თაფლიანი ბისკვიტის რეცეპტს ვინმე გენიოსი თუ მოიგონებდა, რადგან იგი მზადდება ყველაზე ელემენტარული ინგრედიენტებისგან, გამოდის ჰაეროვანი, აქვს თაფლის ნაზი გემო. იგი დაგავიწყებთ მაღაზიის კექსებისა და ორცხობილების შესახებ და საშუალებას მოგცემთ, დატკბეთ საკუთარი უგემრიელესი ტკბილეულით.
ჩვენი რედაქცია გჩუქნით ამ დიდებულ რეცეპტს, რომელიც აუცილებლად უნდა დაიზეპიროთ. ქვემოთ მოგიყვებით იმასაც, თუ რომელი კრემები უხდება ამ თაფლის ბისკვიტს, მანამდე კი მის მომზადებას გასწავლით.
თაფლიანი ბისკვიტი კეფირზე
ინგრედიენტები:
- 2 კვერცხი
- 120 გ თაფლი
- 120 მლ კეფირი
- 160 გ ფქვილი
- 100 გ ნიგოზი ან ბერძნული კაკალი
- 50-100 გ შაქარი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 1/4 ჩ.კ. მარილი
მომზადება
- მოსახერხებელ ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ 50 გ შაქარი (შეიძლება ასიც, თუ ტკბილი გიყვართ), ათქვიფეთ მიქსერით 2-3 წუთის განმავლობაში, სანამ მოცულობა არ გაიზრდება.
- ახლა დაუმატეთ თაფლი და სოდა. შენიშვნა: გამოიყენეთ თხევადი თაფლი. თუ ასეთი არ გაქვთ, შეათბეთ სქელი თაფლი. არც სოდას სჭირდება ჩაქრობა.
- ათქვიფეთ ყველაფერი ერთად კიდევ 1-2 წუთით, შემდეგ დაუმატეთ კეფირი, ფქვილი და ბლენდერში დაქუცმაცებული თხილი. კარგად მოურიეთ ცომს.
- შემდეგი ეტაპი: ღუმელისთვის მომზადება. აქ რთული არაფერია. აიღეთ საცხობი ფორმა და წაუსვით კარაქი, შემდეგ ჩაასხით მასში ცომი და გაათანაბრეთ, ლამაზი რომ გამოვიდეს.
- თაფლის ბისკვიტი ცხვება 40-45 წუთით, წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
მზადაა! აქ უკვე გაჩერებაც შეიძლება: ასეთი ბისკვიტი ცარიელიც გემრიელია. ხოლო თუ მას დაჭრით და, მაგალითად, წაუსვამთ კარაქს, ჩაისთვის შესანიშნავ დასაყოლებელს მიიღებთ. ჩვენ კი გთავაზობთ შემდეგს:
კეფირის ბისკვიტი კრემით
თაფლის ბისკვიტი უხდება სხვადასხვა კრემს. შეგიძლიათ გამოიყენოთ მოხარშული კრემიც, თუმცა ეს სულ სხვა გემოა და ფუმფულა ტორტს უფრო უხდება. ჩვენ გთავაზობთ, არ დაკარგოთ დრო და გამოიყენოთ მაქსიმალურად სწრაფი და უბრალო გულსართი. ჩვენი აზრით, არაჟნის კრემი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. თანაც, შეგიძლიათ შესქელებული რძის გამოყენებაც.
ინგრედიენტები არაჟნის კრემისთვის
- 200 გ ცხიმიანი, არამჟავე არაჟანი (30%-ზე ზემოთ)
- 1/4 ჭიქა შაქრის პუდრა
- 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
უბრალოდ ათქვიფეთ ყველაფერი ბლენდერით, ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. არსებობს რამდენიმე ნიუანსი: არაჟანი მომზადებამდე უნდა გაგრილდეს, შაქრის ნაცვლად კი უნდა გამოიყენოთ პუდრა, რადგან იგი უფრო სწრაფად იხსნება. კრემის დიდხანს თქვეფაც არაა საჭირო. როგორც კი შენიშნავთ, რომ იგი ერთგვაროვანია, გამორთეთ მოწყობილობა.
კრემის წასმის შემდეგ, ნუ დაელოდებით ბიკსვიტის გაჟღენთას, იგი ისედაც საკმარისად რბილია. შეგიძლიათ, უბრალოდ ჰორიზონტალურად გაჭრათ ორ ნაწილად, წაუსვათ კრემი და ერთმანეთს დაადოთ. მზადაა! სხვათა შორის, თუ თვლით, რომ ბისკვიტისთვის კარგი იქნება მაცივარში რამდენიმე საათის გატარება, არ მოგერიდოთ. გემრიელად მიირთვით!
გისურვებთ კარგ განწყობასა და ხშირ ჩაის სმებს, ჩვენს ბისკვიტთან ერთად. აუცილებლად გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში.