როგორ მოვიშოროთ სარეველა მარიამსხალა ნაკვეთიდან

0
283

ჩვეულებრივი სიტყვა “მარიამსხალა” ჟრუანტელს გვრის მიწის ნაკვეთის ნებისმიერ მფლობელს. ეს სიმპათიური თაფლოვანი მცენარე, წვნიანი მწვანილითა და თეთრი ქოლგისებრი ყვავილედებით, დაუძინებელი სარეველა გახლავთ, რომელიც ნაკვეთზე ჰაერიდან ჩნდება და მომენტალურად იქცევა ნამდვილ ოკუპანტად. როგორ მოვიშოროთ იგი საკუთარი მიწის ნაკვეთიდან?
მარიამსხალა იზრდება ყველაზე მოვლილ ბაღებსა და ნაკვეთებშიც კი და ხშირად რთულია იმის გაგება, თუ საიდან გაჩნდა ნაკვეთზე ეს მცენარე, ამიტომ მებაღეები მას დაუძინებელ მტრად მიიჩნევენ.

საიდან ჩნდება ნაკვეთზე მარიამსხალა?

მარიამსხალა, უპირველეს ყოვლისა, ჩნდება იმ ნაკვეთებზე, რომლებიც ემეზობლება ტყესა და ნესტიან, ჭაობიან ადგილებს – იგი ჩრდილამტანი და სითხის მოყვარულია. მარიამსხალას თესლი თქვენს ნაკვეთზე ველური ბუნებიდან შემოდის, თვითონ მცენარე კი თავს შესანიშნავად გრძნობს ბაღის ნაყოფიერ ნიადაგში და საკმაოდ სწრაფად მრავლდება, რა დროსაც მეზობელ ნაკვეთებში გადადის. აი, თუ ნაკვეთი ემეზობლება მოუვლელ ბაღს ან საერთოდ მიტოვებულ ნაკვეთს, მცენარე მთელი სამეზობლოსთვის წყევლად იქცევა, რამდენადაც სარეველა იქედან კვლავ და კვლავ მოვა. მარიამსხალა ნაკვეთზე შეიძლება მოხვდეს ნიადაგთან ერთადაც – იგი შესანიშნავად მრავლდება ფესურების ნაწილაკებისგან.

აღნიშნულია, რომ მარიამსხალას არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები. პირდაპირ მზეზე იგი აგებს კონკურენციას კულტურულ მცენარეებთან (მაგალითად, გაზონის ბალახებთან) და თითქმის არ ვითარდება, ჩრდილში კი მარტივად იკავებს ყველა ხელმისაწვდომ ტერიტორიას და ავიწროვებს სხვა მცენარეებს.

როგორ მოვიშოროთ სარეველა?

ამ მომაბეზრებელ მცენარესთან ბრძოლის სულ რამდენიმე საშუალება არსებობს. მათი გამოყენება შეგიძლიათ კომპლექსურად.

1. ნიადაგის დაბარვა ფიწლით და ფესურების საგულდაგულო ამორჩევა

ნიადაგის ნიჩბით დაბარვისას, თქვენ მხოლოდ ხელს უწყობთ მარიამსხალას გავრცელებას, რამდენადაც თითო ფესურას რამდენიმე წილად ყოფთ, ისინი კი მომავალში ახალ მრავალრიცხოვან შთამომავლობას მოგცემთ. ფიწლით მუშაობა ამას თავიდან აგაცილებთ და შეგაძლებინებთ, ფრთხილად ამოარჩიოთ მარიამსხალას ფესურა მთლიანად.

2. მცენარის გამოფიტვა

საქმე ისაა, რომ ნებისმიერ მცენარეს, ცხოველქმედებისთვის ესაჭიროება ფოთლები, მათი განვითარებისთვის რესურსები კი ფეზსურებშია თავმოყრილი. თუ ზედა ნაწილს 1-2 სეზონის მანძილზე არ მისცემთ განვითარების საშუალებას, მარიამსხალა, დიდი ალბათობით, დაიღუპება. ამიტომ, ჩვევად დაისახეთ მცენარის გადაჭრა მაშინვე, როგორც კი მიწაზე პირველი მორჩები გაჩნდება. გამოცდილი მებაღეები გვირჩევენ სარეველების მოგლეჯას ბასრი თოხით ან ნამგლით, რა დროსაც უნდა გაანადგუროთ არამხოლოდ ფოთლები და ღეროები მიწის დონეზე, არამედ მათი ზრდის წერტილიც, რომელიც მიწაში 1-2 სმ-ზე მდებარეობს. მეთოდი, რა თქმა უნდა, გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ მარიამსხალას სამუდამოდ მოიშორებთ: მას აუცილებლად დარჩება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მოვიდეს ნაკვეთის გარედან, ამიტომ ეს სამუშაო მუდმივად უნდა შეასრულოთ. სამაგიეროდ, სარეველა კონტროლის ქვეშ გეყოლებათ და არ მისცემთ ნაკვეთის გადავსების საშუალებას.

3. ჰერბიციდები მარიამსხალას წინააღმდეგ

თუ ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები არაა ეფექტური ან არ გაქვთ სარეველებთან სისტემატიურად ბრძოლის შესაძლებლობა, უნდა მიმართოთქიმიურ საშუალებებს. მარიამსხალა ჰერბიციდებით უნდა დაამუშავოთ აყვავებამდე: თუ მცენარემ მოასწრო თესლის გამოღება, სარეველების მეორე თაობა მომდევნო წელს გარანტირებული გაქვთ, რამდენადაც ჰერბიციდები თესლზე ვერ მოქმედებს. ეფექტური საშუალებაა ფართოდ გავრცელებული ჰერბიციდი “რაუნდაპი”. ამ ჰერბიციდის, როგორც სხვა ნებისმიერის, ნაკლია ტოქსიკურობა, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დაამუშავოთ ნაკვეთი, რომელზეც ნაყოფიანი კულტურებია დარგული. თუ სარეველა გაზონზე ან დეკორატიული კულტურების გვერდითაა, გამოყენებისას უკუჩვენებები არ არის. მთავარია, მკაცრად დაიცვათ ინსტრუქციები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გამოიყენოთ.

როგორ დავიცვათ ნაკვეთი მარიამსხალასგან?

თუ ნაკვეთის გარეთ მარიამსხალა არის, თუმცა თქვენს ნაკვეთზე ჯერ არ შემოუღწევია, მიიღეთ შემდეგი პრევენციული ზომები:

  • ნაკვეთის პერიმეტრზე “დამცავი სარტყლის” ორგანიზება მზისგან კარგად გახურებადი გაზონით – ითვლება, რომ ეს სერიოზული დაბრკოლებაა მარიამსხალასთვის, ნაკვეთზე შემოსაღწევად. პრაქტიკაში, მებაღეები ხაზს უსვამენ, რომ საშუალება ყოველთვის ეფექტური არაა;
  • ნაკვეთის პერიმეტრზე შიფერის, განიერი ბაღის ლენტის ან მეტალის ნაჭრების ჩაფლობა – ანუ, მექანიკური დაბრკოლების შექმნა მარიამსხალას “მხოხავი” ფესვებისთვის. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფესვები ნიადაგში 40 სმ-მდე სიღრმეში აღწევს;
  • ნიადაგის მულჩირება, განსაკუთრებით კი მრავალწლიანი მცენარეებისა და ჩრდილში დარგული კულტურების ქვეშ. ამისთვის ნებისმიერი მასალა გამოგადგებათ, იქნება ეს თივა, მუხის ქერქი თუ ნახერხი. მთავარია, მან დაიცვას ნიადაგი შუქისგან: სიბნელეში, როგორც უკვე ვთქვით, მარიამსხალა არ იზრდება. მეყვავილეებისთვის ივარგებს დაქუცმაცებული ქერქი, თხილის ნაჭუჭი და სხვა.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი