ყაბაყის სასარგებლო თვისებები და სამკურნალო რეცეპტები

3963
ფოტო: F_A on flickr

საკრამენტულ კითხვაზე “რა ვჭამო, რომ გავხდე?” არსებობს მარტივი პასუხი: “ყაბაყი”. იგი ჭარბ კილოგრამებს კი არა, მხოლოდ ჯანმრთელობას შეგმატებთ!

ყაბაყის სასარგებლო თვისებები და შემადგენლობა

ყაბაყის შემადგენლობის 90%-ზე მეტს წყალი წარმოადგენს, რისი წყალობითაც ორგანიზმი მას მარტივად ითვისებს. გარდა ამისა, ბოსტნეულის შემადგენლობაშია თითქმის 5% შაქარი (ძირითადად, გლუკოზა), ორგანული მჟავები, ცელულოზა, კაროტინი, A, PP, C, B ჯგუფის ვიტამინები, მინერალური საშუალებები, მათ შორის, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი.

ყაბაყის დაბალკალორიულობა მას იდეალურ კანდიდატად აქცევს განტვირთვის დღეებისა და დიეტისთვის, აგრეთვე, სასარგებლოა სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.

ყაბაყი ცნობილია თავისი მსუბუქი შარდმდენი თვისებებით, რომლებიც  ძალიან სასარგებლოა შეშუპების, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების, ჰიპერტონიის დროს. გარდა ნაყოფის რბილობისა, იგივე თვისებები და მოქმედება აქვს მის ყვავილებს (მათ ასხამენ მდუღარე წყალს). აგრეთვე, ყაბაყი გამოირჩევა ნაღველმდენი თვისებებით და ორგანიზმიდან გამოდევნის მარილებს, ამიტომ ბოსტნეული სასარგებლოა მათთვის, ვისაც სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები, ართრიტი აწუხებს.

ყაბაყს საკვები ბოჭკოები, აგრეთვე უჯრედისი უზრუნველყოფს ორგანიზმიდან შლაკების, ტოქსინებისა და ჭარბი წყლის გამოდევნას, ააქტიურებს საკვების მონელების პროცესებს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და, საერთოდ, დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ტონუსზე. მათთვის, ვისაც საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, ყაბაყი აუცილებელია. გარდა ამისა, ყაბაყის ყვავილების ნაყენი გამოიყენება, როგორც ანტიალერგიული საშუალება.

ყაბაყი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვისაც – შემადგენლობაში კალიუმისა და მაგნიუმის წყალობით. გარდა ამისა, ეს ნივთიერებები სისხლწარმოქმნაზეც დადებითად მოქმედებს. ამ ბოსტნეულის რბილობი აუმჯობესებს კანის მდგომარეობას (C ვიტამინი მონაწილეობს კოლაგენის გამომუშავებაში), იგი სასარგებლოა კბილებისა და თმისთვის, აგრეთვე, აუმჯობესებს მხედველობას (A ვიტამინის დამსახურებით). ყაბაყის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები, აგრეთვე, იმუნიტეტის შენარჩუნებაშიც გვეხმარება.

შესაძლოა, მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლოს ამოხსნამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია, თუმცა, მაინც ითვლება, რომ ყაბაყი ანელებს დაბერების პროცესებს. გარდა ამისა, იგი ცელულიტთან ბრძოლაში თქვენი ერთგული დამხმარე იქნება.

ყაბაყის წვენი

ცალკე ყურადღებას იმსახურებს ყაბაყის წვენი, რომელშიც მთელი მცენარის სასარგებლო თვისებებია თავმოყრილი (პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შარდმდენი). იგი უნდა მომზადდეს ახალი ბოსტნეულით, გემო უფრო ნაზი რომ იყოს. ასეთი საშუალების მთავარი უარყოფითი მხარე ისაა, რომ ძალიან სწრაფად ფუჭდება, ამიტომ იგი მცირე ულუფებად უნდა მოამზადოთ.

ყაბაყის წვენის მიღება მცირე დოზებით უნდა დაიწყოთ – დაახლოებით 1 ს.კ. დღეში, რათა მიეჩვიოთ რაციონში ასეთ “მოზღვავებას”. თანდათან, თუ ორგანიზმი კარგად აღიქვამს ამ საშუალებას, გაზარდეთ დოზა 1 ჭიქამდე, თუმცა ბოლომდე მაინც არ დალიოთ – დაყავით რამდენიმე ულუფად. ყაბაყის წვენს სპეციფიკური გემო აქვს, ამიტომ შეგიძლიათ, თაფლით ცოტათი დაატკბოთ. ასეთი კურსის გავლა შეგიძლიათ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, რის შემდეგაც აუცილებლად უნდა შეისვენოთ, თუნდაც ორი კვირით.

ყაბაყის წვენი სხელს უწყობს ორგანიზმის აღდგენას უხარისხო პროდუქტით მოწამლვის შემდეგ. ორგანიზმიდან ყველა მავნე ნივთიერების გამოსადევნად, მიირთვით თითო ჭიქა წვენი დღეში, 1 კვირის მანძილზე (იმ პირობით, თუ უკვე მიეჩვიეთ ყაბაყის წვენს).

ყაბაყის გამოყენება კოსმეტოლოგიაში

საშინაო კოსმეტიკაში, ჩვეულებრივ, ყაბაყის რბილობი და წვენი გამოიყენება: ისინი არბილებს გაუხეშებულ კანს, აგლუვებს მას, ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას (ისევ და ისევ, ანელებს დაბერების პროცესს).

სახის ნიღაბი

ათქვიფეთ კვერცხის გული, დაუმატეთ 1 ჩ.კ. ყაბაყის წვენი და მოურიეთ. წაისვით მიღებული მასა სახეზე 15-20 წუთით, შემდეგ გაიწმინდეთ ბამბის დასველებული დისკით.

მატონიზებელი ნიღაბი სახის კანისთვის

დახეხეთ ყაბაყის რბილობი, წაუსვით მარლას, დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით. ეს საშუალება გაწმენდს და დაატენიანებს კანს.

ნიღაბი სახისა და კისრის კანისთვის

დახეხეთ ყაბაყი და შეურიეთ 2 ს.კ. მიღებული მასა 1 ს.კ. დანაყულ შვრიას. წაისვით მასა სახესა და კისერზე, 20 წუთში კი მოიწმინდეთ რძით დალბობილი ბამბის დისკით.

ყურადღება! ყაბაყი არ უნდა მიირთვან მათ, ვისაც კუჭის წყლული ან მომატებული მჟავიანობის გასტრიტი აქვს, აგრეთვე, თირკმლის დაავადებების დროს, როცა კალიუმი ორგანიზმიდან რთულად გამოდის (სწორედ კალიუმს შეიცავს ყაბაყი დიდი რაოდენობით). ყაბაყის უმად გამოყენება არ შეიძლება კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ხოლო მისი წვენი არ უნდა მიირთვათ საკვების მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებების გამწვავებისა და კუჭის ლორწოვანის, თირკმლების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთების დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს