შავი მოცხარი სასარგებლო კენკრაა, რომელიც ტკბილი მომჟავო გემოს გარდა სასარგებლო თვისებების ნაკრებს შეიცავს. რა უნდა ვთქვათ, თუ ლიმონზე 5-ჯერ უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს. გასაოცარი არაა, რომ მოცხარის სასარგებლო თვისებებით და გემოთი სიამოვნების მიღება არა მხოლოდ ივნისი-ივლისის პერიოდში, არამედ მთელი წელი გვსურს.
დიასახლისები შესანახად მოცხარს შაქარში ურევენ ან ჯემებს აკეთებენ. „პაპარაცი“ გირჩევთ კენკრა სხვა მხრიდან გაიცნოთ და შავი მოცხარის შინაურული ღვინო მოამზადოთ. ასეთი გემრიელი სასმელი მაღაზიაში ნაყიდს ბევრად სჯობს. ამასთან ძვირფასი სტუმრების გაოცებას შეძლებთ.
შინაურული ღვინო მოცხარით
ინგრედიენტები
- 10 კგ მოცხარი
- 5 კგ შაქარი
- 15 ლ თბილი წყალი
მომზადება:
1. პირველ რიგში მოცხარი მოამზადეთ. კენკრის გარეცხვა არ შეიძლება, რადგან ასე დუღილისთვის აუცილებელი საფუარის ჩამორეცხვის რისკი არსებობს. უბრალოდ ნაგავი, მწვანე და დამპალი კენკრა მოაშორეთ. შემდეგ მოცხარი ხელით დაჭყლიტეთ.
2. დაჭყლეტილი მოცხარი ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ, სადაც ღვინისთვის ჩენჩოს ფერმენტაცია მოხდება. ჩვენ ამ მიზნით ჩენჩოს დიდ პლასტმასის კასრში ვყრით.
3. ნახევარი შაქარი (2,5 კგ) ოდნავ თბილ წყალს დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ჩენჩოთი სავსე კასრში ჩაასხით, აურიეთ. მარლა დააფარეთ, რომ მწერებისგან დაიცვათ. ჭურჭელი ბნელ და თბილ შენობაში (22-25 გრადუსი) გადაიტანეთ და დუღილისთვის 3-4 დღე გააჩერეთ.
4. არ დაგავიწყდეთ, დღეში 1-2-ჯერ ფრთხილად შეანჯღრიეთ, რომ კენკრა არ დამჟავდეს. თუ ღამით სიცივეა, ოპტიმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად ჭურჭელი შეფუთეთ.
5. როცა რამდენიმე დღეში შემადგენლობა მკრთალ ფერს მიიღებს, ჩენჩო შეგიძლიათ გადაყაროთ. ამისთვის საწური ან მარლა გამოიყენეთ და სითხე კარგად გაწურეთ.
6. ახლა სითხე მოათავსეთ ჭურჭელში, სადაც დუღილის პროცესი გაგრძელდება. სჯობს მინის ბოთლები გამოიყენოთ. აღსანიშნავია, რომ ღვინო მინის ჭურჭლის 75%-ზე მეტს არ უნდა იკავებდეს, რომ გაზებისა და დუღილის სხვა პროდუქტებისთვის ადგილი დარჩეს.
7. კიდევ 0,5 კგ შაქარი დაუმატეთ. ამისთვის ცოტა წვენი ამოიღეთ, მასში შაქარი გახსენით და კვლავ უკან ჩაასხით.
8. წყლის დამბლოკველი დააყენეთ. შეგიძლიათ ხელთათმანი გამოიყენოთ, წინასწარ რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ. ჭურჭელი 18-25 გრადუსის მქონე ოთახში 30-50 დღეში დადგით. თუმცა ღვინოს დუღილი უფრო დიდხანს შეიძლება.
9. თუ დუღილის პროცესი არ იწყება და ხელთათმანი არ იბერება, ბოთლში შეგიძლიათ 8-10 ცალი გაურეცხავი ქიშმიში დაუმატოთ, რაც დუღილის დაწყებას ხელს შეუწყობს.
10. წყლის დამბლოკველის (ან ხელთათმანის) დაყენებიდან 5 დღის შემდეგ წვენის ნაწილი ცალკე ჭურჭელში გადაიტანეთ. წვენი ოდნავ გააცხელეთ (ცხელი რომ არ იყოს) და მასში 1 კგ შაქარი გახსენით. შემდეგ მიღებული სიროფი უკან ბოთლში ჩაასხით. კვლავ ხელთათმანი დააფარეთ.
11. 10 დღის გასვლის შემდეგ ჩვენ მიერ ნაჩვენები მეთოდით დარჩენილი შაქარი დაუმატეთ. გახსოვდეთ, რომ შაქარი ღვინოს უფრო ძლიერს ხდის, თუმცა მისი დამატება მხოლოდ დუღილის დასრულებამდე შეგიძლიათ. თუ მოგვიანებით დაუმატებთ, ღვინის ნაცვლად კომპოტის მსგავს სითხეს მიიღებთ.
12. როცა 30-50 დღის შემდეგ ხელთათმანი „დაიჩუტება“, ეს იმას ნიშნავს, რომ საფუარმა შაქარი მთლიანად გადაამუშავა და აქტიური დუღილის პროცესი დასრულდა. ღვინო სუფთა ჭურჭელში გადაასხით და სარდაფში შეინახეთ – დაე, სიძლიერე მოიკრიბოს.
13. დროთა განმავლობაში ბოთლის ძირში ნალექი გაჩნდება. გირჩევთ ღვინო ყოველ 20-25 დღეში გაფილტროთ. შემდეგ ნალექი სულ უფრო იშვიათად გაჩნდება და ფილტრაციის პროცედურა შეგიძლიათ ხშირად აღარ გააკეთოთ.
14. როცა ნალექი აღარ წარმოიქმნება, ღვინო შეგიძლიათ მზად ჩათვალოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მისი დალევა დაიწყოთ. ჩვენს შემთხვევაში ღვინის სრულ მომზადებას 1 წელი დასჭირდება. სასმელის სიძლიერე 12%-ს შეადგენს.
ეს ჯადოსნური სასმელი ახალგაზრდულად ითვლება, ამიტომ მკურნალები გირჩევენ უფრო დიდხანს შეინახოთ, რადგან მისი გემო და ხარისხი უფრო უკეთესი გახდება. თუმცა ყველფერი თქვენს სურვილსა და მოთმინებაზეა დამოკიდებული.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.