სწორი აგროტექნიკის დაცვის შემთხვევაში, იორდასალამი ერთსა და იმავე ადგილას, გადაურგველად, 50 წელზე მეტს იცოცხლებს.
ბალახოვანი იორდასალამი ძალიან დიდხანს ცოცხლობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბაღში პირველივე დარგვისას შეურჩიოთ შესაფერისი ადგილი. იორდასალამი უპირატესობას ანიჭებს მზიან ადგილებს, რომლებიც ქარისგან დაცულია. უმჯობესია, ბუჩქები ისე განათავსოთ,რომ ხეები და ბუჩქები იცავდეს მათ ქარისგან, თუმცა, არც ისე ახლოს იყოს, რადგან იორდასალამის ფესვთა სისტემა სიღრმესა და გვერდებზე 70-90 სმ-ით მიდის.
არ შეიძლება იორდასალამის დარგვა დაბალ, ნესტიან ადგილებში: წყლის შეკავება იწვევს ფესურების ლპობასა და მცენარის დაღუპვას. არაა რეკომენდებული ბუჩქების დარგვა სახლთან ახლოსაც, რამდენადაც კედლები ასხივებს სითბოს, გადახურება კი იორდასალამისთვის დამღუპველია. თუ მაინც გინდათ მისი ფანჯრების წინ დარგვა, ფუნდამენტს არანაკლებ 1.5-2 მეტრით მაინც უნდა დააშოროთ.
იორდასალამი კარგად იზრდება ნებისმიერ ნიადაგში, რომელიც მდიდარია საკვები ნივთიერებებით, თუმცა, მათთვის საუკეთესოა თიხნარი. მძიმე, თიხიან ნიადაგს აუცილებლად დაუმატეთ ტორფი, ქვიშა, ნეშომპალა. ქვიშიან ნიადაგს დაუმატეთ ტორფი, თიხა და ნეშომპალა.
ყვავილი ცუდად იზრდება მხოლოდ ტორფიან ნიადაგში, ამიტომ, დარგვამდე დაუმატეთ მას ქვიშა, ხის ფერფლი და ორგანული სასუქები.თუ ნაკვეთზე გრუნტის წყლები ზედა ფენებშია, აუცილებლად გააკეთეთ დრენაჟი. დასარგავი თხრილის ფსკერზე დაყარეთ დამსხვრეული აგური ან მსხვილი ქვიშა, 20-25-სანტიმეტრიან ფენად.
იორდასალამის მოსაყვანად ნიადაგის ოპტიმალური მჟავიანობაა 6-6.5 pH.
დარგვის სიღრმესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ფესვის ყველაზე ზედა კვირტი ნიადაგის დონიდან 3-5 სმ-თი ქვემოთუნდა იყოს. ყველაზე ზედაპირული ან, პირიქით, ყველაზე ღრმა ნარგავი მომავალში ცუდად აისახება მცენარის ყვავილობაზე.
უფრო მსხვილი ყვავილები მიიღება ამ მარტივი ხრიკის გამოყენებით. იორდასალამი, ჩვეულებრივ, ერთ ყუნწზე 3-5 კვირტს იკეთებს. თუ გვერდითა კვირტებს მოწყვეტთ, ყველაზე დიდს კი დატოვებთ, მიიღებთ მსხვილ ყვავილებს.
გაითვალისწინეთ, რომ, თუ ყვავილობის დროს ან მის შემდეგ არ იყო წვიმები ან არ რწყავდით საკმარისად, სრულყოფილ ყვავილობას შემდეგ წელს ვერ მიიღებთ. არ დაუშვათ ნიადაგის გამოშრობა, თუ ბაღში იშვიათად შედიხართ, მოაყარეთ ბუჩქის გარშემო მულჩა – ნახერხი, თხილის ნაჭუჭი ან სხვა.