იშვიათად შეხვდებით მიწის ნაკვეთს, რომელზეც სტაფილო არაა დარგული. თუმცა, მოსავალი ყოველთვის სახარბიელო არ მოდის. სტაფილო ტკბილი, ხრაშუნა, გემრიელი რომ იყოს, დაიცავით ეს რამდენიმე წესი.
სტაფილოს დათესვა თხრილებში
სტაფილოს თესლი ნელა ღვივდება, დათესვიდან მორჩების გაჩენამდე 2 კვირა გადის, ცივ ამინდში კი უფრო მეტია საჭირო. გაღვივებას ხელს უშლის თესლის შემადგენლობაში არსებული ეთერზეთები. პროცესის დასაჩქარებლად, თესლი ჩაალბეთ 1 დღით წყალში, რომელიც რამდენჯერმე უნდა გამოცვალოთ. შემდეგ გამოაშრეთ და დათესეთ.
სტაფილოს მორჩები სარეველებში რომ არ დაგეკარგოთ, თითოეულ თხრილში, სტაფილოსთან ერთად, დათესეთ სალათი, ისპანახი ან ბოლოკი. ისინი სწრაფად გაღვივდება და მკვეთრი ფოთლები ორიენტირებაში დაგეხმარებათ.
სტაფილოს თესლი საკმაოდ წვრილია. თხრილებში იგი თანაბრად რომ გადაანაწილოთ, თითო თესლი დააწებეთ ქაღალდის ლენტზე, შეურიეთ ქვიშას ან გამოიყენეთ სხვა მეთოდი. გამოგადგებათ ნებისმიერი ხერი, მთავარია, არ დაივიწყოთ ნორმის შესახებაც: ტაფილო ითესება შემდეგი გათვლით: 0.5 გ 1 კვ.მ. მიწაზე, 1.5-2 სმ სიღრმეში, ქვიშიან და მსუბუქთიხიან ნიადაგებში, ხოლო ტორფიანში – 3 სმ სიღრმეში. დათესვის შემდეგ, ნიადაგი ცოტათი უნდა დაიტკეპნოს, ფრთხილად შეაშხეფოთ წყალი და მოაყაროთ მშრალი ტორფი.
სტაფილოს მოვლა
სტაფილო პრეტენზიულია მორწყვის მიმართ, თუმცა, ვერ იტანს ნიადაგში წყლის შეკავებას. საჭიროა ზომიერი, თუმცა რეგულარული მორწყვა – კვირაში არანაკლებ ერთხელ, 1-2 სათლი 1 კვ.მ. ახალგაზრდა მცენარეები უფრო ხშირად, თუმცა ნაკლებად უხვად უნდა მორწყოთ. წყალი არ უნდა შეკავდეს ან ჟონავდეს თხრილიდან. სასურველია, მორწყოთ 2-3 მისვლად და შეამოწმოთ, რა სიღრმეზე ჩააღწია წყალმა. ნიადაგის ზედაპირი ნაკლებად რომ გამოშრეს, მორწყვის შემდეგ გააფხვიერეთ რიგებსშორისი ინტერვალები.
როგორ ვებრძოლოთ სტაფილოს ბუზს?
სტაფილოს ბუზთან ბრძოლაში დაგეხმარებათ წიწაკის ნაყენი: 1 ს.კ. დანაყულ ცხარე წიწაკას ხსნიან 10 ლ წყალში. შეგიძლიათ, ერთად დარგოთ სტაფილო, ხახვი და ნიორი – მათი სუნი აშინებს მავნებელს. დაუყოვნებლივ მოაშორეთ სტაფილოს გადატეხილი ან დამპალი ღეროები, სუნმა ბუზი რომ არ მოიზიდოს, თხრილებს კი მიაყარეთ მიწა.
სტაფილოს კარგი წინამორბედებია კარტოფილი, პომიდორი, ხახვი, კიტრი და კომბოსტო. არ დარგოთ იგი ნიახურის, კამისა და სხვა ქოლგისებრთა ოჯახის წარმომადგენლის, ასევე, ლობიოს შემდეგ. სტაფილოს წინა ადგილზე დაბრუნება არანაკლებ 5 წლის შემდეგ შეიძლება.