ, წვენს ცხვირში იწვეთებენ.

ალოეს მზა პრეპარატები

არსებობს ალოეს მზა პრეპარატების მთელი ნაკრები, რომლებიც აფთიაქში რეცეპტის გარეშე იყიდება. ალოეს ნედლი წვენი, დაკონსერვებული სპირტით, ალოეს ლინიმენტი, ალოეს აბები, ალოეს ფოთლების წყლიანი ექსტრაქტი. თითოეული პრეპარატი განკუთვნილია ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის სამკურნალოდ. თუმცა, პრეპარატების გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. თვითმკურნალობა ყოველთვის სახიფათოა.

ალოე და კოსმეტოლოგია

ალოეს წვენში არსებული ლიგნინი ეხმარება ფერმენტებსა და სასარგებლო ნივთიერებებს კანის ღრმა ფენებში შეღწევაში, ასტიმულირებს გაცვლით პროცესებს და აახლებს კანის უჯრედებს. ამ თვისებებს იყენებენ აკნეს სამკურნალოდ და კანის დასაცავად უ.ი.-სხივებისგან, სახის კანის დასატენიანებლად, გამოსაკვებად და დასაცავად.

ალოე კოსმეტიკურ საშუალებებში სამი სახით გამოიყენება: გელი, ზეთი და კონცენტრატი. ეს შეიძლება იყოს მრავალნაირი პროდუქტი: ტონიკი, კრემი, სკრაბი, გელი, საპონი… ალოე ვერა “ახალგაზრდობის ნიღბების” ძირითადი კომპონენტია. დამჭიმავი ეფექტისა და აქტიური კომპონენტების წყალობით, ეს ნიღბები ატენიანებს, აფხიზლებს კანს და დადებითად მოქმედებს მის საერთო მდგომარეობაზე.

საშუალების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ გამოხატული ეფექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ ალოეს კონცენტრაცია 20-80%-ს შეადგენს. რეალურად ეფექტურად ითვლება ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც არანაკლებ 40% აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. როგორც წესი, ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია. საშუალება, რომელიც დაახლოებით 15% ალოეს შეიცავს, მხოლოდ ახალგაზრდა კანისთვისაა ვარგისიანი.

როგორ გამოვიყენოთ ალოე

თუ უბრალოდ მცენარის ფოთლებს აიღებთ და მათგან წვენს დაწურავთ, საჭირო ეფექტს ვერ მიიღებთ. სამკურნალო გამოყენებისთვის, დაგჭირდებათ არანაკლებ 1.5 წლის მცენარე (თვალის წვეთების დასამზადებლად მხოლოდ 5 წლის მცენარე თუ გამოდგება). “მოსავლის” მოკრეფა შეგიძლიათ წლის ნებისმიერ დროს. მცენარეს ატეხენ ქვედა, არანაკლებ 15 სმ სიგრძის ფოთლებს – ისინი ყველაზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. ფოთლებს რეცხავენ, ზედმეტ სითხეს ქაღალდის ხელსახოცით ამშრალებენ და ათავსებენ მაცივარში (2-5 გრადუსზე) 10 დღით. ამის შემდეგ, მათი გამოყენება შეგიძლიათ ისე, როგორც რეცეპტში წერია: დაჭერით წვრილად, დაწურეთ წვენი, გაატარეთ ხორცსაკეპში.

სახის ნიღბები ალოესგან

კანის ფერის გასაუმჯობესებელი ნიღაბი: შეურიეთ ალოეს წვენი და უცხიმო ნაღები 1:1 თანაფარდობით. ნიღაბი დაიტანეთ სუფთა კანზე დილა-საღამოს 15-20 წუთით.

ნიღაბი კანის სიმკრთალის წინააღმდეგ: შეურიეთ 1 ს.კ. ალოეს წვენი, 2-3 ფაფად ქცეული მარწყვი, 2 ჩ.კ. კრაზანის ნაყენი, 1/2 ჩ.კ. ატმის ზეთი. ბამბის ტამპონის გამოყენებით, წაისვით ნარევი სახეზე. 15-20 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ალოეს ნიღაბი სახის კანის ანთების მოსახსნელად: შეურიეთ 2 ს.კ. ალოეს წვენი და 1 კვერცხის ცილა. წაისვით სახეზე საღამოს, სახის დაბანის შემდეგ, 10-15 წუთით. ნარჩენები არ შეინახოთ – ყოველ ჯერზე ახალი ნიღაბი უნდა მოამზადოთ.

ნიღაბი სახის კანის გასაახალგაზრდავებლად: თერმოსში ჩაასხით 90 გრადუსამდე გაგრილებული გადადუღებული წყალი, დაუმატეთ 3 ჩ.კ. ცაცხვის ყვავილები, 2 ჩ.კ. კრაზანა, 2 ჩ.კ. გვირილა, 1 ჩ.კ. ასკილის გამოშრობილი ფოთლები. დააყენეთ 20 წუთით. დაუმატეთ 2 ს.კ. ალოეს წვენი. ჩაალბეთ ნარევში რბილი ნატურალური ქსოვილის ხელსახოცი და დაიდეთ სახეზე 20 წუთით. ნარჩენები გადაასხით მუქი შუშის ფლაკონში და შეინახეთ მაცივრის კარზე არაუმეტეს ორი დღით.

ალოეს ნიღბები თმისთვის

ნიღაბი სუსტი თმებისთვის: შეურიეთ 1 ჩ.კ. ალოესა და 1 ჩ.კ. ლიმონის წვენები, დაუმატეთ 1 კვერცხის გული. შეიზილეთ თმის ძირებში, თავი შეიხვიეთ პირსახოცით. გაიჩერეთ ნიღაბი 30-40 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ დასასრულს მათ გვირილისა და ჭინჭრის ნაყენით გაივლებთ, თმა უფრო მარტივად დაივარცხნება. გაიმეორეთ ეს 5 დაბანისას.

ალოეს ნიღაბი თმის ფოლიკულების გასაძლიერებლად: შეურიეთ 1 ჩ.კ. ლიმონის, 1 ს.კ. სტაფილოსა და 1 ს.კ. ალოეს წვენები, 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი, 1 ს.კ. კონიაკი. წაისვით მასა თმაზე, დაიხურეთ ერთჯერადი უდი და შეიხვიეთ ხაოიანი პირსახოცით. 30 წუთში ჩამოიბანეთ შამპუნით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს