როგორ მოვიყვანოთ კიტრი ღია ნიადაგზე, ბაღში

0
1163

ამბობენ, რომ კიტრის საკვებად მოხმარება ადამიანმა ჯერ კიდევ 6 ათასი წლის წინ დაიწყო, ინდოეთისა და ჩინეთის სუბტროპიკულ რაიონებში. მოგვიანებით, კიტრი ევროპაში შემოვიდა. თანაც, დასავლეთევროპელ მოგზაურებს უკვირდათ, რომ სლავ ხალხს კიტრი ყველგან მოჰყავდათ, თანაც ძალიან დიდი რაოდენობით.

კიტრი დღემდე დიდ ადგილს იკავებს ჩვენს სამზარეულოში. თუ ადამიანს აქვს ნაკვეთი, იქ აუცილებლად მოჰყავს კიტრი. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ბოსტნეული გემრიელია როგორც უმად, ისე მარინადში, მწნილში, დაკონსერვებული… კიტრის გარეშე რთულია ზაფხულის წარმოდგენა.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ ამ მწვანე ლამაზმანების დარგვისა და მოყვანის საინტერესო მეთოდს. კიტრის ღია ნადაგზე მოყვანის ტექნოლოგია თავიდან აგაცილებთ ზედმეტ ფაცი-ფუცს და საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ უხვი მოსავალი მცირე ზომის ნაკვეთზეც კი.

კიტრის მოყვანა ღია ნიადაგზე

ბევრი რგავს კიტრს დამწიფებული ნაკელით ან ტორფით შესუქებულ ნიადაგზე… ბოსტნეულს უყვარს ეს ყველაფერი. თუმცა, არსებობს სხვა საშუალებაც – დარგვისას ჭინჭრისა და მრავალძარღვას გამოყენება. უბრალოდ დაუმატეთ ამ ორი მცენარის ნარევი თითოეულ თხრილს და კიტრი თავს შესანიშნავად იგრძნობს.

ჭინჭარი შეიცავს დიდი რაოდენობით მაკრო- და მიკროელემენტებს, რომლებიც კიტრის მოსაყვანად ხელსაყრელ პირობებს ქმნის. რაც შეეხება მრავალძარღვას, იგი მდიდარია კალიუმით, რომელიც ხელს უწყობს ნაყოფის მოსხმას და მას უფრო გემრიელს ხდის. უბრალოდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მრავალძარღვა ფესვის გარეშე უნდა გამოიყენოთ.

ორივე მცენარე წინასწარ უნდა დააქუცმაცოთ. ისინი მიწაში ლპობას დაიწყებს, უზრუნველყოფს კიტრს სითბოთა და სასარგებლო ნივთიერებებით.

თხრილში ჩაყარეთ თითო მუჭა ჭინჭარი და მრავალძარღვა. ასეთი სასუქი თავიდან აგაცილებთ ქიმიური საშუალებების გამოყენების საჭიროებას, რაც იმას ნიშნავს, რომ კიტრი ეკოლოგიურად სუფთა იქნება. ეს სასუქი ნაკელსაც კი სჯობს, რამდენადაც ცხოველებს დღესდღეობით საკმაოდ ხშირად კვებავენ სახიფათო დანამატებით.

შემდეგ თხრილები კარგად მორწყეთ წყლით. მოათავსეთ კიტრი თხრილში და მიაყარეთ მიწა. ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ მოასხით მცენარეს თბილი წყალი, სიცარიელეები მიწით რომ შეივსოს.

ისღა დაგრჩენიათ, ნიადაგი დაფაროთ თივის სქელი ფენით – ამას მულჩირება ეწოდება. ჩვენს შემთხვევაში, გამოიყენება მაღაზიის თივა მღრღნელებისთვის, თუმცა ნებისმიერი სხვა გამოგადგებათ. ეს საშუალებას მოგცემთ, ნიადაგში სითხე შეინარჩუნოთ. აგრეთვე, მულჩის ქვეშ გამრავლდებიან ჭიები და მცენარისთვის სხვა მსგავსი სასარგებლო მიკროორგანიზმები.

ჩვენში კიტრი უყვართ, ეს ფაქტია. ისღა დაგვრჩენია გავიგოთ, თუ რა უყვარს თავად ბოსტნეულს. არსებობს რამდენიმე ნიუანსი, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ კიტრის მოყვანის დროს.

რა უყვარს კიტრს

1. სითბო

კიტრი მაშინ უნდა დათესოთ, როცა ყინვა წარსულს ჩაბარდება, ხოლო ნიადაგის ზედა ფენის ტემპერატურა 14 გრადუსს მიაღწევს. სიცივეში, კიტრი ვერ გადარჩება. ამასთან, უნდა გესმოდეთ, რომ ბოსტნეულის ოპტიმალური ტემპერატურა 28 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს. ოპტიმალური სიმჭიდროვეა 5-7 ბუჩქი 1 კვ.მ.-ზე, რამეთუ მცენარეს მუდმივი განიავება და მზის შუქი სჭირდება.

2. კარგი კვება

კიტრის დარგვამდე, ნიადაგი წინასწარ შესუქებული უნდა იყოს. შეგიძლიათ ნაკელის ან ქათმის სკორეს გამოყენება, აგრეთვე, სპეციალური სასუქების შეძენა ან ჭინჭრისა და მრავალძარღვას გამოყენება, როგორც ზემოთ დავწერეთ.

3. ჭარბი ნესტი

კიტრის ფესვთა სისტემას დიდი რაოდენობით სითხე სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარე იწყებს გამუქებას, მისი ზრდა ნელდება, ფოთლები მკრთალი მწვანე ხდება, თავად ნაყოფს უჩნდება სიმწარე.

კიტრის მოყვანა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. თუმცა, როცა საკუთარი ხელით მოყვანილი ხრაშუნა ბოსტნეულით იტკბარუნებთ პირს, ხვდებით, რომ ეს ამად ღირდა.

მოგიყვანიათ კიტრი ბაღში? რამდენად წარმატებული მოსავალი აიღეთ? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი