მცენარეების დასამუშავებლად სასუქი და სხვადასხვა ქიმიური საშუალება შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნივთიერებებით, რომლებიც ტრადიციულად მედიცინაში გამოიყენება. მათ ნებისმიერ სახლის აფთიაქში ან სამზარეულოში იპოვით.
წყალბადის ზეჟანგის გამოყენების 7 მეთოდი მებაღეობაში
მებაღეობაში წყალბადის ზეჟანგი პრაქტიკულად ყველგან გამოიყენება: როგორც ფუნგიციდი, ინსექტიციდი, ზრდის სტიმულატორი. შემადგენლობით და თვისებით წყალბადის ზეჟანგი თოვლის ან წვიმის წყალს ჰგავს. ჟანგბადის დამატებითი ატომი როგორც მჟანგავი და აერატორი ისე მოქმედებს, პათოგენურ ბაქტერიებს ანადგურებს და ნიადაგს ამდიდრებს.
- ონკანის წყლით მცენარის მორწყვის დროს წყალბადის ზეჟანგს ქლორის სწრაფად გასაქრობად ამატებენ.
- ზრდის დასაჩქარებლად და ჯანსაღი ნერგის ფორმირებისთვის წყალბადის ზეჟანგით დანამვა ან მორწყვა სასარგებლოა: 1,5-2 ს/კ 3%-იანი ხსნარი 1 ლ წყალზე.
- ნიადაგის დეზინფექციისთვის უფრო კონცენტრირებული ხსნარი გამოიყენეთ – 4-5 ს/კ 1 ლ წყალზე. თუ შედეგად ნიადაგის ზედაპირზე თეთრი ქაფი წარმოიქმნება, მორწყვა შეწყვიტეთ და მხოლოდ დანამეთ.
- ფესვების ლპობის დროს დაზიანებული მცენარე ფოსფორის სასუქის და 3% წყალბადის ზეჟანგის ნარევით (2 ს/კ 1 ლ სასუქზე) კვირაში 2-ჯერ მორწყეთ.
- წყალბადის ზეჟანგი თესლის სადეზინფექციოდ გამოიყენეთ (ანალოგიურად, კალიუმის პერმანგანატი) – ამისთვის 3%-იან ხსნარში 20 წუთით ჩაალბეთ. ასეთი დამუშავება შემდგომში ობის წარმოქმნას შეაფერხებს.
- წყალი წყალბადის ზეჟანგით (1 ჩ/კ 1 ლ წყალზე) კალმის გაფესვიანებას ხელს უწყობს.
- ასევე წყალბადის ზეჟანგით დარგვამდე ქოთანს ან სათბურს დეზინფექციას უკეთებენ.
ყველაფერი იოდის ბაღსა და ბოსტანში გამოყენების შესახებ
მებაღეობაში იოდი (5%-იანი ხსნარი), ძირითადად, დარგვის წინ თესლის დასამუშავებლად და სოკოვანი დაავადებების (ნაცროვანი სოკო, ნაცრისფერი ლპობა, ფიტოფტოროზი) პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. მთავარია დოზირება დაიცვათ: ხშირად 1 წვეთი იოდი 3 ლ წყალზე. თესლი დარგვამდე ხსნარში (1 წვეთი 1 ლ წყალზე) 2-3 საათით ჩაალბეთ.
იოდი მოსავალზე, ნაყოფის ხარისხზე გავლენას ახდენს, ბოსტნეულში C ვიტამინის რაოდენობას ზრდის, ამიტომ მას სასუქად იყენებენ, მაგრამ იშვიათად. ჩვეულებრივ, მცენარეს ამ მიკროელემენტის დიდი რაოდენობით მიღება არ სჭირდება.
რეკომენდებულია, იოდის ხსნარით დანამოთ ან მორწყათ ბოსტნეული (კომბოსტო, პომიდორი, ბადრიჯანი, კიტრი) და მარწყვი. მაგალითად, იოდის ხსნარი (5-10 წვეთი 10 ლ წყალზე) მარწყვის უკეთ ზრდას ხელს უწყობს და დაავადებებისგან იცავს. მცენარე სეზონზე ერთხელ, ყვავილობამდე დანამეთ.
ნაცროვანი სოკოს მკურნალობა და პროფილაქტიკა კიტრისთვის: 10 ლ წყლის, 1 ლ უცხიმო რძის და 10-12 წვეთი იოდის ნარევით დანამეთ.
ფიტოფტოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა: 10 ლ წყლის, 1 ლ რძის შრატის, 40 წვეთი იოდის და 1 ს/კ წყალბადის ზეჟანგის ნარევი.
კალიუმის პერმანგანატის გამოყენების ძირითადი მეთოდი ან რით დაგეხმარებათ კალიუმის პერმანგანატი მებაღეობაში?
როგორც იოდის შემთხვევაში, სწორი დოზირება უნდა გახსოვდეთ: სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით და გამოსაკვებად სუსტი, ღია ვარდისფერი ხსნარი გამოგადგებათ, ხოლო ლპობის და დაინფიცირებული ნიადაგის დროს მუქი ვარდისფერი ხსნარი.
თუ ოთახის მცენარეა დაინფიცირებული, არა მხოლოდ ნიადაგი უნდა მორწყათ, არამედ მცენარე ამოიღოთ, დაზიანებული ნაწილი მოაშოროთ, ფესვები 10 წუთით კალიუმის პერმანგანატის ვარდისფერ ხსნარში ჩადოთ და ახალ ნიადაგში გადარგოთ.
თესლის შესაწამლად 1%-იანი გაჯერებული იისფერი ხსნარი დაგჭირდებათ: 1/3 1 ჩ/კ კალიუმის პერმანგანატი 1 ჭიქა წყალში (ან 1 ჩ/კ 3 ჭიქა წყალზე). თესლი უნაჭრო ტომარაში მოათავსეთ და ხსნარში 20 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ტომრიდან ამოიღეთ და ცივ, ანადუღარ წყალში გარეცხეთ.
კალიუმის პერმანგანატი დაგეხმარებათ შემდეგ დაავადებებთან ბრძოლაში: ნაცროვანი ლპობა მარწყვზე (2 ჩ/კ 10 ლ წყალზე), ნაცროვანი სოკო კენკრის ბუჩქზე (მუქი ვარდისფერი ხსნარი), ხოჭოს ლარვა (დარგვამდე ნიადაგი ხსნარით მორწყეთ – 2 გრ 10 ლ წყალზე). კარტოფილის თესლის მომზადების დროს ძლიერ ხსნარში ახალ ამოთხრილ ტუბერებს რეცხავენ.
სუსტი ხსნარით დასარგავი ქოთანი, სათბური დაამუშავეთ და ინსტრუმენტებს დეზინფექცია გაუკეთეთ.
მდოგვი – დამხმარე საშუალება ბაღსა და ბოსტანში
მდოგვის ფხვნილი სხვადასხვა მავნებლის მოშორებაში დაგეხმარებათ.
ლოქორა და ლოკოკინა: 50 გრ ხმელი მდოგვი 300 მლ წყალში გახსენით, 1 საათით დააყენეთ, წყალში კიდევ 3-4-ჯერ გააზავეთ და მცენარე დანამეთ. ზოგჯერ, ლოქორას დასაფრთხობად, მიწაზე მდოგვის ფხვნილის მოყრა საკმარისია.
ზაფხულის პირველ ნახევარში მდოგვის ხსნარით კენკრის ბუჩქები ხურტკმელის ჩრჩილის და ხერხიას საწინააღმდეგოდ დაამუშავეთ. ამისთვის 100 გრ 10 ლ წყალზე აიღეთ, 2 დღე დააყენეთ, გადაწურეთ, 1:1 წყალში გააზავეთ და ყოველ 10 ლ ხსნარს 40 გრ დიასახლისის საპონი დაუმატეთ. ასეთი ნაყენი ნაყოფიერ ხეებს ჩრჩილისა და მუხლუხოსგან დაიცავს. ხეები ყვავილობის შემდეგ ყოველ 15-20 დღეში დაამუშავეთ. ხსნარი ბუგრს, ბაღლინჯოს და თრიფსს მოგაშორებთ.
კომბოსტოს ბუგრის საწინააღმდეგოდ გამოგადგებათ ნაცრის, თამბაქოს მტვრის, მდოგვის და თხევადი საპნის ხსნარი. 1 ჭიქა თამბაქოს მტვერი და ნაცარი, 1 ს/კ მდოგვი და საპონი აიღეთ და 10 ლ მდუღარე წყალი დაასხით. 1 დღე დააყენეთ.
ჟოლო-მარწყვის ცხვირგრძელას საწინააღმდეგოდ: 200 გრ მდოგვის ფხვნილი 10 ლ წყალზე. კვირტობის ფაზაში დანამეთ (ყვავილობამდე 5-6 დღით ადრე). მეორე თაობის ხოჭოს საწინააღმდეგოდ ამ ხსნარით მცენარე 10-12 დღის შემდეგ დაამუშავეთ.
ნერგებზე ნაცროვანი სოკოს საწინააღმდეგოდ: მდოგვის ნაყენით დანამეთ (2 ს/კ ფხვნილი 10 ლ თბილ წყალზე).
1 ჩ/კ მდოგვის ფხვნილი (ზოგჯერ ¼ 1 ჩ/კ წითელ წიწაკას ურევენ) ბოსტნეულის ნერგის და კარტოფილის დარგვის დროს ორმოს დაუმატეთ, რომ მავნებლები დააფრთხოთ.