მაისის ხოჭოს სახელწოდება მისი გაჩენის დროსთანაა დაკავშირებული. ჩვეულებრივ, ეს მაისში ხდება, თუმცა, შეიძლება მწერი აპრილშიც გამოჩნდეს. თუ გაზაფხული ცივია, ხოჭოს მოსვლის დრო ივნისამდე და ივლისამდეც კი გადაიწევს. თუმცა, ყველაზე მეტად, მცენარეებს მისი მატლები ვნებს.
აუცილებელია ამ მწერის ბიოლოგიური თავისებურებების ათვისება. მაშინ გასაგები იქნება, თუ რატომაა იგი ერთსა და იმავე ნაკვეთზე ერთი წლის მანძილზე მოუშორებელი სტუმარი, ხოლო მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში – უჩინარი.
მაისის ხოჭოს განვითარების ციკლი
რაც უფრო ჩრდილოეთით მდებარეობს თქვენი რეგიონი, მით უფრო დიდხანს მიმდინარეობს მაისის ხოჭოს განვითარების ციკლი. კლიმატური ზონის მიხედვით, ეს ხოჭო 4-6 წელს ცოცხლობს. ზრდასრული ინდივიდების ფრენის პერიოდი ემთხვევა მუხის ფოთლების გაშლის დასაწყისს, არყის ფოთლების მასიურ გაშლასა და ცხვირისატეხელას ყვავილობას. ბუნებრივი საკვების ძიებაში, ხოჭოები მნიშვნელოვან მანძილს ფარავენ ფრენით.
მდედრები კვერცხებს 10-25 სმ-ს სიღრმეში, მიწაში დებენ. მძიმე, ნაკელიან და ქვიან ნიადაგში ეს ხოჭო კვერცხებს არ დებს. მაისის ბოლოს ჩნდებიან პირველი ფაზის მატლები. ისინი იკვებებიან შავი მიწითა და წვრილი ფესვებით.
აგვისტო-სექტემბერში, მატლები 1-1.5 მ სიღრმეში ეშვებიან და იქ იზამთრებენ. გაზაფხულზე უკან ამოდიან და კვებას აქტიურად შეუდგებიან. ასე მეორდება ოთხჯერ, რადგან მესამე ფაზის მატლი, როგორც წესი, არა ერთ, არამედ ორ წელს ცოცხლობს. ყოველ წელს, მატლი სულ უფრო სქელი ფესვებით იკვებება. მესამე ფაზის მატლი მეორე წელს ყველაზე მეტს ჭამს. იგი იზამთრებს, გაზაფხულზე კი ზემოთ ამოდის, იკვებება და ივლისში – აგვისტოს დასაწყისში 20-40 სმ სიღრმეში ჭუპრდება, იწყობს სპეციალურ აკვნებს. ახალგაზრდა ხოჭოები ჩნდებიან შემოდგომაზე, თუმცა არ ამოდიან მიწიდან, იზამთრებენ და მხოლოდ შემდეგი წლის გაზაფხულზე “გვახარებენ”.
ხოჭოებს ორი ფეროვანი რასა გააჩნიათ. შავი შეფერილობის ხოჭოები, ხშირად, 5-6-წლიანი ციკლის, ხოლო წითლიანი – 4-5-წლიანი ციკლის შედეგად ჩნდებიან. ამიტომ, ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს 3-4-წლიანი შესვენებები, როცა მაისის ხოჭოები თითქმის არ გვხვდება, 1 წელს კი მათგან თავს ვერავინ აღწევს.
მაისის ხოჭოთი დაინფიცირების ნიშნები
- ფოთლების შემოჭმული ან დახვრეტილი ზედაპირი, კვირტები, ყვავილები ან წიწვები;
- ზრდაში ჩამორჩენა, მცენარის გაუწყლოება.
იმაში, რომ თქვენს მცენარეს სწორედ მაისის ხოჭო აწუხებს, მცენარეზე მხოლოდ ზრდასრული ხოჭოს ან მატლის აღმოჩენის შემთხვევაში დარწმუნდებით.
პროფილაქტიკური ზომები მაისის ხოჭოს წინააღმდეგ
- ხოჭოების ხელით მოშორება: ამისთვის უამრავი დრო და ბევრი მუშა ხელი დაგჭირდებათ. მაისის ხოჭოებს ფერთხავენ ხეების კენწეროებიდან ქვეშ დაგებულ ქსოვილზე, დილას ან საღამოს, როცა ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსს არ აღემატება. დაჭერილ ხოჭოებს ანადგურებენ. ეს პროცედურა მაისის ხოჭოს აქტივობის პერიოდში რეგულარულად უნდა ჭტარდეს, რითაც მდედრებს შთამომავლობის დატოვების შესაძლებლობას მოუსპობთ;
- მატლების განადგურება ნიადაგის დაბარვის დროს: დაბარვისთანავე, შეუშვით ნაკვეთზე ქათმები – მათ ნამდვილად არ გამოეპარებათ მატლები, რომლებიც თქვენი თვალისთვის უხილავია;
- თავისუფალ ნაკვეთზე, რიგებს შორის, თხრილებზეც კი, მოსავლის აღების შემდეგ, დარგეთ მდოგვი, რაფსი ან მსგავსი რეპელენტური მცენარეები ჯვაროსანთა ოჯახიდან. მაგალითად, ნერგების პერიმეტრზე შეგიძლიათ თალგამის ან მურნეპსის დარგვა. ისინი აშინებს ხოჭოებს.
- მოაშორეთ ნაკვეთიდან სარეველები – ისინი ხოჭოების ძირითად საკვებ წყაროს წარმოადგენს;
- ნიადაგის მულჩირება ხის ნახერხით, დაბეგვილი მერქნებით: მულჩა ხელს შეუშლის ხოჭოებს ნიადაგში ჩაღწევისას;
- ნიადაგის, კომპოსტის, ნეშომპალას შემოწმება ნაკვეთზე შეტანამდე: სწორედ მათთან ერთად შეგვაქვს მატლები ნაკვეთზე.
ხაფანგები მაისის ხოჭოს წინააღმდეგ
ნებისმიერ შესაფერის ჭურჭელში დააყენეთ ჭრაქი. ჭურჭლის შიდა ზედაპირს წაუსვით მწერების საწინააღმდეგო წებო ლიპოფიქსი ან სოლიდოლი. დაკიდეთ ხის კენწეროზე ან მის ქვეშ, მიწაზე.
ორლიტრიან პლასტმასის ბოთლს გადაჭერით ზედა ნაწილი (ყელი 5-7 სმ სიგრძეზე). კედლებზე გააკეთეთ ხვრელები და გაატარეთ თასმები. მიღებულ ჭურჭელში ჩაასხით ბურახი ან მურაბა, გაზავებული წყალთან, და დაკიდეთ ხის კენწეროზე.
ხაფანგები პერიოდულად შეამოწმეთ და გააცარიელეთ.
მცენარეული ნაყენები, ნახარშები და ხსნარები მაისის ხოჭოს წინააღმდეგ
- მორწყეთ ნიადაგი მთელი ვეგეტატიური პერიოდის მანძილზე ხახვის კანის ნაყენით. 1/3 სათლ ნედლეულს დაასხით წყალი პირთამდე და დააყენეთ 5 დღით. მიღებული ნაყენი გააზავეთ 1:1 წყალთან;
- 200 გ მსხვილი მარილი და 2 ს.კ. ნიშადურის სპირტი გააზავეთ 1 სათლ წყალში, მარილის სრულად გახსნამდე, და მორწყეთ ნაკვეთი;
- ბერძნული კაკლის ფოთლების ნაყენი: 300-400 გ ნედლ ფოთლებს დაასხით 10 ლ თბილი წყალი და დააყენეთ 1 დღით;
- გამოიყენეთ მარგანცოვკის ხსნარი (5 გ 1 ლ წყალზე).
აქტიური ბრძოლა მაისის ხოჭოსთან
მცენარეების ხოჭოს მატლისგან დასაცავად, რეკომენდებულია მხოლოდ გრანულირებული პრეპარატი ვალარი. იგი გამოიყენება ნერგების ფესვების ამოსავლებად, ნარგვამდე (გამოყენების დოზაა 8 გ 1 ლ-ზე). შეგიძლიათ პრეპარატი ხელმეორედ 25-30 დღის შემდეგ გამოიყენოთ, მცენარის ნიადაგში ჩარგვის შემდეგ.
პრეპარატის პირველ გამოყენებამდე, გამოსცადეთ იგი ერთ მცენარეზე. თუ 1 დღის მანძილზე მცენარის მდგომარეობა არ გაუარესდა, შეგიძლიათ წამალი სხვა ამავე სახეობის მცენარეზეც გამოიყენოთ.